„მნიშვნელოვანი აცდენა დაფიქსირდა – საყოველთაო აღწერას მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ უნდა ეჩვენებინა არცერთ ვარიანტში“, – მიიჩნევს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი, რომელსაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ახალ შედეგებზე ვკითხეთ: რა ლოგიკით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასი კაცით, როცა ბოლო 10 წელია საქართველოში შობადობა იკლებს და დემოგრაფიული კრიზისია, ქართველები კი, საქართველოს მასობრივად ტოვებენ?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 მილიონ 914 ათასია. „ოცნების“ მტკიცებით, საქართველოდან ადამიანები კი არ გარბიან, პირიქით, თითქოს იმდენად კარგი მდგომარეობაა, რომ მოსახლეობის რაოდენობა, 2014 წლის საყოველთაო აღწერასთან შედარებით, 200 ათასით გაზრდილა, ბათუმში კი, რეკორდული მაჩვენებელია და მოსახლეობა ბოლო 10 წელში 53 %-ით გაიზარდა – 152 ათასიდან 235 ათასამდე.
ანალიტიკოსებს დასაბუთებული ვარაუდი აქვთ, რომ სინამდვილეში მოსახლეობამ კი არ იხარა და იმრავლა – რუსები ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ. „ოცნების“ მთავრობა კი, წლების განმავლობაში მალავდა რეალურ მონაცემებს რუსეთის და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში რეალური შემოდინების შესახებ.
„შესაძლებელია რაღაც გარკვეული ცდომილება იყო, ეს არ არის ცა და დედამიწა“, – ცდომილებას მოსახლეობის ზრდის სტატისტიკურ მაჩვენებელში „ბათუმელებთან“ ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე, პაატა შავიშვილი. მან ისიც დაგვიდასტურა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდაზე მართლაც აისახება მიგრაციის მაჩვენებელი.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ზუსტი მონაცემი: უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს დღეს საქართველოში.
2026 წელს გამოაქვეყნებენ დაზუსტებულ მონაცემებს, სადაც დეტალურად გამოჩნდება – რომელი ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ბუნებრივი მატება იკლებდა – პირიქით უარყოფითი სალდო გვქონდა და დაახლოებით 4 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მიგრაციაშიც გვქონდა უარყოფითი სალდო – კლება იყო დაახლოებით 250 ათასი ადამიანი; ფიქსირდებოდა ისიც, რომ 16 წლამდე ბავშვებიც გადიოდნენ ქვეყნიდან, ანუ ოჯახებით ტოვებდნენ საქართველოს,“ – ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკოსი გოგა თუშურაშვილი ტყუილში ამხელს „ოცნებას“, მოსახლეობის აღწერის მონაცემებშიც.
გოგა თუშურაშვილი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI]“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელია.
„გამოდის, რომ დაახლოებით 460 ათასი ადამიანის შესახებ არ ვიცით ზუსტი მონაცემები – ამხელა ცდომილება უცნაურია… თუ ამხელაა ცდომილება, მაშინ ეს აღწერა ფაქტობრივად შეფასებით მონაცემებში ვეღარ გამოდგება. არ მგონია, საქმე გვქონდეს რაიმე სახის მეთოდოლოგიურ უზუსტობასთან,“ – ამბობს გოგა თუშურაშვილი.
საიდან 450 ათასი, რა ციფრზეა ლაპარაკი? – ანალიტიკოსი განმარტავს, რომ 250 ათასი მიგრაციის უარყოფითი სალდოა, რასაც 200 ათასი ემატება – რაოდენობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გაიზარდა.
„მიგრაციის უარყოფითი სალდო გამოხატავს, რამდენი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. მაგალითად, თუ ქვეყანა დატოვა 20 ათასმა ადამიანმა, მაგრამ შემოვიდა 15 ათასი, უარყოფითი სალდო იქნება 5 ათასი.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში გვაქვს უარყოფითი მიგრაციის სალდო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩათვლით – 250 ათასი. აქედან დაახლოებით 13 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ამ დროს პირიქით, მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასით იზრდება. გაზრდა სავარაუდოდ უკავშირდება უცხო ქვეყნებიდან მოქალაქეების შემოსვლას, ეს იქნება რუსეთი, ინდოეთი, ირანი და ასე შემდეგ,“ – მიიჩნევს გოგა თუშურაშვილი.
რამდენად სწორია ვარაუდი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში მართლაც რუსები შემოვიდნენ? – ვეკითხებით ანალიტიკოსს და რამდენიმე დღის წინ საქართველოდან გაძევებულ „ბათუმელ მედროშეს“, თურქეთის მოქალაქეს – თემურ ქათამაძეს ვახსენებთ. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, გამოცდების უმაღლესი ქულებით ჩააბარა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, ასევე ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც დროებითი თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი.
აჩვენებს თუ არა ეს დამოკიდებულება იმას, რომ რუსეთისგან განსხვავებით სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ „ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება განსხვავებულია?
„თემურ ქათამაძე აღმოჩნდა რეპრესიების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფო დაუპირისპირდა,“ – მიიჩნევს გოგა თუშურაშვილი. დასძენს, როცა მსგავსი სტატისტიკა მოსახლეობაში ნდობას არ იწვევს და ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებაში გამოჭერილია: „ადამიანები საკუთარ თვალებს უფრო ენდობიან, საკუთარი თვალით ნანახს და ყურით მოსმენილს, ვიდრე სტატისტიკას,“ – დასძენს გოგა თუშურაშვილი.
რა აჩვენა „ბათუმის რეკორდმა?“
„მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმში დაფიქსირდა, სადაც იგრძნობა რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე. „ოცნების“ ხელისუფლებას არ უნდოდა იმის ჩვენება, რომ რუსეთის მოქალაქეები ამ მასშტაბით შემოდიოდნენ საქართველოში, რომ ამ მონაცემების გამჟღავნებას არ გამოეწვია მოსახლეობის უკმაყოფილება.
ამით ხელისუფლება ცდილობდა დემოგრაფიული კრიზისის გადაფარვასაც, რაც რეალურად არსებობს.
თუ დამალვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, [„ქართული ოცნების“ მთავრობის] მოტივაცია იქნებოდა ის, რომ დამალონ ისეთი ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში და დაფუძნება, რაც საქართველოში მოსახლეობის უარყოფით შეფასებას იწვევს. ეს ვარაუდია, რომლის გადამოწმების საშუალება სამწუხაროდ არ გვაქვს,“ – აღნიშნა გოგა თუშურაშვილმა „ბათუმელებთან“.
ანალიტიკოსს ეჭვი აქვს სტატისტიკური მონაცემების ნამდვილობაზე, რომელსაც მიგრანტების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური შსს-ზე დაყრდნობით გასულ წლებში აქვეყნებდა.
„ხომ არ გვიმალავდა რეალურ მაჩვენებლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორის, უცხო ქვეყნის და განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების შესახებ?“ – კითხულობს გოგა თუშურაშვილი.
„გამორიცხეთ ასეთი რამ! უბრალოდ ეს არის სტატისტიკური მოვლენა, ზუსტდება მოსახლეობის რაოდენობა. თქვენ საუბრობთ მიმდინარე მონაცემებზე, ათვლის წერტილი არის აღწერა, აღწერიდან აღწერამდე ხდება მონაცემების შეფასება და შესაძლებელია რაღაც გარკვეული ცდომილება იყოს,“ – კატეგორიულია პაატა შავიშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს და შსს-ც ადმინისტრაციული ორგანოა, შესაძლოა, ყველა მონაცემი მოწესრიგებული არ ჰქონდეთ.
„ყველაფერი ადმინისტრაციულ წყაროები რომ იყოს მოწესრიგებული, მაშინ აღწერა საერთოდ არ ჩატარდებოდა – პირდაპირ ადმინისტრაციულ წყაროებს დავეყრდნობოდით.
ევროპულ ქვეყანასაც რომ დაადოთ ხელი, აღწერას ატარებენ და შემდგომში აზუსტებს მონაცემებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – ერთ წელში დავინახავთ, როგორი არის ზუსტად მოსახლეობის სტრუქტურა და სად იყო მატება,“ – გვითხრა პაატა შავიშვილმა.
თუ შობადობამ იკლო და მოსახლეობა ემიგრაციაში წავიდა – რა ლოგიკით შეიძლება გაზრდილიყო მოსახლეობის რაოდენობა, თუ საქმე არ გვაქვს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შესახებ გაყალბებულ მონაცემთან?
„ვერ გეტყვით, მოდით დაველოდოთ…
შობადობა ვერ ახდენს იმდენად გავლენას, მიგრაცია – ახდენს. ძალიან მცირე კლება იყო, ჯერ ერთი. მე ერთი შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე, რომ ციფრი, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის ძალიან ზუსტი.
ყველა ადმინისტრაციული წყარო იმის საფუძველს იძლევა, რომ იზრდება გარკვეულ კატეგორიაში მოსახლეობის რაოდენობა, მაგალითად, როცა ვადარებთ ამ მონაცემებს 2014 წელს: პენსიონერთა რაოდენობა არის 160 ათასით გაზრდილი, მოსწავლეთა რაოდენობა იყო 550 ათასი, ახლა არის – 641 ათასი, სტუდენტების რაოდენობა იყო 125 ათასი, 190 ათასია ახლა,“ – გვიპასუხა პაატა შავიშვილმა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.
მხოლოდ 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. ამავე წელს, საქართველოში რუსეთიდან 52 627 ადამიანი შემოვიდა. ეს საქართველოდან ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის თითქმის მესამედია. საქართველოში მიგრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კი, ლიდერი ოკუპანტი რუსეთია.
2024 წელსაც საქართველოში რუსეთის 23 574 მოქალაქე შემოვიდა, საქართველო დატოვა საქართველოს 64 594-მა მოქალაქემ.
ჯაბა ანანიძე
წყარო: batumelebi.netgazeti.ge