კვირა, სექტემბერი 24, 2023
Google search engine
მთავარისაზოგადოებაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებების დინამიკა და სუს-ის ანგარიში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებების დინამიკა და სუს-ის ანგარიში


რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში
რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში

მეჯვრისხევი ოკუპირებულ სოფელ ღრომს ესაზღვრება, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში. მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების შემთხვევები აქ და მის მომიჯნავე სოფლებში – აძვში, კირბალში, ჯარიაშენში, ხშირია. 7 ივნისს კიდევ 6 მოქალაქის გატაცების თაობაზე გამჟღავნდა ინფორმაცია. ისინი ერთად, მდინარის პირას იმყოფებოდნენ, რა დროსაც რუსი მესაზღვრეები დაადგნენ თავს. შეიარაღებული პირების წინაშე, უიარაღოდ მყოფ ადამიანებს მოქმედების თავისუფლება არ ჰქონიათ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ჯაბა დვალიშვილი მაინც გამოიქცა. ის პოლიციამ გამოჰკითხა. დვალიშვილმა მედიასთან არაფერი თქვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი, 7 ივლისს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე 2022 წლის ანგარიშით წარსდგა. მან მეჯვრისხევში დაკავებული 6 ადამიანის თაობაზეც განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათ დროულად გასათავისუფლებლად.

მეჯვრისხევში, დაკავებულების ოჯახის წევრების ნაწილს არც კი ჰქონდა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც დააკავეს მშვიდობიანი მოქალაქეები, საქართველოს კონტროლირებულ სივრცეს წარმოადგენს და მას დასასვენებლად იყენებენ. მდინარეზე, ზაფხულის პერიოდში მუდმივად იმყოფებიან მოზარდები და ბავშვები. ადგილობრივები ამ ადგილს „როლაანდ წყალს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზი ამ ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით მდებარეობს.

მეჯვრისხევის ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, 5 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ლაშა ხეთერელი დააკავეს. როგორც ცნობილია, მისი ბებია და პაპა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ლაშა ხეთერელისთვის ეს, რიგით მეცხრე უკანონო დაკავებაა. უკანასკნელად ის რამდენიმე თვით იმყოფებოდა ცხინვალის ციხეში, საიდანაც მიმდინარე წლის 28 თებერვალს დააღწია თავი.

სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა, გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ბორდერიზაციის სამუშაოებს. „გასულ წელს უკანონო ბორდერიზაციის 69 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ხოლო 9 შემთხვევა აფხაზეთის მხარეს. უკანონო აქტივობები გამოიხატა, როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ეგრეთ წოდებული ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონო აღმართვაში. დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზზე ვიდეო კამერების დაყენების ფაქტები“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალები, რამდენიმე წელია ამონტაჟებენ სათვალთვალო კამერებს მავთულხლართებისა და ლითონის ღობეების პარალელურად. ეს პროცესი მიმდინარეობს ცალმხრივად. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ამონტაჟებს საქართველოს ხელისუფლება სათვალთვალო კამერებს ეგრეთ წოდებული ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, არის ის, რომ ეს ფაქტი, რამენარიად არ იყოს აღქმული ეგრეთ წოდებული საზღვრის დემარკაციად. წარმოდგენილი არგუმენტი რამდენად დამაჯერებელია, ეს კამათის საგანს წარმოადგენს, რადგან მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კამერებით, როგორც წესი, აღჭურვილია სოფლებისა და ქალაქების სხვადასხვა მონაკვეთი. კამერები უსაფრთხოების გარემოს აუმჯობესებს და მოქალაქეებისთვის უფრო მეტად დაცულ ატმოსფეროს ქმნის. ანალოგიური იქნებოდა ოკუპაციის ხაზის სიახლოვესაც, იქ რომ უსაფრთხოების კამერები ყოფილიყო განთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიების თაობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასეთია, მაგალითად, მითი იმის შესახებ, რომ თითქოს, ოფიციალური თბილისი ემზადებოდა ძალის გამოყენებისთვის. „ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების მიზნით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებდნენ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის გამაგრების, ბომბსაფრების რეაბილიტაციის, რეზერვისტთა მობილიზაციისა და სხვა უკანონო საქმიანობების თაობაზე,“- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა. ამასთან ეს ხდებოდა იმის პარალელურად, რომ საოკუპაციო რეჟიმმა სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა, თითქმის გაანახევრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთ-უკრაინის ომის გამო.

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ანექსიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო. ეს გამოვლინდა აფხაზეთში, უძრავი ქონების საკითხებთან მიმართებით. 2022 წლის 19 იანვარს გაფორმებულმა ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებამ, რუსეთისთვის ოკუპირებული ბიჭვინთის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აგარაკების მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია,“- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

სუს-ის მოადგილე ჰიბრიდული ომის ჭრილში განიხილავს იმასაც, რომ რუსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებს მუდმივ სარგებლობაში გადაეცათ ოკუპირებულ ბიჭვინთაში დიდი ფართობები. „საანგარიშო პერიოდში მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია ენერგოსექტორიში რუსი ინვესტორების მოზიდვისა და სტრატეგიული ობიექტების პროვატიზების აუცილებლობის შესახებ. ანექსიური პოლიტიკის ჭრილშია განსახილველი ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან,“- ამბობს ალექსი ბატიაშვილი.

2022 წელს გააქტიურდა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფსოუს მონაკვეთის გამარტივებული რეჟიმით კვეთის საკითხი. გაჟღერდა გამშვები პუნქტის გაუქმების იდეაც. მოსკოვის გავლენის დემონსტრირებას წარმოადგენდა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის წარმომადგენლის დანიშვნის ფაქტი,“- აღნიშნა სუს-ის უფროსის მოადგილემ.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაზე ფინანსური დამოკიდებულება ხელს უწყობს ანექსიურ პროცესებს. 2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი შეადგენდა 186 300 000 აშშ დოლარს, რომლის 42 პროცენტი წარმოადგენდა რუსულ ტრანშს (რამაც 77 500 00 აშშ დოლარი შეადგინა).

ოკუპირებული ცხინვალის ბიუჯეტი კი 120 მილიონი გახლდათ, რომლის 81 პროცენტი, 96 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, წინსვლა არაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული და დაღუპული საქართველოს მოქალაქეების საქმეებზე, დამნაშავეთა დაკავებისა და დასჯის მიმართულებით.

2022 წლის განმავლობაში ცხინვალში 44, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი დააკავეს.

ამ დროისთვის, ღია წყაროებით ცნობილია, რომ ცხინვალის ციხეში საქართველოს 13 მოქალაქე იმყოფება, ხოლო აფხაზეთში, ციხეში 4 მოქალაქეა, რომელთაგან ორი ქალია. ერთ-ერთი მათგანს, ქრისტინე თაკალანძეს დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ჯაშუშობის ბრალდებით, 5 მაისს საბოლოო განაჩენი გამოუტანა და 10 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა პატიმრობა. ციხეში რჩება ირაკლი ბებუაც, აფახაზეთის დროშის საჯაროდ დაწვის გამო. სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მოქალაქეების დაკავება, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით ხორციელდება.

სრულად წაკითხვა 

დაკავშირებული სტატიები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -
Google search engine

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები

Georgia
1,855,289
სულ შემთხვევები
Updated on September 24, 2023 6:48 am