ურალის მთის სიღრმეში რუსეთმა ბირთვული ომისთვის ახალი საიდუმლო ცენტრი მოაწყო. 1335-ე ობიექტი, „გროტი“, „მკვდარი ხელის“ სახელით ცნობილი „პერიმეტრის“ სისტემას უკავშირდება. გამოძიების თანახმად, მისი მოდერნიზებული ვერსია საპასუხო ბირთვულ დარტყმას ადამიანის მონაწილეობის გარეშეც შეძლებს.
რუსეთმა ურალში ააშენა ახალი გასაიდუმლოებული სამეთაურო ბუნკერი, რომელიც შედის რუსეთის საპასუხო ბირთვული დარტყმის სისტემა „პერიმეტრში“ – დასავლეთში ცნობილია სახელწოდებით „მკვდარი ხელი“, – ნათქვამია The Sunday Times-ის, Danwatch-ისა და ცენტრ „დოსიეს“ ერთობლივ გამოძიებაში, რომლის ავტორებმა დაახლოებით 2,5 მილიონი დოკუმენტისადა ღია წყარო გაანალიზებით სვერდლოვსკის ოლქში აღმოაჩინეს უზარმაზარი სამხედრო კომპლექსი, რომელიც კოსვინსკი კამენის მთის შიგნით მდებარეობს.
ობიექტს კოდური სახელწოდებაა „გროტი“ (№1335). გამომძიებელი ჟურნალისტების გათვლებით, ახალი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა ასობით მილიონი გირვანქა სტერლინგის დაჯდა.

დოკუმენტების თანახმად, იქ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 2018 წლიდან მიმდინარეობდა: ობიექტისთვის ყიდულობდნენ მიწის სამუშაოებისა და ბურღვის მძიმე ტექნიკას, სამთო ვენტილაციის სისტემებს, ჰაერის ფილტრაციის სისტემებს ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაქტიური დაბინძურებისგან დასაცავად, სეისმომედეგ კონდიცირების სისტემებს, ფოლადს, მილებს, კაბელებსა და ბეტონს.
ობიექტისთვის შეძენილ აღჭურვილობას შორის აღმოჩნდა დასავლური კომპანიების პროდუქციაც, მათ შორის, დანიური მწარმოებლის Rockwool-ისა და შვეიცარიული Belimo-ს ნაწარმს. ამასთან მიწოდებების ნაწილი 2014 და 2022 წლებში სანქციების დაწესების შემდეგ განხორციელდა.
გამომძიებელი ჟურნალისტები ობიექტს უკავშირებენ საბჭოთა სისტემა „პერიმეტრს“, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირს შეენარჩუნებინა საპასუხო ბირთვული დარტყმის შესახებ ბრძანების გადაცემის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მართვის არხები განადგურდებოდა. ობიექტის დანიშნულების დამატებით მტკიცებულებად ჟურნალისტები რუსი სამხედროების პუბლიკაციებს მიიჩნევენ. კერძოდ, 2022 წელს გენერალ-მაიორმა ვიქტორ ხალინმა, რომელიც 1970-იან წლებში „პერიმეტრის“ შემუშავებაში მონაწილეობდა და 2005-2010 წლებში მის მოდერნიზაციას ხელმძღვანელობდა, დაწერა, რომ სისტემის განახლებული მართვის რგოლი სწორედ 1335-ე ობიექტზე განათავსეს. პოლკოვნიკი იური ანდრეევი კი 2025 წლის პუბლიკაციაში ამტკიცებდა, რომ მრავალწლიანი საცდელი ექსპლუატაციის შემდეგ ობიექტი 2023 წელს საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს.
ბირთვული იარაღის საკითხებში გაეროს ექსპერტი პაველ პოდვიგი აღნიშნავს, რომ მომხდარი სენსაცია არ არის. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ბირთვული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის ერთ კონკრეტულ ელემენტზე. პოდვიგის განმარტებით, ბუნკერი უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის არ არის განკუთვნილი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ 1335-ე ობიექტის მშენებლობის გამო „პერიმეტრის“ სისტემის აღორძინებაზე საუბარი არასწორია, რადგან ეს სისტემა არავის გაუუქმებია.
თავად „პერიმეტრი“, მისი თქმით, უპირველესად წარმოადგენს კავშირის სარეზერვო სისტემას, რომელიც ჩვეულებრივი საკომუნიკაციო არხების განადგურების შემთხვევაში საპასუხო გაშვების შესახებ ბრძანების გადაცემისთვის არის განკუთვნილი. „მკვდარ ხელთან“ დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, პოდვიგი არ მიიჩნევს, რომ სისტემა „ავტომატურად“ იმოქმედებს და ბირთვულ რაკეტებს ბრძანების გარეშე გაუშვებს.
წყარო: www.radiotavisupleba.ge
ჯიმშერ რეზვიაშვილი










