ოთხშაბათი, მაისი 29, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკაპირველად ისტორიაში - სებ-მა საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა

პირველად ისტორიაში – სებ-მა საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი – ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს და მეორე – ოქრო პორტფელის დივერსიფიცირების კარგ საშუალებად მიიჩნევა.

მიმდინარე ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენს. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა. ჯამური ოქროს რეზერვების მეოთხედს კი აშშ-ი ფლობს – 25.4%, გერმანია – 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი – 7.6%-ს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის – 1.5 მლრდ აშშ-ის დოლარი შეიძინა, რამაც რეზერვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. ყოველივე ამან კი პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების შესაძლებლობა მისცა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს სავალუტო რეზერვებს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მონეტარული ოქრო დავამატეთ. ჩვენი მიდგომაა, ყოველთვის ვეცადოთ გავზარდოთ საერთაშორისო რეზერვები, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში. ახლა არამხოლოდ ვზრდით, არამედ დივერსიფიცირებასაც ვახდენთ და პირველად ჩვენს ქვეყანას, ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო რეზერვებში ექნება ჩართული ოქრო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ყოველთვის ღირებული აქტივი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო – საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

წყარო: www.bpn.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ქარტია” – პრეზიდენტის ახალი ინიციატივა/სრული ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისთვის მის მიერ შეთავაზებული "ქართული ქარტია" წარადგინა, რომელსაც გთავაზობთ სრულად: "ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა