ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებარასთან გვქონდა საქმე 2007 წლის 7 ნოემბერს?

რასთან გვქონდა საქმე 2007 წლის 7 ნოემბერს?

სახელისუფლებო პარტიის პოზიცია გასაგებია, სააკაშვილის საწინააღმდეგო თუ რაიმე ხელმოსაჭიდი ნახა, მას მაქსიმალურად იყენებს თავის სასარგებლოდ, ბუზს სპილოდ აქცევს და მასზე აღარ შევაჩერებ ყურადღებას.

დასაწყისშივე ვიტყვი, 7 ნოემბერი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იდეალურად, უშეცდომოდ ჩატარებული სპეცოპერაციის დამაგვირგვინებელი აკორდი.

თავიდათავი კი აქ ნატოა.
2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე ედუარდ შევარდნაძის საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ამ ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმ პერიოდში ასეთი რამ არც თუ რეალური ჩანდა. ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ კი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ერთგვარად „მოსულიერდა“. პრეზიდენტის მიერ დაწყებულმა სისტემურმა და მასშტაბურმა რეფორმებმა ქვეყანა მსოფლიოს თვალში წარმატებულად წარმოაჩინა. განუხრელად იზრდებოდა სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის შუქურის, ისე საქართველოს, როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ავტორიტეტიც. ამ ფონზე, ნატოში გაწევრიანების განაცხადმაც გამოცოცხლება დაიწყო. უკვე 2004 წლის ბოლოს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტ­ნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა. 2006 წლის სექტემბერში ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან დაეწყო ,,ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე” (ID-Intensified Dialogue on Membership Issues). აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველო ფორმალურად გადავიდა პარტნიორობის ფორმატიდან ალიანსის წევრობის კანდიდატობის – ასპირანტის ფორმატზე. მოიხაზა ბუქარესტის სამმიტის გადაწყვეტილებებიც. პროცესის ამგვარად განვითარების ტენდენცია რუსეთისათვის ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან ეს მის მიერ გამოცხადებულ ეროვნულ ინტერესებს ეს მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა.   

საყოველთაოდ ცნობილია რუსეთის დამოკიდებულება ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის (ნატო) მიმართ. მაგალითად, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან ჰელსინკში შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, არ დავუშვათ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის მოახლოება რუსეთის საზღვრებთან, მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდება, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება ამაზე. რუსეთი ნატოს აღიქვამს, როგორც საფრთხეს და, აქედან გამომდინარე, უკრაინასა და საქართველოს ჩვენ განსაკუთრებულად ვაკვირდებით. ამ პოზიციას რუსეთი ყველა ტრიბუნაზე მკაფიოდ აფიქსირებდა. გავიხსენოთ, თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვები, მოსკოვი შეშფოთებას გამოხატავს ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს დაახლოების გამო და პირობას დებს, რომ კვლავაც აქტიურად შეეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშირუსეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა რეგიონის გარეთა სამხედროპოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გაართულონ ის სიძნელეები, რაც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან.  

კრემლის სატელიტი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო: საქართველო – ეს ერთგვარი ბოთლის ყელს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიისათვის, მის ტერიტორიაზე გადის ყველა რესურსი. თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, ეს, ცხადია, ჩვენთვის არასასიამოვნო იქნება, მაგრამ თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, ეს უკვე რუსეთის გეოპოლიტიკური, სტრატეგიული მარცხი იქნება. ამის დაშვება რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია. თუმცა, რასაკვირველია, უკრაინის მიღებაც დაუშვებელია. ნათელია, რომ კრემლი ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებისთვის არის მზად, რათა არ დაუშვას ნატოში საქართველოს გაწევრიანება.

იმ პერიოდში რუსეთმა დაიწყო ამ პრობლემაზე აქცენტირებული აქტიური ჰიბრიდული ომი, რათა აღეკვეთა დასავლური ყაიდის, სანიმუშოდ წარმატებული საქართველოს სახელმწიფოს შექმნის პრეცედენტი რუსეთის საზღვრებთან, რადგან ეს ცუდი მაგალითი მრავალ საფრთხეს შეიცავდა რუსეთის ეროვნული უშიშროებისათვის. ამ პრეცედენტის არდაშვება საჭირო იყო ნატოსთან საქართველოს გააქტიურებული პროცესების ჩასაშლელადაც. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა რუსეთის ეროვნული ინტერესების რეალიზების გზაზე დიდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდა. საჭირო იყო მოეხდინათ წარმატებული ქვეყნის დისკრედიტაცია და სააკაშვილისთვისაც შეექმნათ უარყოფითი იმიჯი.

საცეცები. 

ასეთი რამ კი რუსეთის მაღალკვალიფიციურ სპეცსამსახურებს საუკეთესოდ ხელეწიფებათ. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც მათ აქვთ ბატონობისა და ხალხით მანიპულირების ორსაუკუნოვანი გამოცდილება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში რუსებზე უკეთ, ზედმიწევნით, მეცნიერულად და ნიუანსურადაც კი, არავინაა მცოდნე ქართველების ფსიქიკის, ქცევის, ტრადიციების, კულტურული და სულიერი ღირებულებებისა ანუ რუსეთის სპეცსამსახურებს ძალზე ეფექტურად შეუძლიათ გამოიყენონ ცნობიერებით მანიპულაცია ანუ საქართველოს მოსახლეობის ინდივიდუალურ, ჯგუფურ და მასობრივ ცნობიერებაზე  ზემოქმედების გზით მიაღწიონ სასურველ შედეგს. დამუშავებული აქვთ ქართულ ფსიქიკაზე, პატრიოტულ გრძნობებსა და ემოციებზე, ასევე, ჩვენს სახელმწიფოებრივად გამოუცდელ მასმედიაზე ზემოქმედების დახვეწილი ტექნოლოგიები და ა.შ. ასე იყო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში და ასეა სააკაშვილის წინააღმდეგ აგორებულ ომშიც. კარგად იყენებენ ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაში არსებულ ხარვეზებს, აკეთებენ აქცენტს მტკივნეულ, მაგრამ სახელმწიფოებრივად არაარსებით პრობლემებზე, ჩქმალავენ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში მიღწეულ არსებით წარმატებებს და სხვ. ამიტომაცა, რომ დღევანდელ საქართველოში მიტინგებსა თუ მანიფესტაციებზე რუსულ სპეცსამსახურებს, საჭიროებისას გამოჰყავთ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი.

ცნობილია, რომ საბჭოთა საქართველოში „კაგებეს“ გააჩნდა უზარმაზარი აგენტურული ქსელი. სამწუხაროდ, ეროვნულ მოძრაობაში პოლიტიკური გამოუცდელობით დაშვებული შეცდომის შედეგად, მან მოახერხა ქართველი აგენტების მთელი მონაცემების რუსეთში გატანა, რითაც ზემოქმედების ბერკეტები მთლიანად მის ხელში აღმოჩნდა აგენტთა ამ არმიის კრემლის სასარგებლოდ ასამუშავებლად. საქართველოს ეროვნული ხელისუფლება კი მთლიანად იქნა განიარაღებული.

ხელისუფლებაში მოს­ვლის შემდეგ სააკაშვილს დახვდა აგენტებით გადავსებული სახელმწიფო სტრუქტუ­რები. ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტმა ამჯობინა, მათი ერთიანად „ჩარეცხვა“, სანაცვლოდ კი ახალგაზრდების მოზიდვა და მათგან ეროვნული სახელმწიფო მოხელეების გამოზრდა. ამით, თითქმის განაიარაღა რუსეთი: აგენტურისგან თითქმის დაიცალა სახელმწიფო სტრუქტურები, რითაც დიდი დანაკლისი განიცადა კრემლმა. თუმცა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც რუსეთმა იპოვა გამოსავალი სააკაშვილისაგან „ჩარეცხილი“ აგენტების ძირითადი ნაწილისათვის მოძებნა „თავშესაფარი“, ისინი „შეუშვა“ ეკლესიის მრევლში. გუშინდელი ათეისტები ადვილად იქცნენ „გულმხურვალე მორწმუნეებად“, ამ გამოცდილმა, ნიჭიერმა ადამიანებმა  ადვილად მოიპოვეს ავტორიტეტი და გავლენა მრევლში.    

საქართველოში ნატოს არ დაშვება რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი არქიამოცანაა,  ცხადია, მხოლოდ საქართველოში მუშაობით არ შემოიფარგლება მისი საქმიანობა, მას სისტემური და კომპლექსური ხასიათი აქვს. აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებზე ზეგავლენის მოსახდენად.  

მანიპულირების გაკვეთილები. 

აამუშავეს პატრიოტული და სოციალური ხასიათის ლოზუნგებით იდეალურად შენიღბული ჰიბრიდული „მანქანა“, გააქტიურეს პოლიტიკური პარტიები და გამოიყვანეს ხალხი (სხვათა შორის, ოპოზიციის აქციების დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო ბადრი პატარკაციშვილმა, რის შესახებ მან მიტინგზე განაცხადა). პარტიების უმეტესობას და ხალხს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ხდებოდა პოლიტიკურ სინამდვილეში, როგორი გლობალური პოლიტიკის ჭანჭიკები იყვნენ, მიმზიდველი ლოზუნგების საფარქვეშ დიდი მასშტაბის რუსული პოლიტიკის გამტარებლებად, უებლიეთ რომ იქცნენ, ახლად დაბადებულ ნანატრ საკუთარ სახელმწიფოს  ფეხზე წამოდგომის საშუალებას რომ უსპობდნენ.

ამ დროს მათ სჯეროდათ, რომ სიმართლე მათ მხარეს იყო. ალბათ დღესაც ვერ გადაარწმუნებ, რადგანაც ძალიან ძლიერია და ეფექტური დიდი სახელმწიფოების ხელში არსებული მასებზე ზემოქმედების თანამედროვე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური მანიპულაციის ტექნოლოგიები – მანიპულატორი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ტექსტის ან ქცევის სახით, მათ გამომსახველ ნიშნებს გვთავაზობს იმგვარად, რომ ჩვენ ამ ნიშნებს თავისთავად ვსვამთ კონტექსტში, რითაც ჩვენს აღქმაში ამ კონტექსტს სახე ეცვლება. ის გვკარნახობს საკუთარი ტექსტის ან ქცევის რეალობასთან ისეთ კავშირებს, თავს გვახვევს მათ ისეთ ახსნას, რომ მოხდეს სინამდვილის შესახებ ჩვენი წარმოდგენის ტრანსფორმაცია მანიპულატორისათვის სასურველი მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ მოახდენს ზემოქმედებას ჩვენს ქცევებზეც. ამავე დროს, რაც ყველაზე მთავარია, იმაშიც ღრმად ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ჩვენი აზრები და ქცევები სრულ შესაბამისობაშია ჩვენს სურვილებთან.

საქართველოს ხელისუფლებაში შეამჩნიეს რუსული კვალი, სააკაშვილმა საქართველოში შექმნილ პრობლემებს რუსეთისგან მართული უწოდა. სერგეი ლავროვმა  „ფარსად“ მონათლა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება: “მე არ მსურს კომენტირება იმ პოლიტიკური მოღვაწის გამოსვლის. ფარსი, რომელიც სდევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებას, ნათელია ყველასთვის” („რია ნოვოსტი“). პროტესტი გამოთქვა ბადრი პატარკაციშვილმაც, რომელმაც განაცხადა: „სააკაშვილს არ შერცხვა, როცა თქვა, რომ ხალხი გარეთ უცხოელი მტრების გავლენისა და უცხოური პოლიტტექნოლოგიების გამო გამოვიდა“. საქართველომ სამი რუსი დიპლომატი გააძევა, რასაც რუსეთმა ასევე სამი ქართველი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ჩასაშლელად, შესაბამისად, ნატოში გაწევრიანების დაწყებული დადებითი პროცესების საწყისშივე აღსაკვეთად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული ოპოზიციური აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

ეს იყო რუსული პროგრამა მაქსიმუმი, რაც სჭირდებოდა რუსეთს. აქციის დარბევას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ „იმედში“ შეჭრას დემოკრატიული დასავლეთის შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, რომლისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა კი არა ადამიანის უფლებებია პრიორიტეტული.

ნატოსთან მიმართებაში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა ოპერაციამ შეასრულა დასახული ამოცანა. ნატოს კარი იმ მომენტში საიმედოდ ჩაირაზა.

საქართველოს წინააღმდეგ კრემლის გრძელვადიანი პროგრამა მაქსიმუმის პოლიტიკა სხვადასხვა ამგვარი მინიპროგრამებისაგან შედგება. თითოეულის შესრულება კრემლისთვის მისაღებ დროზეა გათვლილი, რომლებმაც საბოლოოდ უნდა მიიყვანოს რუსეთი სრულ გამარჯვებამდე, პროგრამა მაქსიმუმის შესრულებამდე.      

რჩება კითხვები:

  • სახელმწიფოს მეთაურმა უნდა მოიგერიოს და შეეწინააღმდეგოს უზარმაზარი რესურსების მქონე მტრის ვერაგულ თავდასხმას თუ გულხელდაკრეფილი თეთრი ხელთათმანებით გაჩერდეს და უცქიროს გაბრიყვებული მასის საშუალებით, როგორ ანგრევს მტერი წარმატების გზაზე დამდგარ სახელმწიფოს?
  • პოლიტიკოსისათვის სახელმწიფო ინტერესებია მთავარი თუ პირადი იმიჯი?
  • დღეს მოდაშია ადამიანის უფლებები (ადრე, მოდაში იყო ასევე ევროპიდან მომავალი მარქსისტული იდეები და სხვ.) და ქართველი მედროვე პოლიტიკოსებისათვის პრიორიტეტული იყო და არის „იქიდან“ მომავალი იდეები და მათთვის სწირავდნენ და ახლაც სწირავენ საკუთარ სახელმწიფოს (ისე, პრიორიტეტულად ჯერ საკუთარი სახელმწიფო შექმენი, ფეხზე დააყენე, მოდას ნუ დაივიწყებ, მაგრამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესები).
  • არჩევანის წინაშე, რომ დადგეს თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსისათვის  რა იქნება პირველადი, სახელმწიფო ინტერესები თუ ადამიანის უფლებები?
  • ქართველი პოლიტიკოსებიდან, ნეტა რამდენი ეთახმება ნამდვილი პოლიტიკოსის შარლ დე გოლის სიტყვებს: პოლიტიკაში ან თავის ქვეყანას ღალატობენ ან ამომრჩევლებს. მე ვირჩევ მეორეს.

ზეზვა ერგასტერიძე

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა