კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარიUncategorizedეკონომიკა, დემოკრატია, რუსეთი და საქართველო

ეკონომიკა, დემოკრატია, რუსეთი და საქართველო

ეკონომიკა, დემოკრატია, რუსეთი და საქართველო:

არსებობდა ილუზორული მოსაზრებები, რომ “ჩვენ ძველი ქრისტიანი ერი ვართ” ან “ჩვენ ძველი ევროპული ცივილიზაცია ვართ” და ამიტომ საქართველოში ავტორიტარული სახელმწიფო ვერ შეიქმნება. სინამდვილეში, ჩვენი თანამედროვე სახის (გნებავთ ერის) ფორმირება 1860-იან წლებში დაიწყო, 1921 წლიდან გამრუდდა და საბოლოოდ საბჭოთა დროს ჩამოყალიბდა.

შესაბამისად, პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში ნოყიერი ნიადაგია ავტორიტარული მმართველობისთვის. საქართველოს ბოლო 30 წლის ყველა მმართველი სიამოვნებით დაამყარებდა განგრძობად დიქტატურას, რომ არა ორი ფაქტორი: 1. დიქტატურას სჭირდება თვითკმარი შიდა რესურსები, როგორც მაგალითად აზერბაიჯანს ან ცენტრალური აზიის ქვეყნებს აქვთ; ან 2. დიქტატურის პროტექტორი (სპონსორი) დიდი სახელმწიფო.

ჩვენს შემთხვევაში, ასეთი სახელმწიფო მხოლოდ რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენსა და რუსეთს შორის რადიკალურად განსხვავებული ეროვნული ინტერესები, რუსეთის მხრიდან ქართული სახელმწიფოებრიობის შეუგუებლობა, ოკუპაცია, კოლექტიური მეხსიერება და ნაციონალიზმი თითქოს შეუძლებელს ხდიდა მასზე ჩამოკიდებას.

მეორე მხრივ, საქართველო ღარიბი ქვეყანაა და არც შინაგანი რესურსი ჰქონდა ავტორიტარიზმის.

რუსეთისგან თავის დასაცავად, საბაზისო ეკონომიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, საქართველო მიდიოდა დასავლეთისკენ. ეს დასავლეთი საბაზისო დემოკრატიული ნორმების დაცვას სთხოვდა ხელისუფლებებს. აი ეს გვიფარავდა განგრძობადი დიქტატურისგან.

ერთი სიტყვით, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩვენი დემოკრატიის ძალა ჩვენს სიღარიბეში და რუსულ ოკუპაციაში იყო, რომელიც რუსეთთან მიკედლების საშუალებას არ გვაძლევდა.

თავად რუსეთში, 2022 წლამდე მაინც, მოსახლეობასა და პუტინის რეჟიმს შორის იყო შემდეგი სოციალური კონტრაქტი: რუსეთში არის მართვადი კორუფცია (როგორც საბჭოთა დროს), რუსეთში არის ავტორიტარიზმი (როგორც საბჭოთა დროს), მაგრამ არ არის ქაოსი (განსხვავებით ელცინის 90-იანებისგან), მოსახლეობას ეძლევა საბაზისო სარჩო (როგორც საბჭოთა დროს) და დაცულია “რუსთა ეროვნული თავმოყვარეობა” (როგორც საბჭოთა დროს).

ჩემი დაკვირვებით, საქართველო გადადის ამ საბჭოთა-პუტინისტურ ჰიბრიდულ მოდელზე. რუსეთთან არის ძალიან სახიფათო შეთანხმების მცდელობა, რომ ის ფორმალურად არ დაიპყრობს საქართველოს, აქ იქნება ავტორიტარიზმის პროტექტორი და სპონსორიც.

რუსეთთან ვაჭრობიდან, დემოგრაფიული ელემენტის შემოდინებით და ინვესტიციებით მიღებული ფულით ბოლო ორ წელიწადში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. იზრდება ბიუჯეტი და სად მიდის ეს ფული?

მიდის სახელმწიფოსა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებას შორის დადებულ ზუსტად ისეთივე სოციალურ კონტრაქტზე, როგორც ეს რუსეთშია. რუსეთისამებრ, აქაც განსაზღვრულია ვინ უნდა მოიგოს ტენდერი და ვინ არა; შემდეგ რამდენი უნდა დაბრუნდეს “ატკატის” სახით პარტიულ ყულაბაში და რამდენი ავიდეს “ზევით”. ეს რეგულირებული კორუფციაა. განსაზღვრულია, ვის შეუძლია მოკლას ადამიანი და მაინც თავისუფლად იაროს. მეორე მხრივ, ჩვეულებრივი ადამიანები იღებენ სოციალურ შემწეობებს და პარალელურად საქმდებიან სსიპ-ებში, აიიპ-ებში. სოციალური პროგრამები, რეალურად, არა ეკონომიკურ გარემოსთან ადაპტაციას ასწავლიან ადამიანებს, არამედ სვამენ მათ საბიუჯეტო “ოპიუმზე”. მათი ვალი არაა რამე აკეთონ, მათ ევალებათ იყვნენ საარჩევნო მასა, ან ტროლები და კოორდინატორები. იგივე მასას, მსგავსად რუსეთისა, “ეროვნული ღირსების დაცვით” ანებივრებენ. განსხვავებით რუსეთისგან, ეს “ღირსება” სხვა ქვეყნების ტერიტორიის დაპყრობაში ვერ გამოიხატება, მაგრამ ელჭიპიტებს ხომ ვებრძვით! ერეკლეს ხომ ვიცავთ!

ვისაც ეს არ უნდა, მიდის საზღვარგარეთ და ფულადი გზავნილებით, უნებლიედ, ისევ ამ სისტემის კვებაში იღებს მონაწილეობას.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩვენს კონკრეტულ რეალობაში, რუსეთთან დაახლოებით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ურტყამს ჩვენს დემოკრატიას.

რა ეშველება ამას მე არ ვიცი. ვინ გადმოსვამს ამ ხალხს “ოპიუმიდან”? ვინ უნდა უთხრას ადამიანებს, რომ სახლში ჯდომა და ბიუჯეტის ფულზე ცხოვრება არ მოსულა? ამის მთქმელი ხომ ვერასდროს მიიღებს ხმებს?

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის პროცესი შეზღუდულად, მაგრამ მაინც დაიწყო შევარდნაძის დროს, დაჩქარდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და რამდენიმე წელი ინერციით მიდიოდა 2012 წლის შემდეგაც. რაც ახლა ხდება, ეს არის მთელი განვლილი გზის წყალში ყრა, წარსულის დაბრუნება, პუტინის მმართველობის მოდელზე გადასვლა.

გარდა ამისა, რუსეთთან რომ ესენი შეთანხმებას აპირებენ, ეს ძალიან სარისკო თამაშია. ჩვენი ეკონომიკური ზრდა ხომ არ მომხდარა შიდა რესურსების ზრდის ხარჯზე? ეს ხელოვნურია, რუსეთზე დამოკიდებულია. სულ მცირე, თუ დასჭირდა, ორნიშნა ეკონომიკური ვარდნის გამოწვევა შეუძლია რუსეთს. გარდა ამისა, საერთოდ არ ვარ დარწმუნებული საქართველოს თუნდაც შეზღუდული სუვერენიტეტი რომ მისაღებია რუსეთისთვის.

დიდ შარში ვართ და ამას ომში უკრაინის დამაჯერებელი გამარჯვებისა და რუსეთში მმართველობის მოდელის ჩამოშლის გარდა არაფერი უშველის.

ბექა კობახიძე

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა