10 სექტემბერს შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“, იგივე „ჰელსინკის კომისიაში“ გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა.
„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ – ამ სათაურით გამართულ სხდომაზე კონგრესმენებმა მოუსმინეს მოწმეებს:
- საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს;
- თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს;
- „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარ ლუკ კოფის.

მოსმენაზე ისაუბრეს „მეგობარი აქტის“ მიღების საჭიროებაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოებაზე რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან და თქვეს, რომ ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას.
ჰელსინკის კომისიის შეფასებით, საქართველო ოდესღაც აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო, დღეს კი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს.
HEARING—From Partner to Problem: Georgia’s Anti-American Turn
Georgia was once a core U.S. partner and a beacon of freedom in the Caucasus. Today, the ruling Georgian Dream party is dragging the country back into Russia’s orbit and deepening their relationship with China and other U.S. adversaries. Over the past few years, Georgian Dream has crippled Georgia’s institutions and further undermined Georgia’s sovereignty by courting Chinese investment while blocking U.S. businesses from Middle Corridor trade and access to Central Asian rare earth minerals. They have jailed opposition, used violence against peaceful protestors, and refused to relinquish their grip on power after elections widely viewed to be illegitimate. This poses an immediate and serious threat to U.S. interests in the region.
This hearing will examine the global consequences of Georgia’s slide into authoritarianism. Witnesses will also explore U.S. policy options, such as passage of the bipartisan MEGOBARI Act, to assist the people of Georgia as they seek to maintain their independence and longstanding, mutually beneficial relationship with the United States.
Witnesses: 1. President Salome Zourabichvili 2. Tinatin Khidasheli, former Minister of Defense of Georgia 3. Luke Coffey, senior fellow, Center on Europe and Eurasia, Hudson Institute
„მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, — როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული. სწორედ ამ ადამიანების სახელით მინდა ვისაუბრო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე და გავიხსენო, რომ უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარში გვედგა, რათა დაგვხმარებოდა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლური, რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფოს აშენებაში, რომელსაც დღეს ვკარგავთ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული გამარჯვება იყო რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, სანდო მოკავშირისგან იზოლაციაში მოაქცია როგორც საკუთარი თავი, ისე ქვეყანა, რითიც თანდათან უფრო მეტად დაუახლოვა ქვეყანა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ხდება ანტიდასავლური და პრორუსული. „ქართული ოცნების“ საჯარო პოზიციები სულ უფრო აგრესიულ, ანტიამერიკულ ტონს იღებს: საჯარო შეტევები აშშ-ის წარმომადგენლებზე, ამერიკის პოლიტიკაზე, მტრული თავდასხმები პირადად პრეზიდენტ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, აშშ-ის მიმართ ბრალდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე… პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს პირველ რიგში, რუსეთთან (რუსული პიარის რიტორიკის კოპირება), ჩინეთთან (ანაკლიას პროექტი, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკული პროექტის შეჩერების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო მიმოსვლა) და ირანთან“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ისაუბრა, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის, ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ჩინეთისა და რუსეთის გაზრდილი გავლენას, მმართველი რეჟიმის კორპორატიულს კავშირს ირანთან და ტერორისტ ლიდერებთან და თქვა, რომ თუ რუსეთს საქართველოზე გავლენის გაფართოების უფლება მიეცემა, ამით დაბლოკავს ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის პოტენციალს, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.
„კავშირი და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაცია აშშ-სა და ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სამხრეთ ფლანგებზე ექსკლუზიური ბატონობის აღდგენა. რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა! დრო აღარ არის ორაზროვნებისთვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ! ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო, მიუღებელი უნდა იყოს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ისაუბრა ქართველი ხალხის იმედგაცრუებაზე იმის გამო, რომ აშშ და ევროკავშირი მეტ მკაცრ ზომებს ვერ იღებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ.
თინა ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარულ ძალებთან კავშირების გაღრმავებაზე, განსაკუთრებით ჩინეთთან. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ანაკლიის პორტს დაჰპირდა ჩინურ კომპანიას, თუმცა საბედნიეროდ, გარიგება ჯერ არ დადებულა. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი საქართველოში არ დებს რეალურ ინვესტიციებს, არამედ „ქართული ოცნების“ კორუფციული და კლეპტოკრატიული ბუნების გამოყენებით, ნახულობს სულ უფრო მეტ მოგებას 4.5 მილიარდზე მეტის ოდენობის გაფორმებული კონტრაქტებით, რაც მხოლოდ ნაწილია.
„ეს ყველაფერი თქვენი ფულია — საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ამერიკის, ევროკავშირის გადასახადების გადამხდელთა და საქართველოს მოქალაქეების ფული. ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ჩინეთი საქართველოში ათეულშიც კი არაა“, — თქვა ხიდაშელმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას აშშ-ისთვის, ევროპისათვის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის სამი ფუნდამენტური მიზეზით: გეოგრაფია, სტრატეგიული დაკავშირებადობა, დემოკრატიული მაგალითი.
„საქართველო მდებარეობს შუა დერეფნის — თანამედროვე აბრეშუმის გზის — გულში.საქართველოს გარეშე თავისუფალი კორიდორი არ არსებობს. თუ ამ ღუზას დავკარგავთ, კარი გაიღება რუსეთისთვის, ირანისთვის და ჩინეთისთვის“, — განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, „ქართული ოცნების“ ირანთან კავშირებზე გაამახვილა ყურადღება ლუკ კოფიმ. მისი თქმით, ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა საგანგაშოა, მაგრამ საქართველოში შედეგები განსაკუთრებულად სერიოზულია, რადგან ეს ძირს უთხრის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასაც.
„ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი თვლის, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თანხვედრაშია მათი კურსი, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა: ირანთან დაახლოება ტრამპის მსოფლხედვას არ შეესაბამება; ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაშვება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ტრამპის ხედვასთან შეუთავსებელია; რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შექმნა კი ხელს უშლის ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის — რაც ამ თეთრი სახლის მთავარი საგარეო პრიორიტეტია“, — განაცხადა კოფიმ.
მას აბსურდული უწოდა „ოცნების“ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას აძალებს და თქვა, რომ ძალის არგამოყენების პოლიტიკა, რომელიც 2010 წლიდანაა მიღებული, საუკეთესო პოლიტიკაა საქართველოსთვის.
„თბილისის მდინარისპირა პარკში დგას რონალდ რეიგანის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ჩრდილოეთისკენ — რუსეთისკენ იყურება. ქართველებისთვის ის სიმბოლოა, რა შორი გზა გაიარეს საბჭოთა დროიდან და როგორი ნათელი მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. დასავლეთისთვის ეს გვახსენებს, რომ ცივი ომი უბრალოდ არ დასრულდა — ის მოიგეს. მოიგეს იმიტომ, რომ თავისუფლებამ და კაპიტალიზმმა სძლია ჩაგვრასა და კომუნიზმს; ეს იდეები აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე ნატოს ნებისმიერი არმია. ისეთი პარტნიორობა, როგორიც ამერიკასა და საქართველოს შორისაა, ორივე მხარის ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა მოსკოვის მარწუხები მტკივნეულია, ეს მაინც მხოლოდ მცირე თავი́ა საქართველოს გრძელ და ამაყ ისტორიაში. აშშ-ის პოლიტიკამ საქართველოს მიმართ უნდა იყოს სტრატეგიული — მზად უნდა ვიყოთ, რომ ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში დავაბრუნოთ, როცა პირობები ხელს შეუწყობს. მე მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი, მათი სამზარეულო, ღვინო, კულტურა — და ერთი რამე ვიცი: არასდროს უნდა დადო ფსონი ქართველი ხალხის და მათი გამძლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.
ამერიკელმა კანონმდებლები დაინტერესდნენ, აკეთებს თუ არა ივანიშვილი ფულს ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან ურთიერთობებიდან? ხიდაშელმა უპასუხა, რომ კი. ასევე დაინტერესდნენ, რუსეთის და ჩინეთის სამხედროები რაიმე კავშირში არიან თუ არა ქართველ სამხედროებთან. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ ასეთი პირდაპირი თანამშრომლობა საბედნიეროდ არ არსებობს. თუმცა ხაზი გაუსვა სათვალთვალო კამერები შეძენას სანქცირებული ჩინური კომპანიებისგან, რასაც საქართველოს მთავრობა პროტესტის მონაწილეების დევნისთვის იყენებს და რომ, ასეთი კამერები თავდაცვის სამინისტროშიც არის დამონტაჟებული.
„გამოდის, რომ არმია, რომელიც ნატოსკენ უნდა მიდიოდეს და აშშ-ის არმიასთან თანამშრომლობდეს, ამავდროულად სამინისტროს შიგნით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ჩინურ სათვალთვალო კამერებს იყენებს“, — განაცხადა ხიდაშელმა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან კავშირები სულ უფრო იზრდება დაზვერვის სფეროში და ეფესბესთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები შეუფერხებლად ჩამოდიან და გადიან საქართველოდან.
რესპუბლიკელი კონგრესმენი გრეგ მერფი დაინტერესდა, ხშირად ჩნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ.
„ახლა ვნახე, თითქოს ისიც, პუტინიც და სი ძინპინიც დაინტერესებული არიან რეგენერაციული მედიცინით, უკვდავებით… მინდა ვუთხრა — სამუდამოდ ვერ იცხოვრებს. მედიცინა იქამდე ჯერ ვერ მისულა“, — განაცხადა მერფიმ.
ყოფილმა სამხედრომ და კონგრესმენმა ჯეიკ ელზიმ რესპუბლიკური პარტიიდან გაიხსენა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა შეერთებულ შტატებს საერთაშორისო მისიებში და რომ დასავლეთმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა.
„პუტინი უნდა შეჩერებულ იქნას. „ქართული ოცნება“ უნდა შეჩერებულ იქნას“, — განაცხადა ელზიმ.