„ქართველი ხალხი იმსახურებს ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ – კონგრესმენი ჯო უილსონი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის შეფასებით, საქართველო კვლავაც რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში, რომლის გარშემოც გეოპოლიტიკური კონკურენცია იზრდება.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
კონგრესმენი ასევე მიუთითებს საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის მზარდ გავლენაზე, განსაკუთრებით ანაკლიის პორტის კონტექსტში, რომელსაც სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად განიხილავს. მისი თქმით, ვაშინგტონისთვის კრიტიკულია, რომ მსგავსი პროექტები არ აღმოჩნდეს ავტორიტარული ძალების კონტროლის ქვეშ.
ვრცელი ინტერვიუ „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე ჯო უილსონთან 16 აპრილს ჩაწერა ვაშინგტონში რადიო თავისუფლების უფროსმა რეპორტიორმა, ალექს რაუფოღლუმ.
ახალი სადაზვერვო მანდატი: კრემლისა და პეკინის წინააღმდეგ მოქმედება
რადიო თავისუფლება: თქვენ არაერთხელ მოგიწოდებიათ, გადახედილიყო აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ამერიკის ბოლო ორი ადმინისტრაციის პირობებში. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამართა მაღალი დონის დისკუსიები , რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ურთიერთობების „გადატვირთვად“ შეაფასეს. ეთანხმებით ამ შეფასებას?
ჯო უილსონი: დიდი ხანია, ჩემი შთაგონების წყარო თავად ქართველი ხალხია. მქონდა თბილისში სტუმრობის და საქართველოს მამაც მოქალაქეებთან შეხვედრის პატივი. ჩემი ოთხი ვაჟიც საზღვარგარეთ მსახურობდა ქართველი ჯარისკაცების გვერდით, და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ქართველი სამხედროები განსაკუთრებულად მამაცები არიან და გამოირჩევიან პროფესიონალიზმით. მამშვიდებდა იმის ცოდნა, რომ ჩემი ვაჟები მათთან ერთად მსახურობდნენ.
წყარო: radiotavisupleba.ge










