აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანში არსებულ სამ ბირთვულ ობიექტზე “ძალიან წარმატებული იერიში” მიიტანა.
ტრამპის თქმით, ამერიკულმა ბომბდამშენებმა ირანის საჰაერო სივრცე უკვე დატოვეს და “შინ უსაფრთხოდ ბრუნდებიან”.
“მივიტანეთ ძალიან წარმატებული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის, ფორდოზე, ნათანზზე და ისპაანზე.
ყველა თვითმფრინავი უკვე ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული პარტია მთავარ ობიექტზე, ფორდოზე ჩამოვაგდეთ. ყველა თვითმფრინავი შინ უსაფრთხოდ ბრუნდება.
ვულოცავ ჩვენს დიად ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. ახლა მშვიდობის დროა! მადლობა ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის”. – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღვის მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენები წყნარ ოკეანეში მდებარე გუამის ბაზაზე გაგზავნეს. ეს მანიშნებელი იყო იმისა, რომ ვაშინგტონი ირანზე პირდაპირი იერიშებისთვის ემზადებოდა. გუამის ბაზიდან ბომბდამშენები, სავარაუდოდ, ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიის სამხედრო ბაზაზე განლაგდნენ, რომელიც თეირანიდან 5 000-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ცნობისთვის, ფორდოს ბირთვული ობიექტი მთის ქვეშ აშენებულ ბუნკერშია განთავსებული. აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბუნკერების განადგურების შესაძლებლობის მქონე ისეთი სიმძლავრის ბომბები აქვს, რომლებსაც ფორდოს მიწისქვეშა ობიექტამდე მიღწევა შეეძლოთ.

B-2 ბომბდამშენებს 14-ტონიანი GBU-57 Massive Ordnance Penetrator ბუნკერსაწინააღმდეგო (ე.წ. bunker buster) ბომბის გადატანა შეუძლიათ, რომელიც მიწისქვეშ ღრმად განთავსებული ობიექტების განადგურებისთვისაა შექმნილი, როგორიც, მაგალითად, ფორდოს კომპლექსია.
იერიშში მონაწილე ბომბდამშენებს, სავარაუდოდ, თან ახლდათ თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერები, რომლებსაც ჰაერში ბომბდამშენების საწვავით მომარაგება შეუძლიათ.