მთავარისამართალიროგორ იღებს სანქცირებული "იმედი" და "პოსტვ" სარეკლამო შემოსავლებს?

როგორ იღებს სანქცირებული “იმედი” და “პოსტვ” სარეკლამო შემოსავლებს?

როგორ იღებს სანქცირებული “იმედი” და “პოსტვ” სარეკლამო შემოსავლებს, როდესაც არხებს საბანკო ანგარიშები გაყინული აქვთ და არსებული ცნობებით, თანამშრომლებს ხელფასსაც ხელზე — ნაღდი ფულით უხდიან? ამ საკითხზე მიმოხილვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 2026 წლის 24 თებერვალს ბრიტანეთმა ორივე ტელეარხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საინფორმაციო ომში თანამონაწილეობისთვის დაასანქცირა. ამის შემდეგ, BBC Studios-მა “იმედს” შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ლიცენზია შეუწყვიტა, ხოლო Nestle-მ და Procter & Gamble-მა რეკლამები შეაჩერეს. მესამე კვარტალში სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, (“იმედი” 2.95 მლნ, “პოსტვ” 0.97 მლნ), სანქცირებული არხები სარეკლამო შემოსავალს კვლავაც იღებენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ტელევიზიებში რეკლამის განთავსების სქემა შეისწავლა, რომლის გამოყენებითაც, პროპაგანდისტული ტელევიზიები, დიდი ალბათობით, სანქციების გვერდის ავლასა და სარეკლამო შემოსავლების მიღებას ახერხებენ.

“კომპანია, რომელსაც საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით რეკლამირება სურს, სულაც რომ იცოდეს რომელ ტელევიზიაში უნდა რეკლამის წაღება, როგორც წესი, ქირაობს ე.წ. შუამავალ სარეკლამო კომპანიას, რომელიც მას ტელევიზიაში რეკლამის განთავსებაში ეხმარება და ამისთვის მთლიანი წლის სტრატეგიას უგეგმავს.

მას შემდეგ, რაც პროდუქციის რეკლამირებისთვის სასურველი ტელევიზია ან ტელევიზიები შეირჩევა, სარეკლამო სააგენტო მოლაპარაკებას უკვე კონკრეტული ტელევიზიების ე.წ. რეკლამის “გაყიდვების სახლებთან” იწყებს. “გაყიდვების სახლები”, ტელევიზიების სარეკლამო დროის გაყიდვას ემსახურებიან და რეკლამის დამკვეთსა და, ფაქტობრივად, ტელევიზიას შორის კიდევ ერთი შუამავალი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. რიგ შემთხვევებში, ისინი ერთი ქოლგის ქვეშ რამდენიმე ტელევიზიასაც აერთიანებენ. სწორედ ასეა პროსამთავრობო ტელევიზიების შემთხვევაში. საერთო ჯამში, ტელევიზიაში რეკლამის განთავსების სქემა ასეთია:

იდენტურია რეკლამის დამკვეთსა და საბოლოო მიმღებს შორის ფინანსური ანგარიშსწორების სქემაც. ანუ, როგორც წესი, ტელეკომპანიასა და რეკლამის უშუალო დამკვეთს შორის ოფიციალური კომუნიკაცია საერთოდ არ ხდება. პროცესის ორგანიზებასა და ფორმალური საკითხების მოგვარებას სწორედ შუამავალი კომპანიები უზრუნველყოფენ. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, რეკლამის დამკვეთი, სრულად ფლობს ან უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და რა პირობებით განთავსდება მისი რეკლამა.

აღსანიშნავია სარეკლამო სააგენტოებსა და ე.წ. “გაყიდვების სახლებს” შორის არსებული ურთიერთობის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც. კერძოდ, პროსამთავრობო ტელევიზიების სარეკლამო დროის გაყიდვაზე ორიენტირებული “გაყიდვების სახლი” სარეკლამო სააგენტოებს მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეკლამის დამკვეთებს დაარწმუნებენ, სარეკლამო დრო სრულად ამ კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ტელევიზიებში შეიძინონ. მსგავსი პრაქტიკა, შესაძლოა, სარეკლამო ბაზრის მონაწილეთა ნაწილისთვის კონკურენციის უთანასწორო პირობებს ქმნიდეს და კრიტიკულ მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლების მოზიდვას მნიშვნელოვნად ურთულებდეს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ზოგიერთი კომპანია ქართული ოცნებისადმი ლოიალობის გამოხატვისა და შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, კრიტიკულ ტელევიზიებში რეკლამის განთავსებისგან თავადვე იკავებს თავს.

გარდა ამისა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც რეკლამის დამკვეთი ტელევიზიასთან კონტაქტზე პირდაპირ, შუამავალი კომპანიების გარეშე გადის (მაგალითად, გადაცემაში ე.წ. Product Placement-ის იგივე “პროდუქტის განთავსების” მომსახურებას შეყიდვა)”, — წერს TI.

გარდა ამისა, ორგანიზაციას მიმოხილული აქვს ის კომპანიები, რომლებიც ტელევიზიების რეიტინგებს ითვლიან. ტელევიზიები როგორც მთლიანად არხის, ისე მათი ცალკეული გადაცემების რეიტინგის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სატელევიზიო აუდიტორიის მთვლელ კომპანიებთან თანამშრომლობენ და ამ მომსახურებაში სოლიდურ თანხებს იხდიან. როგორც TI წერს, ბრიტანული სანქციების გათვალისწინებით, წესით, “იმედსა” და “პოსტვის” ამგვარი მომსახურების მიღება უნდა შეზუდვოდათ, რადგანაც მათ საბანკო ანგარიშები დაებლოკათ და რეიტინგების მთვლელ კომპანიებს მათთან ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობა უნდა გაეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მეორადი სანქციების სამიზნეები აღმოჩნდებოდნენ.

ამდენად, მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, თუ ვინ ზომავს ქართულ სატელევიზიო რეიტინგებს და თანამშრომლობენ თუ არა ისინი რაიმე ფორმით სანქცირებულ ტელევიზიებთან?

სრული მიმოხილვა იხილეთ აქ.
წყარო: საერთაშორისო გამჭირვალობა
https://transparency.ge/ge/blog/rogor-pinansdebian-britanetis-mier-sankcirebuli-imedi-da-postv-reklamit

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

“შეხვედრა მინსკში საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების დადასტურებაა” — დიპლომატები

“რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა”, – ამის შესახებ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა