მთავარიმსოფლიოაშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი ახალ სანქციებზე რუსეთის და ირანის წინააღმდეგ

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი ახალ სანქციებზე რუსეთის და ირანის წინააღმდეგ

აშშ-ს სენატმა 7 აგვისტოს რუსეთზე სანქციების დაწესების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დოკუმენტი, რომლის მიღებასაც გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ცდილობდა, რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებასა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებისთვის მოსკოვზე დამატებით ეკონომიკურ ზეწოლას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტს უფლება ექნება, დამატებითი ტარიფები დაუწესოს იმ ხუთ უმსხვილეს ქვეყანას, რომლებიც რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სხვა საექსპორტო საქონლის შეძენას აგრძელებენ. მათ შორის არიან ჩინეთი და ინდოეთი. ამასთან, გამონაკლისი ვრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ბუნებრივი აირის 15%-ზე ნაკლებს ყიდულობენ რუსეთიდან და იმპორტის შემცირების მიზნით შესაბამის ნაბიჯებს დგამენ.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, რუსული ფინანსური ინსტიტუტებისა და ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ. გარდა ამისა, გაფართოვდება სანქციები ძველი, სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ რეგისტრირებული ნავთობტანკერების მიმართ, რომლებსაც რუსეთი მოქმედი სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.

ამასთან, კანონპროექტი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, თუ ამას აშშ-ს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, სანქციები ან სხვა შეზღუდვები დროებით შეაჩეროს, თუმცა ამისთვის კონგრესს შესაბამისი დასაბუთება უნდა წარუდგინოს.

კანონპროექტზე მუშაობა ერთ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. ლინდსი გრემმა და დემოკრატი სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა თეთრ სახლთან შეთანხმების მიღწევის შესახებ 10 ივლისს განაცხადეს. გრემი, რომელიც მანამდე უკრაინიდან დაბრუნდა, მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა.

კენჭისყრის შემდეგ სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოვლენებს უკრაინიდან, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი – მოსკოვიდან აკვირდებოდა.

“დღეს უკრაინელ ხალხს ვეუბნებით – თქვენ მარტო არ ხართ. ხოლო ვლადიმირ პუტინს ვეუბნებით – უკრაინას ვერ დაიპყრობთ.” – განაცხადა ბლუმენტალმა.

კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ს კონგრესში. უკრაინის პრეზიდენტი ორივე პარტიის სენატორებს შეხვდა და მოგვიანებით განაცხადა, რომ სანქციების პაკეტი უკრაინისა და მისი მოკავშირეებისადმი აშშ-ის მხარდაჭერის “ძლიერი სიგნალი” იქნება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ სურს კანონპროექტში ირანთან დაკავშირებული დებულებების დამატება. მისივე თქმით, იგი მზად არის დოკუმენტს ხელი მოაწეროს გარდაცვლილი ლინდსი გრემის პატივსაცემად.

კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეოების განცხადება აგვისტოს ომზე – ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ!

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მხარს უჭერენ საქართველოს...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა