ჩინეთის მისია Yutu-2-მა მთვარის ე. წ. ბნელ, ანუ მუდამ დედამიწის საპირისპიროდ მოქცეულ მხარეზე კიდევ ერთი საუცხოო აღმოჩენა გააკეთა. მშრალი, რუხი მტვრით დაფარულ ზედაპირზე მავალის პანორამულმა კამერამ გამჭვირვალე მინის ორი პატარა სფერო გადაიღო.მსგავსი: ჩინეთის მავალმა მთვარის „ბნელ მხარეს“ გელის მსგავსი…
ასეთი სფეროები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას მთვარის ისტორიის შესახებ, მათ შორის, მისი მანტიის შემადგენლობისა და სხვა კოსმოსურ ობიექტთა დაცემის შესახებ. მავალმა Yutu-2-მა შემადგენლობა ვერ განსაზღვრა, მაგრამ მთვარის ასეთი ბუნებრივი მარმარილოები მომავალში შეიძლება მნიშვნელოვანი სამიზნე გახდეს კვლევებისთვის.
მინა მთვარეზე სულაც არ არის იშვიათი. ეს მასალა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც სილიკატური მასალა მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება. ორივე ეს ინგრედიენტი კი მთვარეზე ნამდვილად ხელმისაწვდომია.
წარსულში მთვარეზე ბატონობდა დიდი ვულკანიზმი, რაც ვულკანურ მინებსაც წარმოქმნიდა; ძლიერი სიცხე გამოიყოფა პატარა ობიექტების, მაგალითად, მეტეორიტების ჩამოცვენისასაც, რის შედეგადაც მინა წარმოიქმნება.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პლანეტური გეოლოგის, ჟიონგ სიაოს განცხადებით, სწორედ ამ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე Yutu-2-ის მიერ დაფიქსირებული ბურთულების შემთხვევაში.
თუმცა, ამის გადაჭრით თქმა რთულია, რადგან ამ დრომდე მთვარეზე აღმოჩენილი მინების უმეტესობა Yutu-2-ს მიერ ნაპოვნი ბურთულებისგან განსხვავებულად გამოიყურება. მთვარეზე ასეთი ბურთულები ბევრია, მაგრამ მათი ზომა ძირითადად მილიმეტრზე ნაკლებია.მსგავსი: ჩინეთის მავალმა მთვარეზე აღმოჩენილ „უცნაურ…
დედამიწაზე მინის ასეთი ბურთულები (სფერულები) დარტყმისას წარმოიქმნება, რა დროსაც იმდენად ძლიერი სიცხე გამომუშავდება, რომ ქერქი დნება და ჰაერში იფრქვევა. გამდნარი მასალა მყარდება და უკან, მიწაზე მინის ციცქნა ბურთულების სახით ცვივა.
Yutu-2-ის მიერ ნაპოვნი ბურთულები გაცილებით დიდია, 15-25 მილიმეტრის ზომის. მთვარის ჩვენკენ მოქცეულ მხარეს 40 მილიმეტრის სიგანის მინის ბურთები აპოლო 16-ის მისიამაც აღმოაჩინა. მათი კვალი ახლომდებარე კრატერთან მიდიოდა და ისინიც დარტყმის შედეგად წარმოქმნილ ბურთულებად მიიჩნევა.
თუმცა, ამ ორ აღმოჩენას შორის არსებობს სხვაობები. როგორც სიაო და მისი კოლეგები განმარტავენ, „ბნელ მხარეს“ ნაპოვნი ბურთულები გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე ჩანს და გამოირჩევიან მინისებრი ბზინვარებით. გარდა ამ გამჭვირვალე ბურთულებისა, დააფიქსირეს კიდევ ოთხი სხვა ბურთულაც, რომლებსაც ასეთივე ბზინვარება აქვთ, მაგრამ მათი გამჭვირვალეობა ჯერ არ დასტურდება.
ეს სფერულები ახალი დარტყმითი კრატერების სიახლოვეს იპოვეს, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ისინი მთვარეზე მეტეორიტთა დაცემისას წარმოიქმნა, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ისინი იქ უკვე იყო, მაგრამ ზედაპირქვეშ ჩამარხული და მაღლა დარტყმის შედეგად ამოცვივდა.მსგავსი: მთვარის ზედაპირი მილიარდობით ადამიანის 100 000…
მკვლევართა ჯგუფის აზრით, ყველაზე სავარაუდო ახსნა ის არის, რომ ისინი ვულკანური მინა ანორთოზიტისგან არის წარმოქმნილი, რომელიც დარტყმის შედეგად ხელახლა გადნა და თავიდან მიიღო გამჭვირვალე ბურთულების ფორმა.
ისინი შეიძლება დედამიწაზე არსებული წარმონაქმნების, ტექტიტების ანალოგი იყოს; ტექტიტები არის კენჭის ზომის მინის ობიექტები, რომლებიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც დედამიწის მასალა დნება, ჰაერში იფრქვევა, მყარდება და დაბლა ჩამოცვენისას ბურთულების ფორმას იღებს.
შემადგენლობის კვლევის გარეშე ეს ჯერ დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ თუ ისინი მართლაც მთვარის ტექტიტებია, შეიძლება საკმაოდ გავრცელებული იყოს მთვარის ზედაპირზე.
„მაკროსკოპული და გამჭვირვალე მინის ბურთულების პირველად აღმოჩენის შედეგად, ეს კვლევა პროგნოზირებს, რომ ასეთი ბურთულები მთვარის მაღლობებზე უხვად უნდა იყოს, რაც მნიშვნელოვან სამიზნეს გვთავაზობს მთვარის ადრეული დარტყმების ისტორიის შესასწავლად“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Science Bulletin-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი