შაბათი, აპრილი 20, 2024
Google search engine
მთავარიმეცნიერებაბგერის ტალღების გამოყენებით, მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები ძვლის უჯრედებად გარდაქმნეს

ბგერის ტალღების გამოყენებით, მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები ძვლის უჯრედებად გარდაქმნეს

ღეროვან უჯრედებს აქვთ უნარი, გადაიქცნენ ნებისმიერ სხვა სახის უჯრედებად — სწორედ ამის საშუალებით ახერხებს ზოგიერთი ცხოველი კიდურების ხელახლა გაზრდას. მედიცინაში მათ გამოავლინეს პოტენციალი, რომლითაც შესაძლებელია ჭრილობის ან დაავადების შედეგად დაზიანებული სხეულის ნაწილების აღდგენა.

აღდგენითი პროცედურების ჩასატარებლად საჭიროა საჭიროებისამებრ ღეროვან უჯრედებზე მანიპულირების უნარი; ახალი კვლევა ამის ინოვაციურ გზას გვთავაზობს: მაღალი სიხშირის ბგერის ტალღების გამოყენებით ღეროვანი უჯრედების გადაქცევა ძვლის უჯრედებად, დღეში 10-წუთიანი სტიმულირების პროცედურით, სულ რაღაც ხუთ დღეში.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს მეთოდი, რომელიც ამჟამად გამოყენებული პროცედურებისგან რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა, შეიძლება გამოვიყენოთ კიბოს ან სხვა დეგენერაციულ დაავადებათა შედეგად დაკარგული ძვლების ხელახლა გასაზრდელად.

„ბგერის ტალღებმა ღეროვანი უჯრედების ძვლად გადაქცევისათვის საჭირო დრო რამდენიმე დღით შეამცირა. გარდა ამისა, ეს მეთოდი არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ, „ძვლის მასტიმულირებელ“ პრეპარატებს და ძლიერ ადვილია ღეროვან უჯრედებზე მისი მორგება“, — ამბობს მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი ემი ჯელმი.

მიდგომა ეფუძნება 10 მეგაჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერის ტალღებით მასალების მოდიფიცირების შესახებ წლების განმავლობაში ჩატარებულ შრომებს. ეს სიხშირე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე მკვლევრები აქამდე იყენებდნენ ამ სახის ექსპერიმენტებში. ამ შემთხვევაში, სილიკონურ ზეთში შერეული და კულტურის ფირფიტაზე მოთავსებული ღეროვანი უჯრედების გარდაქმნისთვის მიკროჩიპი გამოიყენეს.

გარკვეული წარმატება ამ სფეროში სხვა ექსპერიმენტულმა პროცესებმაც აჩვენა, მაგრამ მათი ჩატარება რთულია, ძვირი და ძნელია მასშტაბის გაზრდაც. ამავე დროს, საჭიროა პაციენტის ძვლის ტვინიდან აღებული ღეროვანი უჯრედები, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა.მსგავსი: ახალი იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, ხერხემლის დაზიანების…

ეს ახალი მიდგომა ნამდვილი გაუმჯობესებაა ყველა ამ სეგმენტში. მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ის რამდენიმე ტიპის ღეროვან უჯრედებში მუშაობს, მათ შორის ცხიმისგან მიღებულ ღეროვან უჯრედებში, რომელთა ორგანიზმიდან ამოღებაც არც ისე მტკივნეულია.

„შეგვიძლია გამოვიყენოთ ბგერის ტალღები წნეხის შესაბამისი ოდენობით, ღეროვანი უჯრედების სწორ ადგილებზე,რათა აღვძრათ შეცვლის პროცესი. ჩვენი მოწყობილობა იაფი და მარტივი გამოსაყენებელია, შესაბამისად, ადვილად შესაძლებელია მასშტაბის ზრდა ერთდროულად დიდი ოდენობით უჯრედების დასამუშავებლად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქსოვილის ეფექტიანად გამოსაყვანად“, — ამბობს ქიმიური ინჟინერი ლესლი იეო.

პროცესის შემდეგი ნაბიჯი სწორედ მასშტაბის ზრდაა. თეორიულად, ამ მიდგომამ პატარა ლაბორატორიული ტესტის მიღმაც უნდა იმუშაოს, მაგრამ მეცნიერები ამაში დარწმუნებას გეგმავენ.

სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად ღეროვანი უჯრედების სხვადასხვა ტიპის უჯრედებად გადაქცევის მიმართულებით, ბოლო დროს მეცნიერებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ.

თუკი შესაძლებელი გახდა ამ კონკრეტული პროცესის მასშტაბის ზრდა, მისი გამოყენება მედიცინაში მრავალმხრივ იქნება შესაძლებელი. მკვლევართა განცხადებით, ღეროვანი უჯრედების ამ მეთოდით დასამუშავებლად, თანდათან შეიძლება შეიქმნას ბიორეაქტორებიც.

კვლევა ჟურნალ Small-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ გაუშვა

სამვარსკლვიანმა გენერალმა, ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: " სამწუხაროდ საქართველომ გაუშვა უნიკალური შანსი გადაირაღების ბოლო 2 წელიწადში. საქართველოს ხელისუფლებამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა