ხუთშაბათი, ივლისი 18, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკასაქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სწრაფად იზრდება

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სწრაფად იზრდება

2022 წელს საქართველომ რუსე­­­­­­­თიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. რუსეთიდან მიღებულმა შემოსა­­­­­­­ვალმა საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% შეადგინა, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3% იყო, ხოლო მაქსი­­­­­­­მუმს – 9.9%-ს – 2018 წელს აღწევდა. ერთი შეხედვით, პარადოქსია, მაგრამ საქართ­­­­­­­­­­­­­­ველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკი­­­­­­­დებულების ზრდა უკრაინა-რუსეთის ომმა გამოიწვია.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებუ­­­­­­­ლების ზრდა საფრთხეა, რადგან რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები არაერთხელ გამოიყენა საქართველოს, უკრაინის, მოლ­­­­­­­­­­­­­­დოვისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართ­­­­­­­­­­­­­­ველოს ჯერ ბუნებრივი აირისა და ელექტ­­­­­­­­­­­­­­როენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქე­­­­ების დეპორტაცია დაიწყო. 

საინტერესოა, როგორ დაიწყო 2023 წელი, საქართველოს რუსეთზე დამოკი­­­­­­­დებულება გაიზარდა თუ შემცირდა. ამის გარკვევას ვაჭრობის, ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ანალი­­­­­­­ზით შევეცდებით.

საგარეო ვაჭრობა

2023 წლის იანვარ-მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქარ­­თული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 34%-ით (71 მლნ დოლარით) გაიზარდა და 281 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 40%-ით (223 მლნ დოლარით) გაიზარდა და 779 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართ­­ველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.2%-ია, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-მაისის მაჩვენე­ბელზე.

2023 წლის 5 თვეში იმპორტში რუსეთის წილი კი 11.3%-დან 13.3%-მდე გაიზარდა. 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი წელს რუსეთიდან იმპორტი 2-ჯერ არის გაზრდილი.

5 თვეში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მი­ლიარდ დოლარს გადასცდა, რაც 38%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-მაისის ბრუნ­­ვაზე. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 10.9%-დან 12.7%-მდე გაიზარდა.

2023 წლის იანვარ-მაისში რუსულ ბა­ზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველ ადგილზე 69 მლნ აშშ დოლარით ღვინო იყო, მეორე ადგილზე კი უალკოჰო­ლო სასმელებია 53 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის ფეროშენადნობები 45 მლნ აშშ დო­ლარით და მსუბუქი ავტომობილები 41 მლნ აშშ დოლარით. ნომინალურ ზრდას რაც შეეხება, ყველაზე მეტად – 34 მლნ დოლა­რით – მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა, რაც რეალურად რეექსპორტია. 27 მლნ დოლარით გაიზარდა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი, 23 მლნ დოლარით – ღვინის ექსპორტი.

ქართული საქონლის ექსპორტი რუსეთში, იანვარი-მაისი

წყარო: საქსტატი

ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღა­ლი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იან­­ვარ-მაისში რუსული ბაზრის წილი ღვინის ექსპორტში 58% იყო, ხოლო 2023 წლის 5 თვეში 67%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში პირველ ადგილ­­ზე ნავთობპროდუქტები იყო 264 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ბუნებრივი აირები (გაზი) 83 მლნ აშშ დოლარით, ხორ­­ბალი და ხორბლის ფქვილი – 39 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი – 35 მლნ აშშ დოლარით, მინის ბოთლები და ბოცები 22 მლნ დოლარით, ზეთი და მარგარინი 17 მლნ დოლარით და შოკოლადი 10 მლნ დო­ლარით. ნომინალურ ზრდას რაც შეეხება, ყველაზე მეტად – 139 მლნ დოლარით – ნავ­­თობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა. 44 მლნ დოლარით გაიზარდა გაზის იმპოტი, 13 მლნ დოლარით – მინის ბოთლებისა და ბოცების იმპორტი, 10 მლნ დოლარით – ქვა­ნახშირისა და კოქსის იმპორტი.

ბოლო წლებში რუსული ელექტროენერ­­გიის იმპორტს საქართველოში მოხმარე­ბულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2022 წელს საქართვე­ლოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტრო­ენერგიის წილი 2.6% იყო, ელექტროე­ნერგიის მთლიან იმპორტში კი – 24%. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მხოლოდ 8 მლნ კვტ/საათი რუსული ელექტ­­როენერგია მოიხმარა (ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების გარეშე), რაც ამ პერიოდის საქართველოს შიდა მოხმარე­ბის 0.1%-ია.

რუსული საქონლის იმპორტი საქართველოში, იანვარი-მაისი

წყარო: საქსტატი

განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრი­ვი აირის იმპორტში. 2022 წელს რუსული გაზი საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 21% იყო, 2023 წლის იანვარ-მაისში ეს მაჩვენებელი 31%-მდე გაიზარდა. თუმცა, რადგან საქართველოში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ნაწილი სოციალური ფასით შემოდის, საქართ­­ველოს საბოლოო მოხმარებაში რუსული ბუნებრივი აირის წილი 10%-მდეა.

ფულადი გზავნილები

ტრადიციულად, საქართველოსთვის შემო­სავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია. 2012-2021 წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში შემცირე­ბის ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლი­ან უცხოურ გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს – 17.5%. ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართვე­ლოში გადმორიცხული თანხები წლიდან წლამდე ძირითადად მცირდებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცუ­ლობა იზრდებოდა.

2022 წელს ფულად გზავნილებში სი­ტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. ომამდე რუსეთიდან საქართველოში თვეში საშუ­ალოდ 25 მლნ აშშ დოლარი ირიცხებოდა. გზავნილებმა სწრაფი ზრდა 2022 წლის აპრილიდან დაიწყო, როცა 133 მლნ აშშ დო­ლარი გადმოირიცხა. მაის-დეკემბერში კი ჩამორიცხვებმა თვეში საშუალოდ 230 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 2.1 მლრდ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული სულ მცირე 60 ათასი რუსეთის მოქალაქეა, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს ან/და თავად გადმოაქვთ საკუთარი დანაზოგი.

ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში, იანვარი-მაისი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან 993 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე თითქ­­მის 2-ჯერ მეტია. რუსეთის წილი გზავნი­ლებში 49.4%-მდე გაიზარდა, როცა 2021 წელს 16.5% იყო.

ტურიზმი და მიგრაცია

კოვიდ 19-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ად­­მინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგა­დაც საქართველომ 776 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემ­­ცირდა.

2022 წლიდან, პანდემიის დასრულებისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთი­დან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვ­­ნად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაო­დენობაზე 26%-ით ნაკლებია. თუმცა რუსი ვიზიტორების დანახარჯმა 891 მლნ დოლა­რი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 115 მლნ დოლარით მეტია. 

ცნობილია 2023 წლის პირველი კვარ­­ტალის მონაცემები, რომელთა მიხედვით რუსეთიდან საქართველოში 257 ათასი ვი­ზიტორი შემოვიდა, რაც 3.6-ჯერ მეტია 2022 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსი ვი­ზიტორების დანახარჯი 266 მლნ დოლარი იყო, რაც 4-ჯერ მეტია 2022 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე.

2022 წლის პირველ კვარტალში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზი­ტორების ჯამურ რიცხვში 12.5% იყო, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21.2%. რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემო­სავლის წილი საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემო­სავალში 2022 წლის პირველ კვარტალში 17.2% იყო, ხოლო 2023 წლის პირველ კვარ­­ტალში 33.5%-მდე გაიზარდა.

საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორები, იანვარი-მარტი

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთთან მიგრაციულმა სალდომ 56 ათა­სი ადამიანი შეადგინა, ანუ გასულ წელს ჩა­მოსული ვიზიტორებისგან საქართველოში საცხოვრებლად 56 ათასი დარჩა. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და დაწესებულ სანქციებს გაურბიან, რომელთა ნაწილმაც საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა გადაწყვიტა.

პირდაპირი ინვესტიციები

ბოლო წლებში რუსეთიდან საქართვე­ლოში შემოსული პირდაპირი ინვესტი­ციები მასშტაბური არ იყო. მაგალითად, 2018-2022 წლებში რუსული ინვესტიციე­ბის წილი საქართველოს მიერ მოზიდულ ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში 5.1% იყო, თუმცა საქართველოში უცხოური ინვესტი­ციების დაახლოებით 35% ოფშორებიდან შემოდის და, გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.

2022 წელს რუსეთიდან 71 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩ­­ვენებელზე 6%-ით ნაკლებია. 2022 წელს რუსეთიდან შემოსული ინ­­ვესტიციების 98% (69 მლნ დოლარი) უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანო­ბების დარგში განხორციელდა. შემდეგ სა­ინფორმაციო და კომუნიკაციის სექტორი მოდის 11.5 მლნ დოლარით, რაც ძირითა­დად IT-კომპანიების დაარსებას უკავშირ­­დება. სხვა დარგებში შედარებით მცირე მოცულობის ინვესტიციები განხორციელ­­და. საფინანსო სექტორში რუსეთიდან ინვესტიციები 35 მლნ დოლარით შემცირ­­და, რაც „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ დახურვამ განაპირობა.

რუსეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები

წყარო: საქსტატი

2023 წლის პირველ კვარტალში რუ­სეთიდან 28 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, როცა 2022 წლის პირველ კვარტალში, შემოსვლის ნაცვლად, საქართველოდან 11 მლნ დოლარის რუსუ­ლი ინვესტიციის გადინება დაფიქსირდა. 2022 წელს შემოსული 71 მლნ დოლარის ინ­­ვესტიცია წლის მეორე ნახევარზე მოდის. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსული ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიცი­ებში 5.7% იყო.

შეჯამება

2023 წელი საქართველოს რუსეთზე ეკო­ნომიკური დამოკიდებულების ზრდით დაიწყო. 2023 წლის პირველ კვარტალ­­ში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით 1.1 მლრდ აშშ დოლარის შე­მოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 4.5-ჯერ მეტია. პირ­­ველ კვარტალში რუსეთიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოს ეკონომიკის მიმართ 18% შეადგინა, როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 5.4% იყო, ხოლო მაქსიმუმს – 10.5%-ს – 2019 წლის პირველ კვარტალ­­ში აღწევდა. ასეთ ზრდას ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოში საცხოვრებ­­ლად ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებთან არის დაკავშირებული.

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

წყარო: forbes.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა წარადგინა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კონგრესის ვებსაიტზე. „ქალბატონმა შაჰინმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა