4 ნოემბერს ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების ანგარიში წარადგინა, რომელშიც საქართველო თითქმის სრულად ნეგატიურ კონტექსტშია განხილული. „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელწოდებითაა“ – ევროკომისიის ეს შეფასება, ფაქტობრივად, იმეორებს 2025 წლის ანგარიშში გაკეთებულ დასკვნას.
რეალპოლიტიკასთვის, დოკუმენტის ძირითადი ნაწილები ცნობილი გახდა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
გაფართოების ყოველწლიური ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების პროგრესს აფასებს. წლევანდელ ანგარიშში, საქართველო 23-ჯერ არის ნახსენები, თითქმის ყოველთვის უარყოფით კონტექსტში:
- საქართველო ზედიზედ მეორე წელიწადია მოხსენიებულია, როგორც „კანდიდატი მხოლოდ სახელით“;
- გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებული რჩება“;
- ქვეყანა კვლავ ვერ/არ ასრულებს ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს, რაც შემდგომი პროგრესისითვის აუცილებელია;
- საფრთხე ემუქრება უვიზო რეჟიმს;
თუკი ანგარიშს წაიკითხავთ, საქართველო ძირითადად თურქეთთან და ბოსნიათან ერთად არის მოხსენიებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგის მქონე ქვეყანა.
მნიშვნელოვანი დეტალები
ანგარიშის ყველაზე მკაცრი ნაწილები, რომელიც გასული წლის მსგავსად, წელსაც უდიდეს წილად „ქართულ ოცნებას” მიემართება. შენიშნვები, თემატურად ასე გამოიყურება:
- მმართველი პარტია: „კვლავ ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ გზას“, აგრძელებს შეტევას დემოკრატიულ პრინციპებზე და „ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას“;
- სასამართლო: პოლიტიკური ზეგავლენის თვალსაზრისით „ყველაზე მძიმე ვითარება“ საქართველოსა და თურქეთშია;
- არჩევნები: 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები „ღრმად კომპრომეტირებულ“ პირობებში ჩატარდა;
- სამოქალაქო საზოგადოება: ქართული ორგანიზაციები „რეპრესიულ გარემოში“ მუშაობენ, სამოქალაქო სივრცე კი „მკვეთრად შეიზღუდა“;
- ჟურნალისტები: მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაუარესდა;
- საგარეო პოლიტიკა: ევროკავშირის კურსთან შესაბამისობა „კიდევ უფრო შემცირდა“ და 38%-მდე დაეცა. საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდველი ზომების უმეტესობას.
- ოპოზიცია: მმართველი პარტიის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას სთხოვენ. კომისიის შეფასებით, ეს „ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს ემუქრება“, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ბრალდებულია, ემიგრაციაშია ან ციხეში ზის.
სტრიქონებს შორის
- თურქეთის გვერდით: ზოგად ნაწილში საქართველო რვაჯერ არის ნახსენები თურქეთთან ერთად. მოლდოვა და უკრაინა, რომლებმაც განაცხადი საქართველოსთან ერთად 2022 წელს შეიტანეს, დოკუმენტში წარმატების მაგალითებად გვხვდება.
- ოთხი საგზაო რუკა: კომისიამ კონკრეტული საგზაო რუკები მონტენეგროს, ალბანეთს, მოლდოვასა და უკრაინას წარუდგინა. საქართველო არც ერთში არ არის.
- პარტია და სახელმწიფო: დასკვნით ნაწილში ბრიუსელი ბრალს „ხელისუფლებასთან“ ერთად „მმართველ პარტიას“ სახელდებით სდებს. ეს გამიჯვნა იმავე ლოგიკას მიჰყვება, რომლითაც ევროკავშირი ხელისუფლებასა და საზოგადოებას მიჯნავს.
- ყულევის ტერმინალი: ამ ტიპის ჩანაწერი, წინა წლებში არ შეგხვედრია. სანქციების 21-ე პაკეტით ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციები აკრძალა, რადგან ქარხანა ძირითადად რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებითაა დაკავებული. აკრძალვა ექვს თვეში ამოქმედდება, თუ ქარხანა სხვა მომწოდებელზე არ გადავა.
უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ხელისუფლებამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით არსებული პრობლემები უნდა გამოასწოროს – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაწილი იყო.
ხაზგასასმელია ისიც, რომ უვიზო რეჟიმის საფრთხე მხოლოდ დემოკრატიას არ უკავშირდება. საქართველო იმ უვიზო ქვეყნებს შორისაა, რომელთა მოქალაქეები ევროკავშირში ყველაზე მეტ თავშესაფრის განაცხადს აგზავნიან.
დადებითადაა შეფასებული 7.9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს, თუმცა ევროკომისია აღნიშნავს, რომ, ზრდა სამუშაო ადგილებს ნაკლებად ქმნის, ექსპორტი კი ძირითადად დსთ-ის ქვეყნებზეა მიმართული.
ევროკავშირის კარი ჯერ კიდევ ღიაა
ევროკომისიის ანგარიშის ფურცლებზე კვლავ ამოვიკითხავთ, რომ საქართველოსთვის კარი კვლავ ღია იქნება, თუკი მოქმედი ხელისუფლება ვალდებულებას აიღებს შემდეგი მიმართულებების გამოსწორებაზე:
- დემოკრატია;
- კანონის უზენაესობა;
- ფუნდამენტური უფლებები;
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი „მტკიცედ რჩება“, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებისადმი. კომისია ასევე აღნიშნავს, ხალხთა შორის „მჭიდრო კავშირებს“ და საქართველოში ევროპული მომავლის „ფართო და ხანგრძლივ“ საზოგადოებრივ მხარდაჭერას.
გასულ წელს, ევროკომისიის ანგარიში საქართველოს ხელისუფლებამ ღრმად პოლიტიკურად მიკერძოებულად მიიჩნია, სავარაუდოა, რომ წლევანდელი რეაქციაც ასეთი იქნება.










