„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს და ნათელია, რომ ახლანდელ მმართველ პარტიას ის სხვა მიმართულებით მიჰყავს“, – ამბობს კონგრესმენი ბილ კიტინგი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ დემოკრატი კონგრესმენი აცხადებს, რომ სურს, ქართველმა ხალხმა იცოდეს, ამერიკა განაგრძობს მისი ნების მხარდაჭერას.
„ჩვენ არ დავშორდებით ქართველი ხალხის ნებას. მაგრამ ჩვენ დავაწესებთ სანქციებს და მივიღებთ სხვა ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით მიჰყავს, ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც უკრაინაში მისი უკანონო ომი ასეთ განადგურებას იწვევს“, – ამბობს კონგრესმენი კიტინგი.
ეს უნდა იყოს გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ყურადღებით ვართ, და ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ეკონომიკა, ბიზნესი, როგორ ტარდება არჩევნები და უზრუნველყოფილია თუ არა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს”,
– ბილ ჰაიზინგა
კონგრესში 23 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის – „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მაღალჩინოსნებს მოუსმინეს იმის შესახებ თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ – ქვეყნების, რომლებშიც ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა გაიმართოს.
“საქართველო ამერიკის კარგი პარტნიორია, მაგრამ რთულ სამეზობლოში“, – ამბობს დინა ტაიტუსი, დემოკრატი კონგრესმენი ნევადიდან და დასძენს, რომ ამერიკა ქვეყანას დემოკრატიისკენ სვლაში უნდა დაეხმაროს, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ საპარლამენტო არჩევნები იქნება:
“უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები ამ შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ხალხი ნამდვილად ერთ რამეს ამბობს, “ქართული ოცნება” კი – რაღაც სხვას. ვნახოთ როგორ შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას”, – უთხრა დემოკრატმა კონგრესმენმა “ამერიკის ხმას” საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ.
წყარო: amerikiskhma.com