მთავარიპოლიტიკაევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია საქართველოს შესახებ მუდმივი მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. დოკუმენტზე იმუშავეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარებმა.

დოკუმენტის კენჭისყრამდე იუკნევიჩიანემ თქვა:

„როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა ხალხი, პოლიტიკური ჯგუფები და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პროევროპული ძალები იმაში, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერცერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

ჩვენ ამ ანგარიშს ვიღებთ ერევანში მიმდინარე სპეციალური ფორუმის პარალელურად. დიახ, არ ვცდები – ერევანში, თუმცა, კენჭს საქართველოს საკითხს ვუყრით.

ვფიქრობ, თითოეულ პროევროპელ ქართველს უხარია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროპული პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება იმის გამო, რომ თბილისი ამ პროცესს მიღმა დარჩა. მაგრამ მე კვლავ მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის“.

ანგარიში 2025 წელს მიმოიხილავს. დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება; ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას.

ანგარიშით მოთხოვნილია ევროკავშირის მიერ მიზნობრივი სანქციების დაწესება როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე  „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, „რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს“.

ახალ ანგარიშში ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირის შემდგომი ჩართულობა კანდიდატ ქვეყანასთან, საქართველოსთან, მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, შეცვლის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ კურსს.

საქართველოში დემოკრატიის სერიოზული და უწყვეტი უკუსვლის ფონზე, ევროპარლამენტარები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, არ გადადგა არანაირი ნაბიჯი უარყოფითი ტენდენციების შესაცვლელად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის პირობებში“. ამავე დროს, ანგარიში ძალაში ტოვებს პარლამენტის წინა პოზიციას საქართველოს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის არაღიარების შესახებ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გააძლიერა ქვეყნის ტრაექტორია სრული ავტორიტარიზმისკენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტარები 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დიდი ხანია გაყალბებულად მიიჩნევენ, ისინი გმობენ „ქართული ოცნების“ გაძლიერებულ ტრაექტორიას სრული ავტორიტარიზმისკენ.

ეს მოიცავს:

  • პოლიტიკურ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირებისა და ინსტიტუტებისთვის დაუსჯელობის სისტემის ჩამოყალიბებას;
  • ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შევიწროებას;
  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნას;
  • შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიმართულია ოპოზიციური ხმების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ;
  • ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და პლურალისტური საარჩევნო გარემოს განადგურებას;
  • აკადემიურ ინსტიტუტებზე კონტროლის ცენტრალიზაციას;
  • სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეებისა და დაკავებულების (მათ შორის პოლიტპატიმრების) მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დანერგონ ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი მექანიზმები დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად, გააუმჯობესონ საარჩევნო გარემო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით, გადაჭრან დეოლიგარქიზაციის საკითხი და გააუქმონ რეპრესიული საკანონმდებლო კანონები.

ანგარიშში ასევე არის მოწოდება, „ქართულმა ოცნებამ“ გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და აღნიშნავს, რომ ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ქვეყნის ვალდებულებებთან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

რაც შეეხება მოწოდებას ევროკავშირისადმი, დააწესოს სანქციები: 

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღონ კოორდინირებული შეზღუდვები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, ჩინოვნიკისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების მიმართ. ანგარიშით მოთხოვნილია მისი აქტივების გაყინვა და ამ მიმართულებით ევროკავშირის თანამშრომლობა აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან.

ევროპულ საბჭოში ამ საკითხზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, ანგარიში მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამონახონ სხვა კოლექტიური მექანიზმები ევროკავშირის ეფექტური და ერთიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის მიმდინარე ოკუპაციას.

ამავდროულად, ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო ხელშეწყობის გამო.

კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ ანგარიში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას გადაეგზავნება, სადაც ის განიხილება და საბოლოო კენჭისყრაზე გავა. ​

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

სად არის ეროვნული უშიშროების საბჭო?

სად არის ეროვნული უშიშროების საბჭო? (ჰიბრიდული ომისა და მრავალშრიანი საფრთხეების პირობებში არ შეიძლება სრულფასოვანი ეუს გარეშე) ინსტიტუციური კრიზისი და „სახელმწიფო კაცების“ დეფიციტი საქართველოს ხელისუფლებაში თითქმის არ ჩანან სახელმწიფო კაცები — ისეთი ადამიანები,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა