სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში რუსეთის გავლენები და შესაძლო ანექსიის რისკები ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ სახელდება.
63-გვერდიან ანგარიშში სუსი რუსეთის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას, სერგეი კირიენკოს, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შესაძლო პროცესის მთავარ აქტორად ასახელებს. დოკუმენტის მიხედვით, სწორედ კირიენკო ამზადებს ნიადაგს აფხაზეთის შესაძლო ანექსიისთვის, ხოლო ოკუპანტი ქვეყანა შესაბამისი მომენტის დადგომას ელოდება. სუსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კირიენკო შემთხვევითი ფიგურა არ არის. ის კრემლის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად მიიჩნევა. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ რუსულ ჟურნალისტურ გამოძიებაშიც ითქვა, რომ ვლადიმერ პუტინი მას პოტენციურ მემკვიდრედ განიხილავს. სუსის დოკუმენტში პირდაპირ გამოყენებულია ტერმინი „ანექსია“, რაც შეფასებებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ამ ფონზე ჩნდება კითხვები “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით — კონკრეტულად, რა ნაბიჯები გადაიდგა რუსული გავლენების შესამცირებლად. ოპოზიცია და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები წლების განმავლობაში მიუთითებენ, რომ ივანიშვილის გუნდი სათანადოდ ვერ აფასებს რისკებს და, მათი შეფასებით, ქვეყანა ეკონომიკური და ენერგეტიკული კუთხით კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე — მათ შორის ტურიზმის, საწვავის, ელექტროენერგიისა და გაზის მიმართულებით.
სუსის მიერ დასახელებული საფრთხეების ფონზე, მთავარი საკითხი რჩება უცვლელი: რა სტრატეგიას უპირისპირებს ხელისუფლება იმ პროცესს, რომელსაც თავადვე ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აფასებს.










