შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკააფხაზეთი: «დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვას»?

აფხაზეთი: «დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვას»?

რუსეთთან მეგობრობას ყოველთვის მოჰყვება შედეგები. მასთან ურთიერთქმედება ყავლგასული „სამუდამო მეგობრობის“ ლოზუნგით ჯერ არავის გამოსვლია. მეტისმეტად ძვირი ჯდება ეს „სიამოვნება“: არ ხარ თანახმა, „უფროსი მეგობრის“ სურვილები ასრულო? – დაისჯები; გაბედე, ვინმე სხვისკენ გაიხედო? – გაზღვევინებს; დამოუკიდებლად წარმოიდგინე თავი? – გიჩვენებს „დამოუკიდებლობას“; ხოლო თუ ყველაფერს შეუსრულებ, არ შეგეხება, მაგრამ რუსეთი მადას არასოდეს უჩივის, რაც მეტს აძლევ, მით მეტს ითხოვს და სულ უფრო მეტად აახლოებს „მეგობრებს“ უუფლებო ქვეშევრდომების მდგომარეობასთან. ამის მაგალითი უამრავია. და მაინც, ბოლო დრომდე ჯერ კიდევ არსებობდნენ მიამიტები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რომ რუსეთის გაგებით მეგობრული სახელმწიფო – ეს საუკეთესო შემთხვევაში ვასალი სახელმწიფოა, ხოლო უარესში – რუსეთის ფედერაციის, ან, სულ მცირე, „საკავშირო სახელმწიფოს“ პოტენციური ახალი სუბიექტი, რაც არსობრივად, ერთმანეთისგან დიდად არაფრით განსხვავდება.

აფხაზეთის მოსახლეობას ათწლეულობით სჯეროდა რუსეთთან მეგობრობის, მას „სტრატეგიულ პარტნიორად“ და „უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად“ მიიჩნევდა. წლობით უმთავრესად რუსეთის ფინანსებით მოარსებე რესპუბიკაში ნაკლებად ფიქრდებოდნენ იმაზე, თუ რაში დებდა რეალურად მოსკოვი ფულს და რატომ არ განხორციელებულა მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯეროვნად „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის დამოუკიდებლად განვითარებაზე მიმართული არცერთი პროექტი. ამის ნაცვლად რესპუბლიკას სულ უფრო მეტად ითრევდნენ ვალებში და სულ უფრო მეტად ხდიდნენ დამოკიდებულს მოსკოვზე.

ვფიქრობ, სხვადასხვა დროს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში იყვნენ ის პერსონებიც, რომლებიც აცნობიერებდნენ ამ საშიშ რეალობასა და იმას, რომ ოდესმე ეს ყველაფერი რესპუბლიკას ძვირად დაუჯდებოდა. თუმცა ცხვირწინ დადგმული რუსული სალაფავი, რომელიც წლობით ანაყრებდა აფხაზეთში მთელს კლანებს, ადვილად ურევდა ადამიანებს გონებას, ავიწყებდა სინდის-ნამუსსაც და აფხაზი ხალხის მომავალზე ფიქრსაც. ერთი და იგივე ძალები პერიოდულად ცვლიდნენ ერთმანეთს რუსული სალაფავის ჯამთან და როგორც კი რომელიმე ეცლებოდა, მაშინვე უკან დაბრუნებაზე იწყებდა ზრუნვას: კონკურენტებს ზუსტად იმაში ადანაშაულებდა, რასაც თავად სჩადიოდა სალაფავის ჯამთან ყოფნისას და, რაღა თქმა უნდა, არც „რუსეთის წინაშე სამუდამო მადლიერების“ შესახებ ფიცის გამეორება ავიწყდებოდა. მათ – უფასო რუსული სალაფავი, ხალხს კი – ვალდებულება, სამუდამო ვალში იყოს „სტრატეგიულ პარტნიორთან“. მათ – ბინები, აგარაკები, ბიზნესები მოსკოვში, ხალხს კი – სიცივე, სიდუხჭირე, უპერსპექტივობა, უკანონობა და ეს ყველაფერი – რუსეთის წინაშე მუდმივ ვალში ყოფნის ფონზე… ხალხი პერიოდულად ხმას იმაღლებდა, მაგრამ ეს ან არაფრით მთავრდებოდა, ან რუსული სალაფავის ჯამთან ახალი ძველი გუნდის მოსვლითა და შესაბამისად, მოსკოვის წინაშე ახალი ვალებით.

„მომენტი X” უნდა დამდგარიყო და დადგა კიდეც. დადგა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. თუმცა ამის გაცნობიერება უმალვე არ მოსულა. ბევრს აფხაზეთში არც მას შემდეგ სჯეროდა „უფროსი მეგობრის“ არამეგობრული ზრახვების, რაც რუსეთმა უტიფრად მიითვისა აიბღა; არც მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსეთთან „ჰარმონიზაციის“ 45-პუქნტიანი პროგრამის აფხაზეთისთვის დამღუპველი რამდენიმე პუნქტი; არც მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ზეწოლა გააძლიერა აფხაზეთში მიწისა და უძრავი ქონების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის გაუქმების მისაღწევად; არც მას შემდეგ, რაც გაძლიერდა პრესინგი, რათა ბიჭვინთის აგარაკი პუტინს დაქვემდებარებული დაცვის სახელმწიფო სამსახურის საკუთრებაში გადაეფორებინათ; არც მოსკოვის ყოველდღიურად მზარდი ზეწოლის ფონზე, რათა აფხაზური ენერგოობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაფორმებას მიაღწიოს; არც იმ ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობოებზე ზეწოლის ფონზე, რომლებიც ყოველივე ზემოაღნიშნულით უკმაყოფილების გამოხატვას ბედავენ… მეტიც, ბევრს რუსეთის არამეგობრული ზრახვების მაშინაც კი არ სჯეროდა, როცა დაიწყო ღია საუბრები „აუცილებლობაზე, აფხაზეთმა სუვერენიტეტი რუსეთს გაუნაწილოს“…

დიახ, ზოგიერთების მიამიტობას საზღვარი არ აქვს. მაგრამ ვარდისფერი სათვალე საშიშ რეალობას ვერ ცვლის – მხოლოდ უმარტივებს მოსკოვს გზას აფხაზეთის სრული ანექსიისაკენ. და ფინიშამდე, როგორც ჩანს, უკვე არც ისე შორია.

ყოველ შემთხვევაში, უკვე დანამდილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აფხაზეთს არ ჰყავს „პრეზიდენტი“. მის ნაცვლად ჰყავს კრემლის ვასალი, რომელიც მზადაა, რუსეთს ყველაფერი დაუთმოს, „სუვეტენიტეტის“ ჩათვლით – ოღონდ ადგილი შეინარჩუნოს რუსულ სალაფავთან და ამ ყველაფერს „სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე ზრუნვად“ ასაღებს.

აფხაზეთს არც „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ჰყავს – მის ნაცვლად წარმოდგენილია კრემლის პროპაგანდისტი, თანაც არცთუ მაღალი კლასის. „მინისტრის“ სავარძელში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში ინალ არძინბამ საგარეო პოლიტიკური კუთხით აფხაზეთს აბსოლუტურად არაფერი შეჰმატა და ამის ნაცვლად ზრუნავდა მხოლოდ ერთზე – რესპუბლიკაში რუსეთის ინტერესების გატარებაზე. თუმცა ამაშიც კრემლის ახალგაზრდა შეგირდმა სასურველ შედეგს, როგორც ჩანს, ვერ მიაღწია: დაუღალავი პრორუსული და ანტიდასავლური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მიუხედავად, მან ვერა და ვერ აუხსნა მოსახლეობას, რატომ უნდა აქციოს აფხაზეთმა მთელს ცივილიზებულ სამყაროს ზურგი, განდევნოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, დახუროს ყველა მათი პროექტი, რომლის სიკეთეებითაც ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა აფხაზეთის უამრავი მკვიდრი და როგორ შეუწყობს მსგავსი თვითიზოლაცია ხელს აფხაზეთის ფართო საერთაშორისო აღიარებას.

ერთადერთი, რაც კრემლის ამ ახალგაზრდა შეგირდის დასაცავად შეიძლება, ითქვას, ისაა, რომ მოსკოვის მიერ მისთვის დაკისრებული მისია იმთავითვე ვერგანხორციელებადი იყო, რადგან მოსახლეობას აუხსნელს ვერ აუხსნი, სიცრუის კი, როგორც აღმოჩნდა, აფხაზებს გაცილებით ნაკლებად სჯერათ, ვიდრე ხანრძლივი ტოტალური პროპაგანდით გონებაარეულ რუსებს.

როგორც ჩანს, დარწმუნდა რა ამაში, „პრეზიდენტმა“-ვასალმა ვა-ბანკზე წასვლა და ყველაფრის ღიად თქმა გადაწყვიტა. ასლან ბჟანიამ ახალგაზრდა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ახსნა-განმარტებების „დიპლომატიური მანერის“ გამო უსაყვედურა (არადა, ყველაზე ნაკლებად ინალ არძინბას ბოლოდროინდელი განცხადებები სწორედაც რომ დიპლომატიურ ეტიკეტს შეესაბამებოდა), ხალხთან ურთიერთობისას მეტი სიცხადისკენ მოუწოდა და ღიად განაცხადა, რომ აფხაზეთის მოსახლეობისთვის მიუღებელი ამ გადაწყვეტილებების რეალური მიზეზი რუსეთია:

«აფხაზეთის საინფორმაციო ველში სრული უპასუხისმგებლობა შეინიშნება. ამ პირობებში საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას ჰმართებს, საზოგადოებამდე ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია უფრო გასაგებ, მარტივ ენაზე მიიტანოს. მკაფიოდ უნდა ითქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს უკავშირდება ჩვენი სერიოზული განვითარების შესაძლებლობა, რომ ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების ერთიან სისტემას ვაშენებთ და ვერ დავუშვებთ აფხაზეთში იმ ორგანიზაციების მოქმედებას, რომელთა საქმიანობაც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, მაგალითად, USAID-ს. დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვას».

აი ასე. ანუ, უამრავი აფხაზი ბენეფიციარი USAID-ს პროგრამებით გათვალისწინებული აუცილებელი ჰუმანიტარული და სოციალური დახმარების გარეშე უნდა დარჩეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს რუსეთს. აფხაზეთი უნდა თვითიზოლირდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე აწყობს რუსეთს. აფხაზეთის საურთიერთობო წრე უნდა შემოიფარგლოს რუსეთითა და მისი ერთი-ორი სატელიტით მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს რუსეთს, რომელიც პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებების შედეგად საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ ზურგშექცეულად იქცა…

ისმის კითხვა, რა მომავალი აქვს ასეთ პირობებში აფხაზეთს? რა „სერიოზულ განვითარებაზე“ შეიძლება ასეთ ვითარებაში ფიქრი? და რომელ „სუვერენიტეტზე“ შეიძლება, ისაუბროს რესპუბლიკამ, რომლის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებებს არა საკუთარი ხალხის, არამედ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს?!

თუმცა რა გასაკვირია? – “პრეზიდენტი”-ვასალი ხომ დიდი ხანია, გამოხატავს მზადყოფნას, რუსეთს „სუვერენიტეტი უწილადოს“…

«დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვასო» – განაცხადა ასლან ბჟანიამ… იქნებ თავად აფხაზეთის ისტორიას გულისხმობდა?

ეკა ცანავა

წყარო: accentnews.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა