„საქართველო ამაყად ატარებს ღვინის სამშობლოს ტიტულს” – ასე იწყებს CNN ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე თხრობას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ამერიკული ტელეკომპანიის CNN-ის ოფიციალურ გვერდზე სტატია სათაურით „ქართული ღვინის ისტორია – 8000 წლიანი უწყვეტი რთველი“ გამოაქვეყნა.
სტატიაში აღნიშნულია იმ სამეცნიერო დასკვნაზე, რომელიც ასაბუთებს, რომ ღვინის დაყენების 8 000 წლიანი ისტორია სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო.
„ვაზის გაშენებისთვის ხელსაყრელი, ზომიერი კლიმატით დაჯილდოებული საქართველოს ლანდშაფტი 525-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიშის სამშობლო გახდა. სახელგანთქმული ალაზნის ველი, კავკასიონის მთების ფონზე, მეღვინეობის თავშესაფარია, კარგად გაჟღენთილი, მინერალებით მდიდარი ნიადაგების კომბინაციით და სიმაღლით, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ გემოებსა და არომატს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაყენების კულტურა, რომელიც დაიწყო 8000 წლის წინ, არათუ ოდესმე დავიწყებას მიცემია, არამედ უფრო მეტად განვითარდა და გაძლიერდა. ქართული მევენახეობის ყველაზე გავრცელებული რიტუალი ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციაა. მიწაში ჩაფლული დიდი კონუსისებრი თიხის ჭურჭლის გამოყენება, დუღილის დროს ტემპერატურის ბუნებრივი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, რაც მას უნიკალურ ტექსტურას და კომპლექსურობას ანიჭებს“ – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო სავაჭრო კავშირებს ევროპასთან, აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან.
ფრაგმენტი სტატიიდან: „იმის გამო, რომ ქვევრი „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, საქართველოს უძველესი მეღვინეობის პრაქტიკა კვლავაც გლობალურად მიმზიდველია… თუ გსურთ აღმოაჩინოთ მეღვინეობის სამშობლო, საქართველო, ქართული ღვინო ნაბიჯ-ნაბიჯ აცოცხლებს ღვინის დაყენების პროცესს ნიადაგიდან ბოთლამდე.
სტატიაში საუბარია ასევე ქართულ სამზარეულოზე, საქართველოში დამკვიდრებულ ღვინის ფესტივალებზე და ღვინის ტურებზე, რაც იზიდავს როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისე ტურისტებს“.