495 მომხრე, 73 წინააღმდეგი – ევროპელმა დეპუტატებმა “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიცია ერთობლივი რეზოლუციით გამოხატეს. ევროპის საკანონმდებლო ორგანოში 5 წამყვანი ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ევროპარლამენტარების უმრავლესობამ მოიწონა და მხარი დაუჭირა ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტებისადმი მოწოდებას, დაუწესდეს პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედების გამო. ევროპელ პოლიტიკოსებს ივანიშვილთან ერთად არც “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები გამორჩენიათ.
ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების გადახედვა და მთავრობისთვის დახმარების გაყინვა – ეს ის ორი ძირითადი მოთხოვნაა, რომელსაც ევროპელი დეპუტატების მხარდაჭერა აქვს. დასავლელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ როდესაც მოქმედი ხელისუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მათ ამისთვის შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადონ.
ევროპარლამენტის სხდომაზე იყვნენ “ქართული ოცნების” პოზიციის დამცველებიც. ორბანისა და მარი ლეპენის ჯგუფის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ეს ის დეპუტატები არიან, ვინც ევროპული გაერთიანების პრინციპების წინააღმდეგ მუდმივად იბრძვიან, ამის გამო მათ პოზიციას ევროპის საკანონმდებლო ორგანოში ყურადღებას არავინ აქცევს.
495 დეპუტატის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია ახლად არჩეული ევროპარლამენტის პირველი და ქართულ არჩევნებამდე მიღებული ბოლო დოკუმენტია. ევროპელმა პოლიტიკოსებმა საჭიროდ ჩათვალეს,რომ 26 ოქტომბრამდე 17 დღით ადრე ქართველი ხალხი ბოლოჯერ გაეფრთხილებინათ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყანას ოცნების ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ემუქრება.