
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები “საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული მიდგომის დასტურია”, “უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას, ახორციელებენ დამატებით ზეწოლას დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის დამოუკიდებელ მედიაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე ან ინდივიდუალურ ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე”.
ამას გარდა, ვაიმარის სამკუთხედის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ამ ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს”.

“ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული მიდგომის დასტურია.
ჩვენ სრულად ვეთანხმებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 2026 წლის 6 მარტს გაკეთებულ განცხადებას. ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას, ახორციელებენ დამატებით ზეწოლას დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის დამოუკიდებელ მედიაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე ან ინდივიდუალურ ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე.
ამ ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის 2024 წლიდან განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება, რაც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს 2024 წლის დასკვნებით და შეფასებულია ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც თანმიმდევრულად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. ასევე, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, — წერია განცხადებაში.










