ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებასაჩხერეში სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა

საჩხერეში სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PfP) ფარგლებში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა.

ქართველ და უცხოელ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცეს. ღონისძიებას პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები: პოლკოვნიკი ადამ აუდჟიეჟი, მაიორი სერჰიი კრავჩუკი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი საქართველოში, პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დაესწრნენ.

ზამთრის შუალედურ სამთო კურსში 9 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის 3 პოლონელი, 2 უკრაინელი და 4 ქართველი. კურსი ერთი თვის განმავლობაში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა სამხედროებმა ახალქალაქში, აბულის სამთო სასროლეთზე გაატარეს, სადაც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ, ცივ კლიმატურ პირობებში სროლის წესები შეისწავლეს და სროლის შესაბამისი გამოცდაც ჩააბარეს, ხოლო მეორე ეტაპი გუდაურში ჩატარდა, სადაც სამხედროები ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას, გაუკვალავ თოვლში სრიალს, დაშავებულის ძებნა-გადარჩენა-ევაკუაციას, დაბრკოლებათა ზოლების მოწყობასა და გადალახვას მთიან რელიეფზე, ასევე მაღალ მთაში უსწორმასწორო რელიეფზე თხილამურებით გადაადგილების წესებს დაეუფლნენ. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა (ე.წ. იგლუ) და მასში ღამის გათენებაც მოუწიათ. კურსის ბოლო კვირას სამხედროებმა ყველა შესწავლილ მიმართულებაში შესაბამისი პრაქტიკული ტესტი ჩააბარეს, რის მიხედვითაც მათ საბოლოო კვალიფიკაცია მიიღეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს რეკომენდაცია გაეწიათ, მონაწილეობა მიიღონ ზაფხულის მაღალი მთის კურსში.

„საქართველო ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ საქართველოსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, რაც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება. სამთო მომზადების ცენტრი არის შესანიშნავი შესაძლებლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის როგორ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის, ასევე ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა საქართველოში, პოლკოვნიკმა, რუშენ აბიდინოღლუმ.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციელის, კაპრალის მარეკ დრუჟილოვსკის თქმით კი აღნიშნული კურსი კარგად იყო ორგანიზებული.

„გვქონდა ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობები. კურსის ინსტრუქტორებსა და მონაწილეებს შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. სამთო ინსტრუქტორები საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან. მათ შეგვასწავლეს თხილამურებით სრიალის ტექნიკა და გაგვიზიარეს მაღალმთიან რელიეფზე გადარჩენისთვის საჭირო ცოდნა. მინდა, რომ მადლობა გადავუხადო ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ქართველ ხალხს აქ გატარებული დღეებისთვის. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით განვითარდება“, – განაცხადა მარეკ დრუჟილოვსკიმ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა