ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისია აკრიტიკებს „გრანტების კანონში“ ცვლილებებს, – ცვლილებებს, რამაც საქართველოში გერმანულ პოლიტიკურ ფონდებს დახურვა აიძულა.
ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოში 2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არაპროპორციულად ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმსა და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას.

დასკვნაში წერია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის თხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები “გრანტების შესახებ” კანონში, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში.
დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს შეზღუდვების შემცველ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ მონაწილეობასა და უცხოურ დაფინანსებას არეგულირებს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნაცვლად წინა რეკომენდაციების გათვალისწინებისა, ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს სამთავრობო კონტროლს, აფართოებს შეზღუდვებს, აწესებს ფართო მონიტორინგის უფლებამოსილებებსა და სისხლისსამართლებრივ სანქციებს. კომისიის შეფასებით, მოსალოდნელი გამოძიების, დევნისა თუ პატიმრობის რისკის გამო, პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა შეიკავონ თავი კანონიერი საქმიანობისგან, რაც ზღუდავს გაერთიანების, გამოხატვისა და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებებს.
ვენეციის კომისია იძლევა მკაცრ რეკომენდაციას, ხელახლა გადაიხედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება “გრანტების შესახებ” კანონის დარღვევისთვის, ასევე ისეთ ბუნდოვან ცნებებთან მიმართებით, როგორებიცაა “საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები”, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობა ან გრანტების რეჟიმისთვის გვერდის ავლა. კომისიის პოზიციით, ასეთი დარღვევები მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით უნდა რეგულირდებოდეს. თუ სისხლისსამართლებრივი სანქციები მაინც შენარჩუნდება, პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მკაცრად აუცილებელი შემთხვევებით და იყოს პროპორციული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს აკლია პროგნოზირებადობა. ტერმინები — “გრანტი”, “პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა”, “უცხოური სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაცია”, “ცხადყოფილი პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი”, “არალეგიტიმურობის აღქმის ჩამოყალიბება” და “სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება” — ფორმულირებულია გადამეტებულად ფართოდ და არაზუსტად, რაც ხელისუფლებას ჭარბ დისკრეციას ანიჭებს. კომისია მოითხოვს ამ ცნებების დაზუსტებასა და ვიწროდ განმარტებას.
ვენეციის კომისიის შეფასებით, საკანონმდებლო პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მიმდინარეობდეს განხილვის გარემოში, სადაც დაჩქარებული პროცედურები მხოლოდ გამონაკლისი იქნება და ყველა მხარეს ექნება პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.
დასასრულს, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ისურვა მასთან თანამშრომლობა ამ დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა აღნიშნავს, რომ კვლავ ღია რჩება შემდგომი დიალოგისთვის.
- Amnesty International: გრანტების შესახებ კანონში ცვლილება ავტორიტარული პრაქტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს
- “ოცნების” პარლამენტი “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
- “თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ” — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე










