აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში ორი შესწორება შედის საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებისა (ახსენებს “პოლიტიკურ პატიმრებს”) და “საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების” შესახებ.
ორივე შესწორება, რომელთა ინიციატორი MEGOBARI აქტის პროექტის თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 4 ივნისს დაამტკიცა.


შეშფოთება “პოლიტიკურ პატიმრებად ფართოდ აღიარებული” აქტივისტებისა და პოლიტიკოსების გამო
“კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოში გრძელდება ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და პოლიტიკურ პატიმრებად ფართოდ აღიარებული სხვა პირების დაკავებები და პატიმრობა და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა დაისვას სისტემატურად, შესაბამის მაღალ დონეებზე, ორმხრივ კავშირებში საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან”, – წერია ერთ-ერთ შესწორებაში.
კომიტეტი თავდაცვის მინისტრს ავალებს, არასაიდუმლო ანგარიში შეიტანოს [წარმომადგენელთა] პალატაში “არაუგვიანეს 2026 წლის 26 ოქტომბრისა, და დეტალურად აღწეროს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგია პოლიტიკური პატიმრების საკითხის ჩართვაზე საქართველოსთან სამხედროდან-სამხედრო სფეროში თანამშრომლობისას”.
რუსეთისა და ჩინეთის მავნე ზეგავლენა
საქართველოს შესახებ შეტანილი მეორე შესწორება თავდაცვის მინისტრს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, აქტის (NDAA) ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო უჯრედების შესახებ.
ეს შესწორებები, რომლებიც უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა, ასახავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას როგორც თბილისის პოლიტიკური ტრაექტორიის, ისე კავკასიაში ჩინეთის როლის თაობაზე.










