ვინ იცის, რამდენჯერ გამართულა დებატები იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ოდესმე ცნობიერი? ვიდრე საზოგადოება ჯერ კიდევ ამაზე მსჯელობს, არიან ექსპერტები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ შესაძლოა, ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერი უკვე გააჩნია. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო დებატები ამ შაბათ-კვირასაც გაიმართა.
OpenAI-ის წამყვანმა მკვლევარმა ილია სუცკევერმა ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია Twitter-ზე დააფიქსირა, რასაც დარგის სპეციალისტების გამოხმაურებაც მოჰყვა. სუცვეკერმა განაცხადა, რომ შეიძლება დღევანდელ კომპიუტერულ ქსელებს ცნობიერება გააჩნია, ან ახლა უჩნდება.
UNSW Sidney AI-ის მკვლევრის ტობი უოლშის თქმით, სუცკევერის განცხადება კრიტიკას იმსახურებს… მისი აზრით, მსგავსი განცხადებები სპეკულაციურია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეც ნეგატიურად მოქმედებს. “ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი სპეკულაციური კომენტარები ვრცელდება, თვეების ძალისხმევა სჭირდება უფრო რეალურ შესაძლებლობებზე აქცენტის გაკეთებას და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული “საფრთხეების” განეიტრალებას”.
განცხადება დამოუკიდებელმა სოციოტექნოლოგმა იურგენ გეუტერმაც გააკრიტიკა. მან სუცკევერის განცხადებას არარეალური უწოდა. მისი თქმით, ეს უბრალოდ აჟიოტაჟია და მსგავსი განცხადებები ხელოვნური ინტელექტის ცნობიერების საკითხს ზედმეტად აქტუალურს ხდის, როდესაც დღეს ეს ასე არ არის — რეალურად, არ დგას ამ თემის აქტიურად განხილვის საჭიროება.
ხოლო Citi-ს ვიცე-პრეზიდენტმა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტმა ვალენტინო ზოკამ აღნიშნა, რომ მართალია, AI ჯერ არ არის შეგნებული, მაგრამ ეს აჟიოტაჟიც არ გაჩენილა უმიზეზოდ…
ბუნებრივია, რომ ასეთი თამამი განცხადებები ხალხში ერთგვარ შიშს აღძრავს — არავის უნდა, ტექნოლოგიებმა ცნობიერება შეიძინოს და მოკვდავ ადამიანებზე დაიწყოს “მბრძანებლობა”. თუმცა ბევრი ექსპერტი ემხრობა მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, სწორედ ამ გზით აპირებს ტექნოლოგიური სამყარო განვითარებას… სხვა საკითხია, რამდენად უნდა ვსაუბრობდეთ უკვე ამ თემაზე და წინასწარ ვიქმნიდეთ წარმოდგენებს, როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტის ცნობიერი — შესაძლოა, ეს არც არასდროს მოხდეს. საზოგადოებაში კი მუდმივი შფოთვა კიდევ უფრო გაღვივდება და მასშტაბურ სახეს მიიღებს.
ალბათ, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ვინ იყო მართალი და ვინ — არასწორი.