“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI) 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს აჯამებს და კვლევას აქვეყნებს სახელწოდებით — “უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს”.
ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ დაწყებული უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ 600-ზე მეტი ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა აღირიცხა. მათგან დაახლოებით 200 მიმდინარე წელს მოხდა. ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების გამოყენება იქცა.
ანგარიშში ორგანიზაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილ შემთხვევებს სამ ძირითად მიმართულებად აჯგუფებს:
- სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ — მათ შორის, ე.წ. SLAPP სარჩელები, დაჯარიმება და დაპატიმრება;
- პარლამენტი, სადაც კრიტიკული კითხვების დასმა ისჯება;
- კომუნიკაციების კომისია, როგორც ქართული ოცნების ცენზორი.
ანგარიში ამ მიმართულებებით 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს მოიცავს. სხვა ტიპის დანაშაულები კი საერთო რაოდენობრივ სტატისტიკაშია თავმოყრილი. 2026 წლის იანვარ-აპრილის შემთხვევების ანალიზი ორგანიზაციამ 1 მაისს გამოქვეყნებულ ბლოგში წარმოადგინა.
კვლევა სრულად წაიკითხეთ აქ.
https://transparency.ge/ge/blog/ucqveti-protestis-2-celi-da-kritikuli-media-romelic-ver-gaachumes










