ხუთშაბათი, მარტი 12, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაპოლიტპატიმრები, დევნა, რუსეთ-ირანის გავლენები – ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე

პოლიტპატიმრები, დევნა, რუსეთ-ირანის გავლენები – ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე

12 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც დაგმობილია საქართველოში “ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან” პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების “სისტემატური დევნა” და დაყენებულია მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ელენე ხოშტარია და სხვა პირები, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდის დემონსტრაციებთან დაკავშირებით “პოლიტიკური მოტივით” დააკავეს. 

კენჭისყრაზე რეზოლუციას, სათაურით “ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტპატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის ქვეშ,” მხარი 438-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 37 იყო. ხმის მიცემისგან თავი 81-მა დეპუტატმა შეიკავა.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D), ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), განახლებული ევროპის (Renew), მწვანეებისა (Greens/EFA) და მემარცხენეების (Left) ევროპარლამენტარების მხარდაჭერით მიღებული რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიები, განსაკუთრებით 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “დრაკონული კანონმდებლობა, მათ შორის, ‘უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი’; კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ; შესწორებები გრანტებზე კანონში, პოლიტიკური შეკრებისა და სისხლის სამართლის კოდექსში, ასახავს მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას, რათა მოხდეს განსხვავებული აზრის ჩახშობა, რაც რუსული სტილის რეპრესიის ანალოგიურია”.

რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ საპროტესტო აქციების შემდეგ ასობით ადამიანი დააკავეს, დააჯარიმეს და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყეს – “მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთა უმრავლესობაც წინასწარ პატიმრობაშია,” ხოლო ათეულობით ადამიანი “საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ დააპატიმრეს”. 

ამ ფონზე რეზოლუციით ევროპარლამენტარები გმობენ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის მიზანში ამოღებული ყველა პირისა და ელენე ხოშტარიას “პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას,” ასევე “ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემურ დევნას”. 

რეზოლუციში ევროპარლამენტარები ასევე გმობენ დაკავების დროს ხოშტარიასადმი “დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას” და მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ამასთანავე, ტექსტში ევროპარლამენტარები მოითხოვენ “პატიმრობაში ცუდად მოპყრობისა და ეროვნული უსაფრთხოების კანონის ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდებებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სანდო ცნობების გამჭვირვალე და დამოუკიდებელ გამოძიებას.”

რეზოლუცია ასევე “მკაცრად გმობს შემზღუდავი კანონების უწყვეტ მიღებას, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ახშობენ პოლიტიკურ აქტიურობას, სამოქალაქო პროტესტსა და საპირისპირო აზრს.

ამ ფონზე, დოკუმენტში ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ამ შემზღუდავი კანონების უკან წაღებისკენ და “პოლიტიკური რეპრესიების მიზნით” წინასწარი დაკავების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რათა “უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და სათანადო პროცესი.”

ტექსტში ხაზგასმულია ისიც, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა შეუთავსებელია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან. 

მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტარები ასევე ადასტურებენ ქართველი ხალხისა და დემოკრატიული ევროპული მომავლისადმი ქართველების ერთგულების მიმართ “ურყევ მხარდაჭერას”. ტექსტი ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარდაჭერა გაუწიონ და დაიცვან რისკის ქვეშ მყოფი ქართველი აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციური ფიგურები. 

ამას გარდა, რეზოლუციის დოკუმენტი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვა შემოიღონ “რეჟიმის წარმომადგენლებისა და მისი ხელშემწყობების” წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე.”

ევროპარლამენტმა რეზოლუციის საბოლოო ტექსტში შეიტანა ორი შესწორებაც. პირველ შესწორებით დოკუმენტში დაემატა ქვეპუნქტი, რომელშიც ევროპარლამენტარები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის გაგრძელების გამო. ტექსტში სააკაშვილი “ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლად” არის დახასიათებული. 

ხოლო მეორე შესწორებით ტექსტს კიდევ ერთი ახალი ქვეპუნქტი დაემატა, რომელშიც ევროპარლამენტარები “სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მზარდი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კვალის გამო,” რაც დოკუმენტის მიხედვით, არაერთი ანგარიშით დასტურდება და ასახულია “ადამიანების უფლებების მიმართ ქვეყნის გაუარესებულ მიდგომაშიც”.

აღნიშნულ შესწორებაში ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ, რომ მსგავსი ანგარიშების ავტორების, განსაკუთრებით, ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის, გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის, წინააღმდეგ გამოძიებები დაიწყო, “ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში ავტორიტარული ძალების გავლენების აშკარა და სისტემატური გაფართოების შესახებ მიგნებები აღმოფხვრილი იყოს”. ამ მხრივ ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის, აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებელი კვლევის თავისუფლებები.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

წამება, დევნა, ძალადობა, დაუსჯელობა და ჰააგა – რა წერია ეუთო/ოდირის ანგარიშში

10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა