“პარი სენ-ჟერმენის” ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.
ეს აღიარება პარიზული კლუბისა და მისი მოთამაშეების მიერ დამყარებულ 12 ოფიციალურ რეკორდს უკავშირდება, საიდანაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ კვარაცხელიას ინდივიდუალური მიღწევაა.
ქართველმა შემტევმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა: 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში, მან ტურნირის ზედიზედ 7 პლეი-ოფის მატჩში შეძლო მინიმუმ ერთ საგოლე ეპიზოდში (გოლი ან საგოლე გადაცემა) მონაწილეობა, რაც შეჯიბრების რეკორდად დასახელდა.
2025-2026 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ კიდევ რამდენიმე ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა:
პარიზელებმა ტურნირის ამ გათამაშებაში ჯამში 45 გოლი გაიტანეს, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. გუნდის ნახევარმცველმა ვიტინიამ ტურნირის ერთ სეზონში 1 602 ზუსტი გადაცემა შეასრულა.2025 წლის 31 მაისს, მიუნხენში გამართულ ფინალში, პსჟ-მ მილანის “ინტერი” ანგარიშით 5:0 დაამარცხა, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებაა. ამავე შეხვედრაში დეზირე დუემ ფინალისთვის სარეკორდო შედეგი აჩვენა და 3 საგოლე მოქმედება (2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა) მიითვალა.
გარდა ევროპული ტურნირისა, გინესის წიგნში პსჟ-ის შიდა ჩემპიონატის მიღწევებიც შევიდა:
კლუბი ლიგა 1-ის ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელია მოპოვებული 14 ტიტულით და ერთ სეზონში დაგროვილი 96 ქულით. გუნდს ეკუთვნის ზედიზედ მოგებული 14 მატჩის სერია, აგრეთვე 36-მატჩიანი საერთო და 39-მატჩიანი გასვლითი დაუმარცხებელი სერიები. ინდივიდუალურ დონეზე კი ლიგა 1-ის რეკორდსმენები მარკინიოსი (11 საჩემპიონო ტიტული) და ფაბიან რუისი (51 წაუგებელი შეხვედრა) გახდნენ.
სწორედ ამ 12 გუნდური და ინდივიდუალური მიღწევის საფუძველზე, “პარი სენ-ჟერმენი” და მისი ფეხბურთელები ოფიციალურად დარეგისტრირდნენ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში.










