შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაHRW-ის ანგარიში: 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები არათანაბარი იყო

HRW-ის ანგარიში: 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები არათანაბარი იყო

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოში უფლებრივი მდგომარეობა არათანაბარ დონეზე დარჩა.

ანგარიშში ხაზგასმულია დაძაბულობა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების საკითხმა გამოიწვია და რომელიც, მათ შორის, უფლებრივ საკითხებს  მოიცავდა.

Human Rights Watch წერს, რომ ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონი „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ”, რომელიც „ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას”.

„შენარჩუნდა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა კუთხით სხვა წუხილები მოიცავს შეზღუდვებსა და თავდასხმებს მედიის თავისუფლებაზე, ისევე, როგორც შრომით უფლებებს. ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სტრატეგიამ ვერ მოიცვა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებები”. – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნოემბერში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „გააზრებით“, რომ ის გაატარებს შემდგომ რეფორმებს.

გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლების ნაწილში, პრობლემების კუთხით, HRW ყურადღებას მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებაზე ამახვილებს.

ორგანიზაციის თვალთახედვის არეალში მოხვდა ტრენინგების საქმე – სუს-ის გამოძიება, რომელიც USAID-ის მიერ დაფინანსებულ და ორგანიზაცია Canvas საქართველოს მიერ ორგანიზებულ სემინარს ეხებოდა. ტრენინგი არაძალადობრივი წინააღმდეგობის გზებს ეხებოდა, თუმცა, სუს-ის განცხადებით, სემინარის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

სამართალდამცავთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა

ამ ნაწილში HRW-მ აქცენტი რუსულ კანონზე, 2023 წლის მარტის აქციებსა და მისი მონაწილეების წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი გაზით დაშლაზე გააკეთა. ასევე, მიუთითა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება პოლიციის მხრიდან ძალაუფლების გადამეტების 124 საქმეზე დაიწყო. ანგარიშის წერის პროცესში გამოძიება დასრულებული არ ყოფილა.

ანგარიშში აღნიშნულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკა განგრძობითი პრობლემისა, რომ პოლიცია იყენებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლებს, რათა დააკავოს მშვიდობიან დემონსტრანტები. ამასთან, ნათქვამია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე ხშირად მხოლოდ პოლიციის ჩვენებებს ეყრდნობა და უგულებელყოფილია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

HRW-ის ანგარიშში ნახსენებია „ირაყლის საქმეზე” აქტივისტების დაკავება როგორც ამ წარწერის, ისე – ცარიელი ფურცლის ხელში დაჭერის გამო. ასევე, აღნიშნულია, რომ 2023 წლის აგვისტოში 20-მდე დემონსტრანტი რუსული გემის ბათუმში შესვლის გაპროტესტების გამო დააკავეს.

ანგარიშში მოხვდა „კარვების კანონი”, რომელიც ზღუდავს საპროტესტო აქციებზე კარვებისა და სხვა მსგავსი კონსტრუქციების გაშლას და 500-ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საბოლოოდ, HRW აღნიშნავს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წელს სამართალდამცველთა მხრიდან ძალაუფლების სავარაუდო ბოროტად გამოყენებაზე 1 755 საჩივარი მიიღო, არასათანადოდ მოპყრობაზე – 72.

თავდასხმები ჟურნალისტებსა და მედიაზე

HRW აღნიშნავს, რომ 2023 წლის ოქტომბრისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 37 საჩივარი და გამოძიება დაიწყო 12 შემთხვევაში – საქმე ეხება ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევას.

მათ შორის, ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო „ფორმულას” თანადამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმამ. აღნიშნულია, რომ დაკავებულია უშუალო თავდამსხმელი, თუმცა, თავად მშვილდაძემ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში შესაძლოა, უშუალოდ სახელმწიფო იყოს ჩართული.

ანგარიშში ნახსენებია, რომ პარლამენტმა მიიღო ახალი, შემზღუდავი რეგულაცია, რომლითაც ჟურნალისტებს ეკრძალებათ, შენობაში შესვლის ნებართვა დეპუტატისგან მიიღონ.

HRW აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისში პრეზიდენტმა შეიწყალა „მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია.

ხოლო ოქტომბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კონტროვერსიული ცვლილებები, რომელიც კომუნიკაციების კომისიას უფლებას აძლევს, მაუწყებელი დააჯარიმოს ისეთი შინაარსისთვის, რომელიც, სავარაუდოდ შეიცავს უხამსობას, სიძულვილის წაქეზებას ან ტერორიზმი.

შრომის უფლებები

HRW წერს, რომ მიუხედავად ზოგიერთი საკანონმდებლო გაუმჯობესებისა, შრომის უფლებები კვლავ შემაშფოთებელია: სუსტია ოვერტაიმის რეგილაცია, „ხელფასების ქურდობა” ჩვეულებრივი მოვლენაა, სოციალური დაცვა მინიმალურია, ხოლო პროფკავშირებს არ გააჩნიათ იურიდიული გარანტიები, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტურად მოაგვარონ სისტემური ცვლილებები.

ანგარიშში მოხვდა არაერთი პროტესტი და გაფიცვა, მათ შორის; მეტროს თანამშრომლების, ოპერატორების, ექიმების, კულტურის მუშაკების, ქარხნის მუშების, მშენებლობაზე მომუშავეების, მაღაროელების, კურიერებისა და ტაქსის მძღოლების. ისინი ითხოვდნენ უკეთეს ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და არსებული შრომის კანონებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეკრულებების აღსრულებას.

HRW ასევე წერს, რომ საქართველოს შრომის ინსპექციამ 2021 წელს აღიდგინა თავისი სრული მანდატი შრომისა და უსაფრთხოების უფლებების აღსრულების მიზნით. თუმცა, მისი ეფექტიანობა ფერხდება რესურსების ნაკლებობის, დაბალი საზოგადოებრივი ნდობის და სისტემური პრევენციული ინსპექტირების წარუმატებლობის გამო.

ანგარიშში წერია, რომ მთავრობამ უარი თქვა სახელფასო რეგულაციების შეცვლაზე. მინიმალური ყოველთვიური ხელფასი 1999 წლიდან 20 ლარია. ეს 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 88.5-ჯერ ნაკლები სავარაუდო საარსებო მინიმუმზე (1 770 ლარი). პოზიტიური კუთხით, HRW აღნიშნავს, რომ მთავრობამ გაზარდა მინიმალური ხელფასი ჯანდაცვის მუშაკებისთვის იმ კლინიკებში, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილის უსაფრთხოება კვლავ პრობლემატურია. მუშებისთვის ყველაზე საშიშ სექტორად მშენებლობა რჩება.

სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და გენდერული თანასწორობა

Human Rights Watch-მა ამ კუთხით აქცენტი 2023 წლის 8 ივლისზე გააკეთა, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს სივრცე, სადაც „თბილისი პრაიდის” ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების მიერ ანტი-ლგბტ პროტესტის წინასწარ არაერთხელ დაანონსებისა, სახელმწიფომ ვერ შეძლო, შეეჩერებინა ძალადობრივი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლისგან. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა დაზარალებულის სტატუსი მოითხოვეს.ანგარიშის წერის დროს მათ ეს სტატუსი ჯერაც არ ჰქონდათ.

HRW-მ აღნიშნა ისიც, რომ ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, რომელიც პარლამენტმა მარტში დაამტკიცა, არ არის ნახსენები LGBTQ ადამიანების უფლებები.

ანგარიშში მოხვდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2022 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო გამტყუნდა იმის გამო, რომ ტრანსგენდერ პირებს არ მისცა უფლება, შეცვალონ სქესის შესახებ ჩანაწერი თავიანთ ოფიციალურ დოკუმენტებზე სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების გარეშე.

ასევე, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც 2022 წლის დეკემბერშია მიღებული, ვერ მოიცავს გენდერის კონცეფციას მთელი მისი მრავალფეროვნებით, რითაც არ ცნობს ყველა ქალის უფლებებს.

HRW წერს, რომ საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ძალადობისა და შევიწროების კონვენცია (C190), რომელიც ადგენს საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს სამსახურში ძალადობისა და შევიწროების, მათ შორის გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

საერთაშორისო გამოხმაურება

Human Rights Watch-მა მიუთითა ევროპარლამენტის თებერვლის რეზოლუციაზე, რომელშიც გამხატულია  „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატული დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო – ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ის და მისცენ წვდომა „სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე“ უცხოეთში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა