პარასკევი, იანვარი 9, 2026
Google search engine
მთავარისაზოგადოებასაქართველოში რუსული რეჟიმის პოლიტიკის შედეგად 2025 წელს დაიხურა 17 რეგიონული მაუწყებელი და...

საქართველოში რუსული რეჟიმის პოლიტიკის შედეგად 2025 წელს დაიხურა 17 რეგიონული მაუწყებელი და დახურვის საფრთხის წინაშეა „ფორმულა“ და „TV პირველი“

2024-2025 წლების სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევა

30 დეკემბერი, 2025

2024-2025 წლებში, პროსამთავრობო მაუწყებლებმა ჯამში,  89.5 მლნ ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, კრიტიკულმა ტელევიზიებმა კი („მთავარი არხის“ 2024 წლის მონაცემის ჩათვლით) თითქმის 4-ჯერ ნაკლები – 23 მლნ ლარის. აღნიშნული ნათლად აჩვენებს იმ უზარმაზარ დისპროპორციას და სარეკლამო ბაზრის არათანაბარ განაწილებას, რაც პროსამთავრობო და კრიტიკულ მაუწყებლებს შორის ფიქსირდება.

შექმნილი ფინანსური პრობლებების გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა. ფინანსური კრიზისის გამო დახურვის საფრთხის წინაშე არიან ქვეყნის მთავარი კრიტიკული მაუწყებლები – „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“. კრიტიკული მაუწყებლების დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას, დატოვებს რა მას მხოლოდ სამთავრობო დღის წესრიგისა და პროპაგანდის ამარა.

ქვემოთ წარმოდგენილია სატელავიოზიო სარეკლამო შემოსავლების 2024 წლის სრული და 2025 წლის 3 კვარტლის ზოგადი მონაცემების ანალიზი.

2024 წელი:

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2024 წელს105 მოქმედი მაუწყებელი (ტელევიზია, რადიო) დაფიქსირდა, რომელთა ჯამური შემოსავალი (სახელმწიფო დაფინანსებისა და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლების ჩათვლით) 251.9 მლნ ლარი იყო, ხოლო მაუწყებლობიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 111.1 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 101.5 მლნ ლარი ტელევიზიებმა, 9.6 მლნ ლარი კი – რადიოებმა მიიღეს (ჯამში 102-მა ტელე-რადიო მაუწყებელმა).

  • 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.3%-ით შემცირდა მაუწყებლების (ტელევიზიების და რადიოების) ჯამური სარეკლამო შემოსავალი და 92.8 მლნ ლარი გახდა.
  • 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 19%-ით შემცირდა უშუალოდ ტელევიზიების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალიც და 70.7 მლნ ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, 2024 წელს 3.2 მლნ ლარით – 15.2 მლნ ლარამდე შემცირდა 3 კრიტიკული ტელევიზიის ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი.
  • კვლავაც უზარმაზარი დისპროპორცია დარჩა პროსამთავრობო და კრიტიკული ტელეარხების მიერ რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს შორის, პროსამთავრობო მაუწყებლების მიერ ამ ფორმით მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება კრიტიკული ტელევიზიების მიერ იმავე გზით მიღებულ შემოსავლებს.
  • წინა წლების მსგავსად, 2024 წელსაც სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი კვლავ პროსამთავრობო – „იმედმა“ (35.7%) და „მედიაჰოლდინგმა“ („რუსთავი 2“) (14.8%) მიიღეს. ჯამში კი – სამი წამყვანი პროსამთავრობო მაუწყებლის („იმედის ჰოლდინგი“, „მედიაჰოლდინგი“ („რუსთავი 2“), „პოსტვ“) ჯამურმა სარეკლამო შემოსავალმა 44.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც ასევე 3 მთავარი კრიტიკული არხის („ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჯამურ სარეკლამო შემოსავალს თითქმის 3-ჯერ აღემატება. მათ მთლიანობაში 15.3 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაში რეკორდული – 35.3 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების იმავე მაჩვენებელზე 2.5-ჯერ მეტია. აქედან პარტიებმა ტელევიზიებში ჯამში 16 მლნ ლარის ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მიიტანეს.
  • პოლიტიკური სარეკლამო ხარჯის ნახევარზე მეტი – 18 მლნ ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, რაც 2020 წლის პარტიების ჯამურ სარეკლამო ხარჯებზე 4.5 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება უშუალოდ სატელევიზიო რეკლამას, „ოცნებამ“ აქ 5.8 მლნ ლარი გადაიხადა. მას ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არცერთ ცენტრალურ კრიტიკულ ტელევიზიაში არ მიუტანია.
  • 2024 წელს ფასიანი სოციალური რეკლამიდან შემოსავალმა 1.4 მლნ ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი – 668,884.00 და 484,778.29 ლარი პროსამთავრობო „მედიაჰოლდინგმა“ („რუსთავი 2“) და „პოსტვ“-მ მიიღეს.
  • ნაციონალური დაფარვის მაუწყებლებთან შედარებით, კიდევ უფრო მწირია რეგიონული ტელევიზიების როგორც ჯამური, ისე  სარეკლამო შემოსავლები. ფინანსური რესურსების სიმწირის გამო, 2025 წლიდან მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა.

2025 წლის 3 კვარტალი:

  • გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.7 მლნ ლარით – 65.4 მლნ ლარამდე გაიზარდა მაუწყებლების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 2025 წლის პირველ 3 კვარტალში12 მლნ ლარით – 59.9 მლნ ლარამდე გაიზარდა უშუალოდ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალიც.
  • სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა პროსამთავრობო ტელევიზიების ხარჯზე დაფიქსირდა. მაგალითად, მხოლოდ 2025 წლის III კვარტალში, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით, ტელეკომპანია „იმედის“ სარეკლამო შემოსავალი 8.8 მლნ ლარით გაიზარდა და 14.4 მლნ ლარი გახდა, კრიტიკული „ტვ პირველის“ კი – მხოლოდ 100 000 ლარით – 1.3 მლნ ლარამდე გაიზარდა, „ფორმულას“ სარეკლამო შემოსავალი უცვლელად – 0.8 მლნ ლარი დარჩა.
  • უზარმაზარი დისპროპორცია დარჩა პროსამთავრობო და კრიტიკული მაუწყებლების 2025 წლის 3 კვარტლის ჯამურ სარეკლამო შემოსავლებშიც. საანგარიშო პერიოდში, სამმა პროსამთავრობო მაუწყებელმა („იმედის ჰოლდინგი“, „მედიაჰოლდინგი“ („რუსთავი 2“), „პოსტვ“) 5.8-ჯერ მეტი –  45.5 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, კრიტიკულმა „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ კი – მხოლოდ 7.8 მლნ ლარის.
  • ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წელს „მთავარი არხის“ დახურვის შემდეგ, მისი სარეკლამო შემოსავალი – 4.9 მლნ ლარი 2024 წლის 3 კვარტალში – დიდწილად პროსამთავრობო მაუწყებლებზე გადანაწილდა.

სატელევიზიო ბაზრის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლების ხარჯები კვლავაც მნიშვნელოვნად – 2-ჯერ, რიგ შემთხვევებში კი – 3-ჯერ აღემატება მათ შემოსავლებს და ისინი უკვე რამდენიმე წელია, რაც ფისკალურ წელს ზარალით ასრულებენ და მოგებაზე ვერ გადიან.

დასკვნა

  • 2024-2025 წლების მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ანალიზი მკაფიოდ აჩვენებს, რომ სარეკლამო ბაზარი არ არის საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის, რასაც თან ახლავს ბაზრის არათანაბარი და დისპროპორციული განაწილება პროსამთავრობო მაუწყებლების სასარგებლოდ.
  • მაგალითად, მხოლოდ 2025 წლის პირველ 3 კვარტალში, მხოლოდ პროსამთავრობო „იმედის ჰოლდინგმა“ 29.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო კომერციული რეკლამიდან, რაც ორი კრიტიკული მაუწყებლის – „ფორმულა“, „ტვ პირველი“ – იმავე პერიოდის ჯამურ შემოსავალზე 3.7-ჯერ მეტია. მათ საანგარიშო პერიოდში, ჯამურად მხოლოდ 7.8 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.
  • საყურადღებოა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებობაც საერთო სარეკლამო ბაზარზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც ხელისუფლების დღის წესრიგზეა მორგებული და ისედაც სოლიდური სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, კომერციული რეკლამის  ნაწილში კერძო მაუწყებლების კონკურენტად გვევლინება. რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს სარეკლამო შემოსავლების უდიდესი ნაწილის აკუმულირებას პროსამთავრობო არხებზე. აღნიშნული განსაკუთრებულ წნეხად კვლავ კრიტიკულ მაუწყებლებს აწვებათ, რომლებიც ისედაც მინიმალური ფინანსური რესურსების ზღვარზე ოპერირებენ.
  • ამასთან, მკაფიოდ იგრძნობა ერთგვარი თვითცენზურა რეკლამის დამკვეთებშიც, რის ვარაუდსაც პირად საუბრებში თავად კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლებიც გამოთქვამენ. მათივე ცნობით, ადგილი ჰქონდა უკვე დადებული სარეკლამო კონტრაქტების გაუქმებასაც. ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს მაუწყებლებში მიტანილი რეკლამების საერთო მაჩვენებლებიც.
  • კრიტიკულ მედიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებს თან სდევს, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსების მკვეთრი ნაკლებობა. მრავალთვიანი სახელფასო დავალიანებების ფონზე, ბევრი ჟურნალისტი იძულებული ხდევა დატოვოს პროფესია, დარჩენილები კი მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობენ საქმიანობას.
  • ამას ემატება მრავალმხრივ გაუარესებული კანონმდებლობაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ხელისუფლებისადმი კრტიკულად განწყობილი მაუწყებლებისადმი არსებულ წნეხს. 2025 წლის დასაწყისში, რეპრესიული ცვლილებებით, ფაქტობრივად, სრულად შეიზღუდა დასავლური ფონდებიდან დაფინანსების მიღება, როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ მედიისთვის. აღსანიშნავია, კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის გაფართოებაც, რრომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაუწყებლების დასჯის  ინსტრუმენტად გამოიყენება.
  • აღსანიშნავია მედიის წარმომადგენლებისთვის ბოლო წლებში შექმნილი მტრული გარემოც, რაც მათ უკანონო დაკავებებში (მათ შორის, სისხლის სამართლებრივი წესით), დაჯარიმებებში,  ე.წ. SLAPP (საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგიული სარჩელები) სარჩელებში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დაშინებაში, მუქარაში, შევიწროებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის შემთხვევებში გამოიხატება.  ბოლო 2 წელში, 600-ზე მეტი ამგვარი ინციდენტი აღირიცხა.
  • ამას თან ერთვის ჰიბრიდული საინფორმაციო ომი, კრიტიკული მედიების მიმართ ხელისუფლების მხრიდან წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა, რაც მკვეთრად პოლარიზებული გარემოს პირობებში, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის იმ გარემოს, რომელშიც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უწევთ ფუნქციონირება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარს ყოველწლიურად აკვირდება.

https://docs.google.com/gview?url=https://transparency.ge/sites/default/files/geo-reklamis_angarishi_-_2024-2025.pdf&embedded=true

წყარო: https://transparency.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა