მთავარიანალიტიკასახელისუფლებო ტროლების „ხილული ხელი“: 445 ტროლის კოორდინირება „დიფ სთეითის“, დასავლეთისა და ოპოზიციის...

სახელისუფლებო ტროლების „ხილული ხელი“: 445 ტროლის კოორდინირება „დიფ სთეითის“, დასავლეთისა და ოპოზიციის წინააღმდეგ – მითების დეტექტორი

სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიების „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“  ფეისბუქ გვერდებზე დაკვირვების ფარგლებში “მითების დეტექტორმა” კიდევ 445 ყალბი ანგარიში გამოავლინა, რომლებიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის კონსპირაციულ და ანტიევროპულ პოსტებს კოორდინირებულად იწონებენ და სახელისუფლებო გზავნილების მხარდაჭერის იმიტირებას ქმნიან. 

წინა კვლევის ფარგლებში „მითების დეტექტორმა“ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პროფილის ფოტოებით მოქმედი 434 ანგარიში გამოავლინა, რომლებიც ამჟამად დეაქტივირებულია. იმის დასადგენად, რამდენად აღმოიფხვრა მსგავსი პრაქტიკა, მონიტორინგი ტელეკომპანიების „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ პოსტებზე გაგრძელდა.

„მითების დეტექტორის“ მიერ გამოვლენილი ანგარიშების ნაწილი ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ოქტომბერში გამოვლენილ პროფილებს, რომლებიც „ინტერპრესნიუსის“ პოსტებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერის იმიტირებას ახდენდნენ. მონიტორინგი აჩვენებს, რომ ამ ანგარიშების აქტივობა მხოლოდ „ინტერპრესნიუსით“ არ შემოიფარგლება და საეჭვო პროფილები სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე სხვა მედიასაშუალებების  პოსტებზეც რეაგირებდნენ. 

წინა კვლევის მსგავსად, მონიტორინგმა ანგარიშების ვიზუალური დუბლირების შემთხვევები, ასევე AI-გენერირებული პროფილის ფოტოებისთვის დამახასიათებელი ანატომიური და გეოლოკაციური შეუსაბამობები გამოავლინა. ამასთანავე, გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, რომ ანგარიშების უმეტესობას პროფილები აქვთ დახურული, მათი ნაწილი კი ადრე გამოვლენილი და დეაქტივირებული პროფილების ვიზუალს ატარებს.

მონიტორინგის შედეგად რამდენიმე საერთო ქცევითი მახასიათებელი გამოვლინდა:

  • ყალბი ანგარიშები მმართველი პარტიის პოლიტიკური გზავნილების მხარდაჭერის იმიტაციას ქმნიდნენ. მოწონებების გაზრდა ძირითადად მმართველი პარტიის პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და ქალაქის მერის პოსტებზე ხდებოდა, რომლებიც ოპოზიციის აკრძალვას, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას, დასავლეთის ორმაგ სტანდარტებს შეეხებოდა. კოორდინირებული რეაქციები დაფიქსირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გაშუქებასა და ბიძინა ივანიშვილის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების ამსახველ პოსტზეც.
  • მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა ტროლების მობილიზება ხელისუფლების კონსპირაციული იდეოლოგიის მხარდამჭერი ექსპერტის პოსტებზეც ხდებოდა.  ყალბი ანგარიშები იწონებდნენ ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის იმ ფეისბუქ პოსტებს სამთავრობო მედიებზე, რომლებიც „დიფ სთეითს“ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოპოვებასა და ევროპაში ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრების მცდელობაში, ასევე კონსერვატიული შეხედულებების ცენზურაში ადანაშაულებდა.
  • ანგარიშების უმრავლესობა ორ დღეში შეიქმნა: 329 ანგარიში 2026 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა, 109 კი  26 აგვისტოს.  ერთი ანგარიში 2026 წლის 20 ივლისს არის შექმნილი, ექვსი კი  2024 წლის იანვარსა და აპრილში. ამ ექვსი პროფილიდან ყველა სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ადამიანების იდენტობას იპარავს.
ყალბი პროფილების შექმნის თარიღირაოდენობა
2026 წლის 25 აგვისტო329
2026 წლის 26 აგვისტო109
2026 წლის 20 ივლისი1
2024 წლის იანვარი-აპრილი6
  • ანგარიშების უმრავლესობა AI-გენერირებულ ფოტოებს იყენებს: გამოვლენილი 445 ანგარიშიდან 316-ის პროფილის ფოტო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებაა. 129 პროფილის შემთხვევაში კი ცნობილი ადამიანების, პეიზაჟების, პოსტერებისა და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლების გამოსახულებები გვხვდება.
  • გამოვლენილი ანგარიშების უმეტესობას პროფილები დახურული აქვს. 445 ანგარიშიდან 300-ს ფეისბუქის Locked Profile ფუნქცია აქვს გააქტიურებული, რაც პროფილზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ხილვადობას ზღუდავს. ეს მახასიათებელი განსხვავდება „მითების დეტექტორის“ წინა კვლევაში გამოვლენილი 434 AI-გენერირებული ტროლის ქსელისგან, რომლის წაშლის შემდეგაც ახალი ანგარიშების ქცევაში შესაძლო ტაქტიკური ცვლილება იკვეთება. 
  • პროფილის ფოტოები წაშლილი ანგარიშების ვიზუალებს იმეორებს: ანგარიშების ნაწილში გვხვდება გამოსახულებები, რომლებიც „მითების დეტექტორის“ მიერ ადრე გამოვლენილი და ფეისბუქის მიერ წაშლილი ანგარიშები იყენებდნენ. ვიზუალის დუბლირებისას ანატომიური ხარვეზების დუბლირებაც იჩენს თავს.
  • პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, რასაც ანატომიურთან ერთად გეოლოკაციური, ასევე გრამატიკული ხარვეზებიც ადასტურებს: Hive Moderation-ის შეფასებით, ფოტოები 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია, ზოგ შემთხვევაში კი მაჩვენებელი 100%-ს აღწევს.  ხელოვნური ინტელექტის კვალს დამატებით ანატომიური უზუსტობები, ლოკაციის აღრევა და გრამატიკული შეცდომებიც ცხადყოფს.
  • ანგარიშების ნაწილში სახელები, გვარები და ფოტოები მეორდება: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ახალგამოვლენილ ანგარიშს ერთი და იგივე სახელი და გვარი ან ერთი და იგივე ფოტო აქვს გამოყენებული.
  • ანგარიშების ნაწილს ერთი და იგივე ფეისბუქ გვერდები აქვს გამოწერილი: 196 ანგარიშს მოწონებული აქვს გვერდი Tbilisinews.ge,  14-ს  „აი პოლიტიკა“, ხოლო 3 ანგარიშს  „Rustavi 2 • რუსთავი 2“. აღსანიშნავია, რომ „აი პოლიტიკა“ მოწონებული ჰქონდათ „მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში გამოვლენილ ყალბ ანგარიშებსაც.
  • სანდოობის გასაზრდელად მითითებულია რეალური სამუშაო ადგილები და სასწავლებლები: პროფილებში ჩამოთვლილია მუნიციპალური და საჯარო დაწესებულებები, ბანკები, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო კომპანიები, ასევე კრიტიკული მედიასაშუალებები, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და „TV პირველი“.
  • გამოგონილი პროფილები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნიან. სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანების ვიზუალური და ბიოგრაფიული მახასიათებლები მხარდაჭერის სოციალური მრავალფეროვნების იმიტაციას ემსახურება. პროფილებზე ორგანიზაციების მითითება ამ ორგანიზაციების ქსელთან კავშირს არ ადასტურებს.
  • ანგარიშების ნაწილს ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს: საეჭვო პროფილების უმეტესობას მეგობრები საერთოდ არ ჰყავს, ნაწილს კი მხოლოდ 1 ან 2 მეგობარი ჰყავს. წინა კვლევის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი ანგარიშები, რომელთა მეგობრების რაოდენობა 169-დან 4800-მდე მერყეობს. 

რა გზავნილებს იწონებენ ყალბი ანგარიშები?

„იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“  ფეისბუქ პოსტების რეაქციების ანალიზი აჩვენებს, რომ საეჭვო ანგარიშების მობილიზება ძირითადად რამდენიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახი კალაძე) სტრატეგიულ გზავნილებზე ხდება, გამონაკლისის სახით კი, მნიშვნელოვან სამთავრობო განცხადებაზე (საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პარტიების აკრძალვის პროცესზე ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ), პირის (ბიძინა ივანიშვილის დასწრება პარტიულ ღონისძიებაზე) და ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის (ზაზა შათირიშვილი) კონსპირაციულ და ანტიდასავლურ გზავნილებზე.

გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების კოორდინირებული აქტივობა შემდეგი გზავნილების მხარდაჭერის გასაძლიერებლად:

  • ოპოზიციის წინააღმდეგ და პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის მხარდასაჭერად გზავნილების მოწონება ირაკლი კობახიძის (რუსთავი 2, იმედი, იმედი) და კახი კალაძის (იმედი) სამთავრობო მედიის პოსტებზე გამოიკვეთა.
445 ტროლი
  • ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკა პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელზე შიდა საქმეებში ჩარევაა. ყალბი ანგარიშები მობილიზებული იყვნენ „რუსთავი 2-ის“ პოსტზეც, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ შეფასებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებდა, ასევე მიუთითებდა იმ ნეგატიურ გავლენაზე, რომელიც შესაძლოა ასეთ შეფასებებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე მოეხდინა. 
445 ტროლი
  • უცხოური ჩარევა როგორც მტრული, ასევე არამტრული ქვეყნებისგანაც საფრთხეა, დასავლური ინსტიტუტები საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფენ. არაავთენტური ანგარიშები მოწონებებით ამყარებდნენ პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის იმ გზავნილებს, რომლებიც ამკვიდრებდა აზრს, რომ უცხოური ჩარევა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს მტრული ქმედებაა და ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვისკენაა მიმართული (იმედი); რომ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია (იმედი); ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სუვერენიტეტს ზღუდავს (რუსთავი 2; იმედი); ევროკავშის წარმომადგენლობის განცხადება (მოსახლეობის მხარდამჭერი დაფინანსების შესახებ) სახელმწიფოებრიობას გვიუქმებს (რუსთავი 2); ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებება მცდარია (იმედი).
445 ტროლი
445 ტროლი
  • დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქალაქებში აქციების დაშლას არ გმობს, მაშინ როცა საქართველოს შემთხვევაში შეფასებებში მიკერძოებულია. ყალბი ანგარიშები ასევე კოორდინირებულად იწონებდნენ ირაკლი კობახიძის (იმედი), შალვა პაპუაშვილის (რუსთავი 2) და კახი კალაძის (რუსთავი 2) იმ პოსტებს, სადაც საფრანგეთსა და ევროპულ ქალაქებში პროტესტების დაშლის დროს გამოყენებული მეთოდების საპირწონედ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე დასავლეთის კრიტიკული განცხადებები და ზოგ შემთხვევაში მიღებული სანქციებიც იყო დასახელებული.
445 ტროლი

მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა ტროლების მობილიზება ხელისუფლების კონსპირაციული იდეოლოგიის მხარდამჭერი ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის პოსტებზეც კოორდინირებულად ხდებოდა.  კერძოდ, ყალბი ანგარიშები კოორდინირებულად იწონებდნენ შათირიშვილის იმ პოსტებს, რომლებიც  სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე „დიფ სთეითის“ გავლენას (იმედი, რუსთავი 2); ევროპაში ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრების მცდელობას, არასამთავრობოების მეშვეობით ქვეყნის მიტაცებას და ივანიშვილისთვის ოლიგარქობის დაბრალებას (იმედი, რუსთავი 2);   ასევე კონსერვატიული შეხედულებების ცენზურას და ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავსმოხვევას (იმედი) შეეხებოდა.

445 ტროლი

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ზაზა შათირიშვილის, ასევე სხვა პოსტების შემთხვევებში მოწონებები ერთი და იგივე თანმდიმდევრობით იჩენს თავს, რაც კოორდინაციასთან ერთად ავტომატიზაციის ელემენტებზეც მიანიშნებს.

445 ტროლი

ივანიშვილთან დაკავშირებული ბოლო პოსტი, რომელსაც სახელისუფლებო ტელეიმედის ფეიქსბუქზე ყალბი ანგარიშები კოორდინირებულად იწონებდნენ, 17 ოქტომბერს “ქართული ოცნების” ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასწრების ფაქტს შეეხებოდა.

445 ტროლი

პროფესიული იდენტობის მოპარვა და მხარდაჭერთა სოციალური მრავალფეროვნების იმიტირება

მეტი დამაჯერებლობისთვის ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ პროფილებს სხვადასხვა დასაქმების ადგილი აქვთ მითითებული. 

გამოვლენილი პროფილების მონაცემებში კონტექსტუალური შეუსაბამობებიც გვხვდება. მაგალითად, ლევან ქავთარაძეს, რომელიც რთველში, მანქანასთან გადაღებულ ფოტოზეა გამოსახული, სამუშაო ადგილად სუნამოებისა და დეკორატიული კოსმეტიკის მაღაზია “ვულე ვუ” აქვს მითითებული. ქეთი გიორგაძეს სამუშაო ადგილად “რადიო თავისუფლება”, თემო ხითარიშვილს და Nutsa Simonia-ს  კი – TV Pirveli News აქვთ მითითებული.

445 ტროლი
445 ტროლი
445 ტროლი

წინა კვლევების მსგავსად, პროფილები, რომელთა ვიზუალი ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა  და ინტერესების მქონე მხარდამჭერების სიმულაციას ქმნიდა.

445 ტროლი

AI-ს ანატომიური და სხვა ცდომილებები

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიზუალური მასალისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური დეფექტები და უზუსტობები ანატომიური აგებულების შემთხვევაშიც გამოვლინდა. მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება თითების არაბუნებრივი ფორმა, რაოდენობა და განლაგება, ასევე შეუსაბამობები გარემოში, ცდომილებები წარწერებსა და ლოგოებშიც ვლინდება.

“კახაბერ სიმონიას” პროფილის ფოტოზე ერთდროულად ვლინდება როგორც ეროვნული სიმბოლიკისა და გარემოს, ისე ანატომიური დეფექტები: საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორმაზე არსებული გერბი დამახინჯებულია და რეალურ სიმბოლოს არ შეესაბამება. ასევე, არაბუნებრივია უკანა ფონზე გამოსახული სტადიონიც, სადაც საფეხბურთო მოედნის მწვანე საფარზე თეთრი მონიშვნები (ე.წ. მოედნის ცენტრი) არ ფიქსირდება. გარდა ამისა, ფოტოზე გამოსახული ერთ-ერთი პირის ხელის მტევანი და თითები დეფორმირებულია

445 ტროლი

სიმონიკო ჯანაშიას სახელით მოქმედ პროფილის ფოტოზე გამოსახულ პირს ჭიქაზე მოკიდებულ მარცხენა ხელზე ხუთის ნაცვლად ექვსი თითი აღენიშნება. ამასთანავე, ფოტოს მარჯვენა ქვედა კუთხეში შესამჩნევია Google Gemini-ით გენერირებული ფოტოებისთვის დამახასიათებელი ნიშანი.

sakhelisuphlebo trolebis khiluli kheli 445 trolis koordinireba diph stheithis dasavlethisa da opozitsiis tsinaaghmdeg13 | mythdetector.com

ერთ-ერთი ანგარიშის ფოტოზე (Marine Gorgadze), ფიქსირდება თითების არასრული რაოდენობა, სადაც ღვინის ჭიქაზე მოკიდებულ მარცხენა ხელის მტევანს ნეკა თითი საერთოდ აკლია.  “თინათინ ლაგვილავას” პროფილის ფოტოზე, მარჯვენა ხელის მტევანს აკლია დეტალიზაცია და არაბუნებრივად ერწყმის მარცხენა ხელის მტევანს.

445 ტროლი

კიდევ ერთ მაგალითში, ფოტოზე გამოსახული ზურაბ გელაშვილის  მარცხენა ხელის მტევანი შარვლის ჯიბესთან არაბუნებრივად ერთიანდება; ხელის მტევანი ჯიბის არეში შარვლის ქსოვილზეა შეზრდილი. 

445 ტროლი

შეუსაბამობა გვხვდება ასევე  Tako Dvalishvili-ს გარეკანის ფოტოზე. ფოტოზე გამოსახულ პირს ხელში წიგნი უჭირავს, თუმცა წიგნზე დატანილი წარწერა დამახინჯებულია და “საქართველოს ისტორიის” ნაცვლად “საანთიეღოს ისტოოა” იკითხება.

445 ტროლი

ერთ შემთხვევაში ხარვეზები კარზე მიჯრით 2 სახელურის განთავსებასა და კარის სათვალთვალოს არაპროპრორციულ განლაგებაში გამოიხატებოდა, მეორე შემთხვევაში კი მანქანის დეფექტურ კარში.

445 ტროლი

ხარვეზები შეინიშნებოდა Apple-ის ლოგოს გამოსახულებასა და ჯვრის ფორმის აქსესუარზეც, რომელიც კანთან არაბუნებრივად იყო შეზრდილი.

445 ტროლი
445 ტროლი

ვიზუალური დუბლირება ძველ დეაქტივირებულ ტროლებთან

ანგარიშების ნაწილში გვხვდება გამოსახულებები, რომლებიც „მითების დეტექტორის“ მიერ ადრე გამოვლენილი და ფეისბუქის მიერ წაშლილი ანგარიშები იყენებდნენ.  ვიზუალის დუბლირებისას ანატომიური ხარვეზების დუბლირებაც იჩენს თავს. მაგალითად, Tako Chagelia და Nia Gamkrelidze-ის პროფილებს, რომლებიც დახურულია, წარსულში გამოვლენილი Maiko Vibliani-ს დეფექტიანი თითების ფორმის იდენტური ვიზუალი აქვთ გამოყენებული.

445 ტროლი

იდენტური დუბლირება ვლინდება ნინო  ბოკუჩავას და წარსულში გამოვლენილ Tamar Khutsiashvili-ს, ელენე მამარდაშვილისა და Lika Daushvili-ს და სხვათა შემთხვევაში.

445 ტროლი

ვიზუალური დუბლირების სხვა მაგალითები

“მითების დეტექტორის” გამოვლენილ ყალბი ანგარიშების ქსელში სახელები და ფოტოები მეორდება. ანგარიშებს შორის გვხვდება როგორც ერთნაირი სახელისა და გვარის მქონე პროფილები, ისე სხვადასხვა სახელით შექმნილი ანგარიშები, რომლებიც ერთსა და იმავე ფოტოს იყენებენ. მაგალითად. გამოვლინდა ორი დავით ნადირაძე (1,2)  ორი ანი სიხარულიძე (1,2) ორი ლევან ქავთარაძე (1,2). 

ორი იდენტური სახელი განსხვავებული ფოტოთი

445 ტროლი

ამასთან, სხვადასხვა სახელით წარმოდგენილ პროფილებზეც გვხვდება იდენტური ფოტოები.მაგალითად, ერთსა და იმავე გამოსახულებას იყენებენ ლენა სვანიძე და ლიზი ფარულავა; ლაშა ლაშხი და Dato Topadze;  თამაზ ბიბილაშვილი და Goderdzi Nadiradze; ნანი ბერაია, Ninuca Bodokia და Ana Lagvilava; ლენა მამაცაშვილი; Kristine Kavtaradze და Kete Lomidze; გიორგი სანიკიძე და Elguja Mindadze; ლადო მალანია და თოკო ნიჟარაძე; Tako Chagelia და Nia Gamkrelidze; Anna Kadagidze და Eka Danelia; დათო გერგედავა და Nikoloz Mamatsashvili. 

იდენტური პროფილები განსხვავებული სახელებით

445 ტროლი

გეოლოკაციური ცდომილებები

“მითების დეტექტორის“ მიერ გამოვლენილი AI-გენერირებული პროფილის ფოტოების მქონე ანგარიშების ნაწილში გეოლოკაციური შეუსაბამობებიც იკვეთება. ფოტოებზე გამოსახული საქართველოს ცნობილი ადგილების რეალურ გამოსახულებებთან შედარება აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ცვლის არა მხოლოდ ცალკეული შენობების არქიტექტურულ დეტალებს, არამედ მიმდებარე გარემოსაც. ამატებს რეალურად არარსებულ ნაგებობებს, ცვლის ლანდშაფტს და ზოგჯერ ცნობილ ობიექტებსაც დამახინჯებულად გამოსახავს.  

ამის ერთ-ერთი მაგალითია დათო გერგედავას ფეისბუქ ანგარიში, რომელზეც გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტოს ფონზე მეტეხის ისტორიული უბნისა და ეკლესიის იმიტაციაა შექმნილი. Google Maps-ის საშუალებით შესაძლებელია ფოტოზე ასახული გარემოს რეალურ ლოკაციასთან შედარება, რაც რამდენიმე მნიშვნელოვან შეუსაბამობას ავლენს.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ვახტანგ გორგასლის ძეგლის არარსებობაა, რეალურ ლოკაციაზე არსებული ძეგლი ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოზე საერთოდ არ ჩანს. ამასთან, AI-გენერირებულ ფოტოზე მეტეხის ეკლესია ორი გუმბათითაა გამოსახული. ეკლესიის მიმდებარედ ასევე დამატებულია შენობები, რომლებიც რეალურ გარემოში საერთოდ არ გვხვდება. მათ შორისაა კოშკის მსგავსი ნაგებობა და საცხოვრებელი სახლები იმ ტერიტორიაზე, სადაც აბო თბილელის ეკლესია მდებარეობს. 

შეუსაბამობაა კლდის ფორმასა და ზედაპირზეც: ფოტოზე კლდე რეალურთან შედარებით გაცილებით მაღალია და განსხვავებული აგებულება აქვს. გარდა ამისა, გამოსახულებიდან გამქრალია მეტეხის უკან მდებარე სასტუმროებისა და რესტორნების შენობებიც.

445 ტროლი
ეკრანის ანაბეჭდი: Google Maps

არაერთი ვიზუალური შეუსაბამობა იკვეთება თორნიკე ფარჯიანის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოზეც, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის ფონზეა გადაღებული.

Google Maps-ის საშუალებით შესაძლებელია ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოს შედარება პარლამენტის შენობის ფასადთან და მიმდებარე ტერიტორიასთან. მაგალითისთვის, პარლამენტთან არსებული ქვაფენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება AI-გენერირებული ფოტოსგან. ასევე განსხვავდება პარლამენტის ფანჯრების რაოდენობა და ვიზუალიც. შენობის ფასადზე ფანჯრების ნაწილს ე.წ “ფრანგული აივანი” აქვს, ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოზე კი აივნები საერთოდ არ ჩანს. ასევე არ ჩანს საქართველოს დროშა, რომელიც პარლამენტის შენობის მარჯვენა ნაწილის ფასადის კუთხესთანაა აღმართული. რეალურ ფოტოზე დროშა პარლამენტის შენობის მარჯვენა ნაწილის ფასადთან, მეექვსე სვეტის გასწვრივ ჩანს, ხოლო ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ფასადის ამ მონაკვეთში მხოლოდ ოთხი სვეტია, დროშა კი საერთოდ არ არის. ამასთან, ბუნდოვანია მე-6 და მე-8 სვეტებს შორის არსებული ბანერების წარწერა და გამოსახულებებიც. 

შეუსაბამობაა შენობის წინ არსებულ გამწვანებაშიც. როგორც წესი, პარლამენტთან, თარგებზე, დაბალი ზომის დეკორატიული მცენარეებია, AI-გენერირებულ ფოტოს მარჯვენა კუთხეში კი მაღალი ხე ჩანს.

445 ტროლი
ეკრანის ანაბეჭდი: Google Maps

ცდომილებებია  მამუკა შევარდნაძის ანგარიშზეც. AI-გენერირებულ ფოტოზე ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარე მინერალური წყლის პავილიონი და მინის ცისფერი გუმბათი ჩანს. აღნიშნული ლოკაციის Google Map-ის გამოსახულებასთან შედარებისას რამდენიმე შეუსაბამობა გამოვლინდა. 

გუმბათის თავი ფორმითა და გარშემოწერილობით რეალურისგან განსხვავებულია. ასევე განსხვავდება მინერალური წყლის პავილიონის მიმდებარე ტერიტორია და მასზე ნაჩვენები ხიდიც. რეალურ გამოსახულებაზე გუმბათის გვერდით ლითონის თაღოვანი კონსტრუქცია დგას, რაც მოცემული ანგარიშის ფოტოზე საერთოდ არ ჩანს. ასევე განსხვავდება ხიდის ფერი და ვიზუალი. ხიდზე არსებული წარწერა BORJOMI კი საერთოდ არ არსებობს. 

ამასთან, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიზუალური მასალისთვის დამახასიათებელი დეფექტი ჩანს მარცხენა მამაკაცის მაისურზე, სადაც ინგლისურენოვანი წარწერა გაბლარული და გაურკვეველია.

445 ტროლის
ეკრანის ანაბეჭდი: Google Maps

ანდრო ჩიჩუას ანგარიშის შემთხვევაში, ფოტოზე გამოსახული ეკლესია ზუგდიდში საერთოდ არ მდებარეობს და მნიშვნელოვნად განსხვავდება “დადიანების სასახლესთან სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის” ეზოში არსებული ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრისგან. ამასთან, ეკლესიის წინ არსებულ აბრაზე ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი  დეფექტური წარწერაა.

445 ტროლი
ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი ეკრანის ანაბეჭდი: georgia.travel

“გერგეტის სამების” ფონს ასახავს ბექა ჩიქოვანის ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც ასევე გეოლოკაციური ცდომილობები გვხვდება. 

ანგარიშზე გამოქვეყნებული გამოსახულებასა და  იმავე რაკურსით გადაღებული ფოტოს შედარებისას რამდენიმე შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, სამრეკლოზე ამოჭრილი ორი თაღოვანი სარკმელი ნაგებობას სინამდვილეში საერთოდ არ აქვს. ასევე განსხვავებულია გუმბათის გარშემოწერილობა და დეკორატიული დეტალები. შეუსაბამობაშია ეკლესიის გალავანიც, რომლის კუთხეც დარჩენილ ნაწილთან შედარებით ამაღლებულია, ანგარიშზე არსებულ ფოტოზე კი – არა.

445 ტროლი
ეკრანის ანაბეჭდი:iberogeorgia.com

უზარმაზარი ელქტრო ანძის  ვიზუალის მსგავსი კონსტრუქცია დგას ლაშა თოდუას ანგარიშის ფოტოზე, რომელიც სინამდვილაში არ არსებობს და არც ძველი თბილისის ამავე რაკურსით გადაღებულ გამოსახულებაზე ჩანს. 

445 ტროლი
ეკრანის ანაბეჭდი: phylonthego.com

ანგარიშები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლების ფოტოებს იყენებენ 

“მითების დეტექტორმა” დამატებით 2024 წელს შექმნილი 6 ანგარიში გამოავლინა, რომელიც სახელისუფლებო გზავნილების კოორდინირებული მხარდამჭერაში იყო ჩართული და ამავე დროს სხვის ვიზუალურ იდენტობას იყენებდა.  ეს ანგარიშები პროფილზე ძირითადად რუსული სოციალური ქსელების Ok.ru-ს და Vkontakte.ru-ს სხვადასხვა მომხმარებლის ფოტოებს იყენებენ. ყალბი ანგარიშები ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პროფილების მსგავსად, რუსთავი 2-ისა და  იმედის პოსტებს უზრდიან ჩართულობას.

445 ტროლი

ამავე პერიოდში  (2024 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით) შექმნილი ყალბი ფეისბუქ პროფილები  ”მითების დეტექტორმა” წარსულში სხვადასხვა დროს გამოავლინა, მათ შორის AI-გენერირებულ პროფილის ფოტოების მქონე ანგარიშებთან ერთად, რომლებიც დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე სკეპტიციზმს აღვივებნენ და სახელისუფლებო პოზიციას ამყარებდენ; ასევე BBC-ის კრიტიკული გამოძიების წინააღმდეგ სამთავრობო მედიების (რუსთავი 2-ის და ტვ იმედის) ზოგიერთ პოსტზე მოწონებების გზით ჩართულობას ზრდიდნენ.

სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად არაავთენტური ანგარიშების გამოყენება ერთჯერადი შემთხვევა არ არის. წლის პირველ ნახევარში “მითების დეტექტორმა” 434 AI-გენერირებული პროფილი გამოავლინა. ანგარიშები აქტიურობდნენ როგორც სოციალურად მგრძნობიარე შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების მოთხოვნის საკითხზე, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ისტორიის პოლიტიკურ შეფასებებზე, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებითად წარმოჩენისა და „რუსოფობიის“ შესახებ გზავნილებზე.

სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ: https://mythdetector.com/ka

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ჩაკეტილი სისტემა და ღია მომავალი: როგორ მწიფდება პოლიტიკური ცვლილება

როდესაც რეჟიმი აღწევს ტოტალურ კონტროლს — აკონტროლებს საჯარო სექტორს (სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს), ბანკებს, ბიზნესს და სპეცსამსახურების მეშვეობით ახორციელებს სრულ მონიტორინგს — ეს უკვე კლასიკური...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა