სამშაბათს „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც მასშია აღნიშნული, მსოფლიოში ბირთვული იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფოს მიერ არსენალზე დახარჯული თანხები 2025 წელს თითქმის მეხუთედით გაიზარდა და $119 მილიარდი შეადგინა.
ცნობისთვის, „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია“ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა, რომელიც წლიური ხარჯების მონიტორინგს 2020 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს ბირთვული იარაღის არსენალზე ხარჯების 19%-ით ზრდა კი მონიტორინგის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჯგუფი მონიტორინგს უწევს ბირთვული იარაღის მფლობელ ცხრა ქვეყანას: აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს.
ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აშშ-მა ბირთვული იარაღის არსენალზე $69.2 მილიარდი დახარჯა, რაც ყველა დანარჩენი სახელმწიფოს ჯამურ დანახარჯებს აღემატება. წინა წელთან შედარებით, აშშ-ის დანახარჯის ზრდამ რეკორდული 22% შეადგინა.
ბირთვულ არსენალზე მეორე ყველაზე დიდი ხარჯი ჩინეთმა გასწია. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აზიურმა ქვეყანამ $13.5 მილიარდი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ შარშან ბირთვული არსენალის ხარჯებით დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს გადაასწრო. გაერთიანებული სამეფოს ბირთვული არსენალის ხარჯებმა წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტი, $12.6 მილიარდი შეადგინა. რუსეთის ხარჯები კი ამავე პერიოდში მხოლოდ 6%-ით, $9.5 მილიარდამდე გაიზარდა.
| # | ქვეყანა | წლიური ხარჯი (2025) | ზრდა წინა წელთან შედარებით |
| 1 | აშშ | $69.2 მილიარდი | 22% |
| 2 | ჩინეთი | $13.5 მილიარდი | 7% |
| 3 | დიდი ბრიტანეთი | $12.6 მილიარდი | 17% |
| 4 | რუსეთი | $9.5 მილიარდი | 6% |
| 5 | საფრანგეთი | $7.7 მილიარდი | 8% |
| 6 | ინდოეთი | $2.8 მილიარდი | 12% |
| 7 | პაკისტანი | $1.5 მილიარდი | 18% |
| 8 | ისრაელი | $1.2 მილიარდი | 2% |
| 9 | ჩრდილოეთი კორეა | $656 მილიონი | 4% |
დავით ბერაძე
წყარო: forbes.ge










