„ეს არის სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება, რომელმაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ჯარს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, მათ ოჯახებს. შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს და ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმად, მას რეალური ჰგონია, ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით რუსეთს დაეხმაროს და ქართველ ჯარისკაცებს უკრაინაში ომისკენ მოუწოდოს.
ირაკლი ბერაიას შეფასებით, ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად ეწევა თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას.
„ამ უპასუხისმგებლო სუბიექტს არაერთხელ გაუოცებია ქართული საზოგადოება უმსგავსო და არაადეკვატური განცხადებებით, მაგრამ ეს გაუგონარი და საღი აზრისგან შორს მდგარი ბოდვა ყოველგვარ საზღვარს გასცდა. შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად ეწევა თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას. ის არის პირდაპირ ჩართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდაში და მისი გამონათქვამების შინაარსით და სიმძიმით უშუალოდ ხდება საქართველოს მტრების მოკავშირე. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მართებს მეტი გონიერება, მეტი წინდახედულობა და მას უნდა ჰქონდეს ღირსება, მაგრამ როგოც ჩანს, ამ ადამიანმა ვერაფერი ისწავლა როგორც პრეზიდენტობისას, ასევე შემდგომ პერიოდშიც. ასეთი ადამიანები უღირსი განცხადებებით და სიცრუით სერიოზული საფრთხის მატარებლები არიან საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობ, შესაბამისმა უწყებებმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს თუ რა შეიძლება იყოს ასეთი განცხადების უკან მდგარი მოტივები და ამ განცხადების მიზანიც“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მინიმუმ, საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობას და ქართულ ჯარს.