2024 წლის 17 აპრილს, ქვეყანა რომ რუსულ კანონს აპროტესტებდა, ოცნების დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ოლიგარქის მორიგი ტრიუკი შეასრულეს. ივანიშვილის სცენარის მიხედვით, რუსული თამაშის შემდეგი ეპიზოდი ე.წ. ოფშორების კანონი აღმოჩნდა. 73 მომხრე და 9 წინააღმდეგი – ამ თანაფარდობით პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2021 წლის კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა. მათ შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე იურისდიქციის მქონე პანამის ოფშორებში. ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში შემოტანის კანონის ერთადერთი მიზანი საქართველოს შავი ფულის სამრეცხაოდ გადაქცევაა – ეს მომხსენებელსა და კანონის ინიციატორს კომიტეტის სხდომაზე თავად წამოსცდა.
ცვლილება საგადასახადო კოდექსში ჩამატებული მხოლოდ ორი აბზაცია. ოცნების დეპუტატებმა ცვლილება ისე მიიღეს რომ კანონს არც განმარტებითი ბარათი, არც საერთაშორისო გამოცდილება, არც სხვა დოკუმენტი ახლავს. ოფშორების კანონის უკან კი რეალურად ეკონომიკური ოკუპაციის გეგმა დგას. სქემა მარტივია – ოფშორები ქვეყანაში არც ინვესტიციებს იზიდავს და არც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. ის მხოლოდ ოლიგარქებს აძლევს უფლებას, გადასახადებს თავი აარიდოს.
ივანიშვილი ახალი კანონით უზარმაზარი ქონების, შავი ფულის, აქტივებისა და წილების ისე შემოტანას შეძლებს, რომ ბიუჯეტში ერთ თეთრსაც არ გადაიხდის. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ბიუჯეტში თანხას იხდის და ხშირ შემთხვევაში ჯარიმებს აკისრებენ.
- საშემოსავლო – ხელფასის 20%;
- მოგების გადასახადს -15%;
- იმპორტის გადასახადები- 5 ან 12%;
- დამატებითი ღირებულების გადასახადი -18%;
ამ გადასახადებს ოლიგარქი არ გადაიხდის!
ოფშორების კანონი თითოეულ მოქალაქეს უთანასწორო და უსამართლო პირობებში აყენებს. მაგალითად, ადამიანები, რომელთა შემოსავალიც 40 000 ლარს აჭარბებს, დეკლარაციას ავსებენ და ქონების გადასახადსაც იხდიან. ისინი, ვისაც უცხოეთიდან ავტომობილი ჩამოჰყავს, განბაჟებისთვის ათასობით დოლარს იხდიან. ყველა დასაქმებულს ყოველთვიურად ხელფასის მეხუთედი ეჭრება. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მაგალითად 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთს გამოიწერს, იმპორტის გადასახადს იხდის. ბევრ პროდუქტს, რომელიც საქართველოში ძვირი ღირს, მოქალაქეები ონლაინ იწერენ, თუმცა ნივთებზე განბაჟების მაღალი გადასახადის გამო, ნივთების შეძენას მოსახლეობის უმრავლესობა ან ლიმიტის ფარგლებში, ან საერთოდ ვერ ახერხებს. ამ ფონზე კი ოლიგარქი ივანიშვილი სრულად თავისუფლდება მსგავსი გადასახადებისგან, მისი შემოსავალი და ქონება კი ყოველწლიურად მილიონობით ლარით იზრდება.
საერთაშორისო ფინანსური სისტემა ოფშორების კანონის მიმართ არაკეთილგანწყობილია. შავი ფულისა და არაგამჭვირვალე იურისდიქციის პირობებში დგება საფრთხე, რომ საქართველო მაღალი რისკის ქვეყნად შეფასდება. როგორც კი ეს მოხდება ავტომატურად ნებისმიერი გადარიცხვა – გადმორიცხვა საქართველოდან განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცევა. შეზღუდვები კი საბარათე გადახდებზეც დაწესდება, საბანკო ბარათებით მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში სარგებლობას ვეღარ შეძლებენ, ასე მოხდა რუსეთისა და ბელარუსში. კანონი კი რომელიც ერთი ოლიგარქის ინტერესებისთვის შემოიღეს, ქვეყნის რეპუტაციას უქმნის საფრთხეს.
იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილსა და მის 83 “მეოცნებე” დეპუტატს დასავლეთი რუსული კანონის გამო დაასანქცირებს, შესაძლოა საფრთხე საქართველოს საბანკო სექტორსაც დაემუქროს. ქართული ბანკები საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ვერ დაარღვევენ, რადგან ამ შემთხვევაში, ისინი ფინანსური სისტემიდან ჩაიხსნებიან და ვეღარ იმუშავებენ. ამ შემთხვევაში დგება არჩევანი ან სანქციებთან შეერთება, ან ოლიგარქის გამო საერთაშორისო საფინანსო ქსელიდან გათიშვა. ოცნების დეპუტატებმა კანონის მიღებით გადაწყვეტილება ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღეს.
2024 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შედის კანონი, რომლის მიზანია ბოლო მოეღოს ოფშორული იურისდიქციების არსებობას. მაშინ როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო შავი ეკონომიკის წინააღმდეგ იბრძვის, საქართველო რუსი ოლიგარქის დავალებით ოფშორების ჰაბი ხდება. მიზანი ერთადერთია – მოსალოდნელი სანქციების ფონზე ივანიშვილმა და მისმა მეგობარმა რუსმა ოლიგარქებმა უპრობლემოდ შეძლონ დიდი ქონების ქვეყანაში შემოტანა უკანონო კანონის გზით.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე
წყარო: mtavari.tv