ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
Google search engine
მთავარიანალიტიკარუსეთის საინფორმაციო ოპერაციები DFRLab-ის ანგარიშში - საქართველოს მთავრობამ გამოიყენა რუსეთთან ომის შიში...

რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები DFRLab-ის ანგარიშში – საქართველოს მთავრობამ გამოიყენა რუსეთთან ომის შიში შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გასაძლიერებლად 

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) გამოაქვეყნა კვლევა – “უკრაინისთვის ძირის გამოთხრა: როგორ გააფართოვა რუსეთმა გლობალური საინფორმაციო ომი 2023 წელს”. 

კვლევაში ნათქვამია, რომ 2023 წელს რუსეთი განაგრძობდა საინფორმაციო გავლენის ოპერაციების გაფართოებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში და რომ  კრემლმა სტრატეგიულად გამოიყენა არსებული უთანხმოებები და მოვლენები ამ ტერიტორიებზე, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინას და გააძლიეროს რუსეთის გავლენა ადგილზე, რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტაქტიკა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტს სამიზნე ქვეყნისთვის.

ერთ-ერთი ასეთი საკითხი, კვლევის მიხედვით, იყო მეამბოხე/ომის წამომწყები ნარატივების პოპულარიზაცია, რომლებიც იღებენ სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ საბოლოოდ სტრუქტურირებულია სამიზნე ქვეყნებში ომის შიდა შიშების გასაძლიერებლად. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პოლონეთსა და უკრაინაში კრემლი ცდილობდა უთანხმოების დათესვას ორი ქვეყნის პარტნიორებში დეზინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს პოლონეთს აქვს მტრული ზრახვები უკრაინის მიმართ. მოლდოვაში რუსული პროპაგანდის ნაწილი იყო, რომ მოლდოვისა და უკრაინის ძალები გეგმავდნენ ჩარევას მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში დნესტრისპირეთში. 

“ანალოგიურად, 2022 წლიდან საქართველოს მთავრობამ გამოიყენა რუსეთთან ომის შიში, როგორც საშუალება უკრაინის ადგილობრივი მხარდაჭერის შესამცირებლად და მისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის წინსვლისთვის”, – წერია ანგარიშში.

DFRLab-მა მსგავსი ტენდენცია დააფიქსირა სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში, საქართველოში და სომხეთში. ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად სომხეთის დაძაბული ურთიერთობებისა რუსეთთან, ქვეყანამ გააფართოვა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან.

“საქართველოში 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირდაპირი ფრენების აკრძალვა მოიხსნა და ვაჭრობა გაიზარდა, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის იმპორტში.

ორივე ქვეყანაში პროპაგანდისტული კამპანიები ცდილობდნენ მოსახლეობის მანიპულირებას, პარალელების გავლებით უკრაინაში არსებულ ვითარებასთან და წარმოაჩენდნენ მის გზას, როგორც ომისკენ მიმავალ გზას. საქართველოში სამთავრობო პროპაგანდა უფრო შორს წავიდა და დაადანაშაულა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) რევოლუციის მოწყობაში, რაც ასევე აზერბაიჯანშია გავრცელებული”, – წერს ორგანიზაიცა.

სიტუაციის ანალიზი: საქართველო 

“2022 წლის თებერვლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველომ გაზარდა ვაჭრობა რუსეთთან და ამავდროულად შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. მთელი იმ წლის განმავლობაში, რუსული პროდუქცია შეადგენდა ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სექტორის მზარდ ნაწილს, რაც ეკონომიკურ ნარატივებს აყვავების საშუალებას აძლევდა.

როდესაც ქვეყანა 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” გაამძაფრა თავისი რიტორიკა, გააძლიერა ანტიდასავლური შეთქმულების თეორიები ქვეყნის შიგნით უცხოეთის მიერ მოწოდებული გადატრიალების მცდელობების შესახებ.

ომის დაწყების შემდეგ მმართველმა პარტიამ გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა და შეეცადა შეეტანა საკამათო კანონპროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მაისში რუსეთმა გააუქმა ქართული ავიაკომპანიებისთვის ფრენებზე აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, იმავე თვეში, თბილისის მერიამ სანქცირებული რუსული კომპანია “კამაზისგან” ოთხი მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სატვირთო მანქანები შეიძინა.

“24 მაისს, კატარის ეკონომიკური კონფერენციის დროს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა კოლაფსს განიცდის, თუ ქვეყანა რუსეთს ფართო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე უწესებდა უფრო ვიწრო ფინანსურ სანქციებს რუსეთს”, – ამბობენ მკვლევრები.

საქართველოს მაგალითის განხილვაში მოხვდა აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების ფაქტიც, “რომელიც ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეშია”.

ანგარიშში წერია, რომ მოგვიანებით, იმავე შემოდგომაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯგუფები საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ “აწყობდნენ შეთქმულებას ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოსაწყობად” “მთავრობის ძალადობრივად დამხობის” მიზნით და “2014 წელს უკრაინაში ჩატარებული „ევრომაიდანის“ საპროტესტო აქციების მსგავსი სცენარით”.

“შემდგომ განცხადებაში სუს-მა დაადანაშაულა USAID პროგრამის დაფინანსებაში, რომელმაც სერბი ტრენერები საქართველოში ჩამოიყვანა, რათა ადგილობრივი აქტივისტები ესწავლებინათ ძალადობრივი ტაქტიკა ქვეყნის ხელისუფლების დასამხობად. მოგვიანებით, რუსულმა და აზერბაიჯანულმა პრო-სამთავრობო საშუალებებმა გამოიყენეს ეს ბრალდებები, რათა გაავრცელონ შეთქმულებები, რომლითაც აშშ-ს ადანაშაულებენ საზღვარგარეთ რევოლუციების მოწყობაში”, – წერია დოკუმენტში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა