თანამედროვე სამხედრო მეცნიერებაში ომის ევოლუციის კლასიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი დისციპლინაა. სამხედრო ისტორიკოსები და სტრატეგები ომებს პირობითად ყოფენ თაობებად, რათა აღწერონ შეიარაღებული დაპირისპირების მრავალწახნაგოვანი დინამიკა, მისი ლოგიკა და გამოყენებული საშუალებები. მრავალი სპეციალისტის აზრით მე-5 თაობის ომი (Fifth Generation Warfare – 5GW) წარმოადგენს უახლეს საფეხურს ამ კლასიფიკაციაში და მოიცავს ისეთი ბრძოლის ტაქტიკებსა და სტრატეგიებს, სადაც გამოკვეთილი არაა ტრადიციული ფრონტის ხაზი, ხოლო ბრძოლის ველი ხშირად ვირტუალურ სივრცეში, საინფორმაციო გარემოსა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მდებარეობს. ასეთი ომი ძირითადად არაკინეტიკური სამხედრო მოქმედებების გზით ხორციელდება, ისეთის როგორიცაა სოციალური ინჟინერია , ტოტალური დეზინფორმაცია , მასებზე ფსიქოლოგიური ოპერაციები, კიბერშეტევები , ასევე ისეთი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და სრულად ავტონომიური და რობოტიზებული სისტემები.
თუმცა მეხუთე თაობის ომის ფართოდ შეთანხმებული, დეტალიზირებული განმარტება დღეისათვის არ არსებობს და მრავალი მკვლევარი თუ სამხედრო სპეციალისტი მას
მე-4 თაობის ომებს განაკუთვნებს. აღსანიშნავია რომ მე-4 და მე-5 თაობის ომები თავის თავში შესაძლებელია მოიცავდნენ მე-2 და მე-3 თაობის ომებისთვის დამახასიათებელ ნიუანსებსაც.

თაობათა ევოლუცია ომებში
- I თაობის ომი – ხაზოვანი ტაქტიკით, ქვეითი და ცხენოსანი ჯარის პირდაპირი დაპირისპირებით ხასიათდებოდა (XVII–IXX) სს. ნაპოლეონის ომები. ამერიკის სამოქალაქო ომი.
- II თაობის ომი – არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის ტექნოლოგიურ განვითარებას ეყრდნობოდა, აქცენტი კეთდებოდა ცეცხლის მასირებაზე (XIX-XX ს.). I მსოფლიო ომი.
- III თაობის ომი – მანევრული ომის ეპოქა, ბრძოლის ველზე ჩნდება მექანიზირებული ძალები. (XX ს. მეორე მსოფლიო ომიდან 80 იანი წლების ბოლომდე).
- IV თაობის ომი – ასიმეტრიული კონფლიქტები, ტერორისტული და პარტიზანული ტაქტიკით ბრძოლა, სახელმწიფოსა და არარეგულარული ძალების დაპირისპირება ჰიბრიდული ელემენტებით, ბრძოლის ველის დეცენტრალიზებული მართვა (XX ს. II ნახევარი-XXI საუკუნე).
- V თაობის ომი – თანამედროვე ფაზა, სადაც ომის წარმოებისას მთავარია ინფორმაციის, მიზანმიმართული ნარატივის, კიბერსივრცის და ფსიქოლოგიური ზემოქმედების კონტროლი. (XXI საუკუნე).
მე-5 თაობის ომის არსი
მე-5 თაობის ომი არსებითად არის დაპირისპირებულ „გონება შორისი ომი“ მისი მთავარი მიზანი არა მხოლოდ ტერიტორიის ან სამხედრო ობიექტების კონტროლია, არამედ მოწინააღმდეგის ცნობიერების, გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და სოციალური სტაბილურობის შერყევა.
მისი ძირითადი მახასიათებლებია:
- ინფორმაციული დომინაცია – დეზინფორმაცია, პროპაგანდა, სოციალური ქსელების გამოყენება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის.
- კიბერუსაფრთხოება და ჰაკერული შეტევები – ენერგოსისტემებზე, ფინანსურ სექტორზე ან სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერთავდასხმები.
- არაგამჭვირვალე აქტორები – კონფლიქტში ჩართული შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ სახელმწიფოები, არამედ კერძო ჯგუფები, კორპორაციები, ჰაკერული ქსელები.
- ჰიბრიდული სტრატეგია – სამხედრო ძალის, დიპლომატიური ზეწოლის, ეკონომიკური სანქციებისა და საინფორმაციო ოპერაციების ერთობლიობა.
- ფსიქოლოგიური ზემოქმედება – შიში, ნიჰილიზმი და საზოგადოების დემორალიზაცია, რაც ხშირად პირდაპირ სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე აღწევს შედეგს.
ტექნოლოგიური საფუძვლები
მე-5 თაობის ომი ვერ იარსებებს თანამედროვე ტექნოლოგიური გარემოს გარეშე. ასეთი ომის წარმოებისთვის მთავარი ფაქტორებია:
- ინტერნეტი და სოციალური მედია – ინფორმაციის სწრაფი გავრცელება და ნარატივების გლობალური კონტროლი.
- ხელოვნური ინტელექტი – დეზინფორმაციის ავტომატიზაცია, სიღრმისეული ფეიკების (deepfake) შექმნა.
- კიბერსივრცე – სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობა.
- დრონები და რობოტიზაცია – საშუალებას იძლევა შეტევები განხორციელდეს მინიმალური ადამიანური ჩართულობით.
მაგალითები პრაქტიკაში
- რუსეთ-უკრაინის ომი (2014 წლიდან დღემდე) – რუსეთის საინფორმაციო კამპანიები, დეზინფორმაცია, კიბერშეტევები უკრაინის ენერგოსისტემასა და სახელმწიფო სტრუქტურებზე.
- სირიაში მიმდინარე ომი – სოციალური მედიის გამოყენება ტერორისტული ორგანიზაციების მიერ რეკრუტირებისა და პროპაგანდისთვის.
- აშშ-ჩინეთის კონკურენცია – ტექნოლოგიური და საინფორმაციო სივრცის გლობალური დაპირისპირება, ეკონომიკური ზეწოლის ელემენტებით.
რობოტიზებული სისტემები მე-5 თაობის ომში
მე-5 თაობის ომის ერთ-ერთი ფუნდამენტური განზომილება არის რობოტიზებული და ავტონომიური სისტემების ინტეგრაცია სამხედრო და საინფორმაციო სტრატეგიაში. თუ წინა თაობებში ტექნოლოგიები მხოლოდ დამატებით საშუალებას წარმოადგენდა, მე-5 თაობაში რობოტიზაცია გარდაიქმნა ძირითად ინსტრუმენტად, რომელიც აძლიერებს როგორც სამხედრო, ასევე არატრადიციულ (კიბერ, საინფორმაციო, ეკონომიკურ) ფრონტებს.
უპილოტო საფრენი აპარატები (UAV)
- ტაქტიკური და სტრატეგიული როლი – დრონები გამოიყენება სადაზვერვოდ, სამიზნეების აღმოჩენისთვის, ზუსტი დარტყმებისთვის და ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.
- „დრონების ხროვა“ (Drone Swarm) – მრავალრიცხოვანი, შედარებით იაფი დრონების კოორდინირებული მოქმედება ერთიანი ქსელით, რთულ ამოცანებს აგვარებს, როგორიცაა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვა.
- კომერციული პლატფორმების სამხედრო გამოყენება – სამოქალაქო კვადროკოპტერები (მაგალითად კომერციული FPV დრონები ან DJI-ს Mavic/Matrice და სხვა) გადაიქცა ბრძოლის ველის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ იარაღად.

სახმელეთო რობოტები
რობოტიზებული ჯავშანტექნიკა და მცირე ზომის პლატფორმები გამოიყენება დანაღმული ველების გაწმენდაში, დაზვერვასა და საბრძოლო მხარდაჭერაში. ასევე ლოგისტიკური სამუშაოებისთვის და სამედიცინო საევაკუაციო მიზნით.
აღსანიშნავი მოდელებია:
- სამხრეთ კორეული Hanwha Arion-SMET
- ესტონური Milrem Robotics-ის THeMIS.
- ამერიკული Black Knight, Oshkosh Defense ის RCV-L და Oshkosh RCV.
- რუსული Уран-9 და Штурм
- ისრაელის Rex MK II
- გერმანია Rheinmetall Autonomous Combat Warrior Wiesel
ეს მხოლოდ მცირე სიაა ავტონომიური რობოტიზებული პლატფორმებისა რომელთა უმეტესი ნაწილის დანერგვაც ამ დროისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ძალებში და ჯარების სხვადასხვა სახეობებში სხვადასხვა კონფიგურაციით იტესტება.

საზღვაო პლატფორმები
- უპილოტო წყალზედა და წყალქვეშა სისტემები – გამოიყენება როგორც სადაზვერვო, ასევე საბრძოლო მისიებისთვის. განსაკუთრებით ეფექტიანია ნავსადგურებისა და საზღვაო ხაზების დასაცავად.
- 2022 წლიდან უკრაინაში – მცირე ზომის უპილოტო კატარღები გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლაში. Magura-ს ტიპის სხვადასხვა კონფიგურაციის დრონი კამიკაძე კატარღით არაერთი რუსული მსხვილი ხომალდი დაზიანდა და განადგურდა შავ ზღვაში.
ხელოვნური ინტელექტი და ავტონომიურობა
- AI-ს როლი – რობოტიზებულ და ბრძოლის მართვის ერთიან სისტემებში ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს რეალურ დროში გადაწყვეტილების მიღებას, სამიზნეების იდენტიფიკაციასა და ოპტიმალურ მანევრს. კრიტიკულ გადაწყვეტილების მიღების ეტაპამდე მაქსიმალურად ამცირებს ადამიანურ სამუშაოს.
- ეთიკური დილემები – ადამიანის ჩაურევლად სასიკვდილო გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დისკუსიის საგანია. „მკვლელი რობოტების“ (Lethal Autonomous Weapons Systems – LAWS) გამოყენება უკვე იწვევს სამართლებრივ და ჰუმანიტარულ შეკითხვებს.
რობოტიზაციის გავლენა მე-5 თაობის ომზე
- ბრძოლის ველის დემოკრატიზაცია – იაფი დრონები აძლევენ მცირე სახელმწიფოებსა და არარეგულარულ ჯგუფებს შესაძლებლობას, დაუპირისპირდნენ გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეს. იაფიანი დრონების მასირებით დააკომპენსირონ ჩამორჩენა საჰაერო ძალებში და არტილერიაში.
- ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ეფექტი – კამერებით აღჭურვილი რობოტები ქმნიან ვიზუალურ მასალას, რომელიც სოციალური მედიის გავლენით ხშირად უფრო ძლიერ იარაღად იქცევა, ვიდრე თავად რობოტიზებული პლატფორმის გამანადგურებელი პოტენციალი.
- საპასუხო სტრატეგიების საჭიროება – ელექტრონული ომი, კიბერუსაფრთხოება და ანტიდრონული სისტემები გარდაიქმნა უსაფრთხოების პრიორიტეტებად. ამ მხრივ პლანეტის მოწინავე ქვეყნები არიან უკრაინა, რუსეთი, აშშ, ისრაელი, ჩინეთი.
საფრთხეები და გამოწვევები
მე-5 თაობის ომი კლასიკური მოწყობის სახელმწიფოთა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის:
- რთულია მტრის იდენტიფიცირება;
- საზღვრები ფაქტობრივად გაუქმებულია ვირტუალურ სივრცეში;
- ტრადიციული სამხედრო დოქტრინები ხშირად უძლურია;
- მოქალაქეთა ცნობიერება და ყოველდღიური ცხოვრება პირდაპირ იქცევა ბრძოლის ველად.
დასკვნა
მე-5 თაობის ომი ახალი რეალობაა, სადაც გამარჯვებას აღარ განსაზღვრავს მხოლოდ სამხედრო ტექნიკის რაოდენობა და ტექნიკური მონაცემები. გადამწყვეტი ხდება ინფორმაცია, ნარატივების კონტროლი და ტექნოლოგიური უპირატესობა. ამ ტიპის ომის მთავარი მიზანი უფრო მეტად მოწინააღმდეგის დასუსტება და გავლენის მოპოვებაა, ვიდრე ტოტალური ფიზიკური განადგურება.
წყარო: homomilitaris.com