შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიმსოფლიოქვეყნების რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით

ქვეყნების რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით

ქვეყნების რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით

სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების შესადარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიდგომა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობაზე დაკვირვებაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური გამომუშავების მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით მიიღება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაღალი მოცულობა ძირითად შემთხვევებში ქვეყნის მაღალ შემოსავალს, მოხმარების დონესა და ცხოვრების სტანდარტს გულისხმობს.

Visual Capitalist-მა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემების გამოყენებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. მსოფლიო მასშტაბით, რეიტინგის ლიდერები ლუქსემბურგი, ირლანდია და ნორვეგია არიან – ერთ სულ მოსახლეზე $100,000-ზე მეტი მშპ-ით. ლუქსემბურგი ევროპის ძირითადი ფინანსური მომსახურების ცენტრია, ირლანდიაში მრავალეროვნული კორპორაციების სათავო ოფისების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ხოლო ნორვეგია რეგიონში ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.

როგორ წესი, რეიტინგში წამყვან პოზიციებს მცირე რაოდენობის მოსახლეობის მქონე მდიდარი ქვეყნები იკავებენ – მაგალითად, ლუქსემბურგის მოსახლეობა მხოლოდ 600,000 კაცს უტოლდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის რაოდენობით მსოფლიო ქვეყნების ათეულშიც 10 მილიონზე მეტი მოსახლე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ავსტრალიას ჰყავს.

ქვეყნების ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის შედარების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი გაცვლით კურსთან მიმართებით, ადგილობრივი ძლიერი ვალუტის კურსის გაუთვალისწინებლობაა. აღნიშნული მოქმედებს ინვესტიციების შემოდინებაზე, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნაზე და არც ქვეყნებს შორის ფასების განსხვავებულობას ითვალისწინებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად ეკონომისტები მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) ინდექსებს იყენებენ – შედეგად, ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობის შესადარებლად, ფასების საერთო ვალუტაში კონვერტირება ხდება. მშპ-ის შემთხვევაში, PPP-ი „საერთაშორისო დოლარს“ იყენებს, რომელსაც ნებისმიერ ქვეყანაში იმ რაოდენობის პროდუქციის შეძენა შეუძლია, რამდენისაც აშშ დოლარს ამერიკაში.

PPP-ით კორექტირებისას, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით ქვეყნების ათეულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება. მაგალითად, კორექტირებისას, რეიტინგში ქვეყნების უმეტესობის ღირებულება, მათი ნომინალური მნიშვნელობიდან გაიზარდა. (აშშ-ის გარდა, რადგან ის საორიენტაციო ნიშანია). ათეულში პოზიციები გაცვალეს ირლანდიამ და ლუქსემბურგმა, ხოლო ისლანდიამ, დანიამ და ავსტრალიამ ათეული დატოვეს და ისინი მაკაომ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და სან-მარინომ ჩაანაცვლეს.

რაც შეეხება რეგიონულ გადანაწილებას, ამერიკის კონტინენტზე როგორც ნომინალური, ასევე PPP-ით კორექტირების შემთხვევაში პირველობას ამერიკის შეერთებული შტატები არ თმობს. თუმცა ახალი საზომით მესამე ადგილზე ინაცვლებს კანადა და მის ადგილს გაიანა იკავებს. ევროპის შემთხვევაში, მსოფლიოს ათეულისა და რეგიონის ათეულის ქვეყნები თითქმის სრულადაა თანხვდენილი. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესო ანდორაა, რომელიც რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (PPP) მაჩვენებლით მეათე ადგილს იკავებს. ანდორა თავისუფალი ეკონომიკური სტატუსით სარგებლობს – დაბალი გადასახადები ან გადასახადების გარეშე – ამავდროულად კი ტურისტული ცენტრია, სადაც ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 80%-ს შეადგენს.

აზიის უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგში (ორივე საზომით) პირველ ადგილებს სინგაპური, კატარი, მაკაო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰონგ-კონგი იკავებენ. კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები რეგიონში ნავთობის მთავარი ექსპორტიორები არიან, სინგაპური აზიის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ცენტრია. ხოლო მაკაო, სადაც აზარტული თამაშები ლეგალურია, ძლიერი ტურიზმით გამოირჩევა.

მზარდი ტურისტული ინდუსტრიის წყალობით, ორივე ხერხით გამოთვლისას, აფრიკის კონტინენტზე სეიშელისა და მავრიკის კუნძულოვანი ქვეყნები ლიდერობენ. ოკეანეთის შემთხვევაში, მშპ-ის მსყიდველუნარიანობის კორექტირება დიდად არ მოქმედებს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასა და მათ პატარა მეზობელ კუნძულებს შორის არსებულ განსხვავებაზე. თუმცა, PPP-ით კორექტირებისას, ადგილობრივი ეკონომიკა განსაკუთრებით ძლიერია ფიჯის შემთხვევაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა (PPP) სამჯერ აღემატება მის ნომინალურ მნიშვნელობას.

ცნობისთვის, საერთაშორისო მონეტარული ფონდის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა $7.6 ათასს უტოლდება, ხოლო რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: სომხეთი – $8.01 ათასი, აზერბაიჯანი – $6.76 ათასი, რუსეთი – $14.4 ათასი და თურქეთი – $11.9 ათასი.

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების ათეული:

  1. ლუქსემბურგი – $132,370 (ევროპა)
  2. ირლანდია – $114,580 (ევროპა)
  3. ნორვეგია – $101,100 (ევროპა)
  4. შვეიცარია – $98,770 (ევროპა)
  5. სინგაპური – $91,100 (აზია)
  6. კატარი – $83,890 (აზია)
  7. აშშ – $80,030 (ამერიკა)
  8. ისლანდია – $75,180 (ევროპა)
  9. დანია – $68,830 (ევროპა)
  10. ავსტრალია – $64,960 (ოკეანეთი)

მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების ათეული:

  1. ირლანდია – $145,200 (ევროპა)
  2. ლუქსემბურგი – $142,490 (ევროპა)
  3. სინგაპური – $133,890 (აზია)
  4. კატარი – $124,830 (აზია)
  5. მაკაო – $89,560 (აზია)
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $88,220 (აზია)
  7. შვეიცარია – $87,960 (ევროპა)
  8. ნორვეგია – $82,650 (ევროპა)
  9. აშშ – $80,030 (ამერიკა)
  10. სან-მარინო – $78,930 (ევროპა)

სალომე პაპალაშვილი

წყარო: forbes.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა