ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა ქონებაც ომის, მუდმივი ინფლაციისა და პოლიტიკური არეულობის ფონზეც კი ზრდას განაგრძობს.
გამოცემის 2024 წლის რეიტინგში 2,781 მილიარდერია – 141-ით მეტი გასულ წელთან და 26 მილიარდერით მეტი 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდთან შედარებით. ყველა დროის მაქსიმუმს – $14.2 ტრილიონს აღწევს მათი კოლექტიური ქონებაც. წლევანდელ სიაში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ჯამში 78 ქვეყნიდან ვხვდებით, ყველაზე მეტი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს, შემდეგ მოდის ჩინეთი და ბოლოს ინდოეთიც.
აშშ-ში მილიარდერთა რიგებს ბოლო წლის განმავლობაში 97 პირი შეუერთდა, მათ შორის არიან მეჯიკ ჯონსონი, სემ ოლტმენი და ტეილორ სვიფტი. კოლექტიურად, შარშანდელთან შედარებით, ამერიკელ მილიარდერთა ქონება $1.2 ტრილიონით გაიზარდა. ამჟამად აშშ-ში რეკორდულად ბევრი, 813 მილიარდერი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება კი $5.7 მილიარდს უტოლდება.
აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა ჩინეთი, მესამეზე – ინდოეთი, მისთვის რეკორდული 200 მილიარდერით. ჩინეთში, ერთი წლის განმავლობაში მილიარდერთა რიგებს 89 ადამიანი გამოაკლდა, თუმცა ქვეყანამ რეიტინგში მოწინავე პოზიციის შენარჩუნება მაინც მოახერხა. მეოთხე ადგილს, 132 მილიარდერით, გერმანია ინარჩუნებს.
ჩინეთში ამჟამად 406 მილიარდერი ცხოვრობს, $1.3 ტრილიონის კოლექტიური ქონებით, ინდოეთის უმდიდრესი მოსახლეობის ჯამური სიმდიდრე კი $954 მილიარდს აღწევს – 40%-ით მეტს გასულ წელთან შედარებით. მათგან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ოცეულში მოხვდნენ მუკეშ ამბანი და გაუტამ ადანი.
ქვეყნების რეიტინგის ხუთეულს კი რუსეთი ასრულებს – ქვეყანა, რომელიც უკრაინაში ომის მიუხედავად სიმდიდრის ზრდას აგრძელებს. რუს მილიარდერთა საერთო რაოდენობა წელს 120-მდე გაიზარდა – თხუთმეტით მეტი შარშანდელთან შედარებით. მათი ქონების საერთო ღირებულება $217 მილიარდითაა მომატებული და $537 მილიარდს აღწევს.
ტოპ-10 ქვეყანა მილიარდერთა რაოდენობის მიხედვით:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 813 მილიარდერი, $5.7 ტრილიონი
- ჩინეთი – 406 მილიარდერი, $1.3 ტრილიონი
- ინდოეთი – 200 მილიარდერი, $954 მილიარდი
- გერმანია – 132 მილიარდერი, $644 მილიარდი
- რუსეთი – 120 მილიარდერი, $537 მილიარდი
- იტალია – 73 მილიარდერი, $302 მილიარდი
- ბრაზილია – 69 მილიარდერი, $231 მილიარდი
- კანადა – 67 მილიარდერი, $315 მილიარდი
- ჰონგ-კონგი – 67 მილიარდერი, $330 მილიარდი
- გაერთიანებული სამეფო – 55 მილიარდერი, $225 მილიარდი
სალომე პაპალაშვილი
წყარო: forbes.ge