კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარიანალიტიკასიტყვა, როგორც მანიპულაციის გზა, ურთიერთსაპირისპირო როლები და რიტორიკა - რას აჩვენებს ოცნების...

სიტყვა, როგორც მანიპულაციის გზა, ურთიერთსაპირისპირო როლები და რიტორიკა – რას აჩვენებს ოცნების ლიდერების ათასობით განცხადების ანალიზი?

პოლიტიკოსის, ექსპერტის ან ნებისმიერი საჯარო პირის გამოსვლები ხშირად ხდება ხოლმე კრიტიკისა და განხილვის საგანი. ცალკეული გამონათქვამები ბევრს ამბობს ადამიანის ფასეულობებსა და პრიორიტეტებზე, მაგრამ ათასობით განცხადების საფუძველზე მათი რიტორიკის ანალიზი კიდევ უფრო ნათელი სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. რა სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ ყველაზე ხშირად, ვის აკრიტიკებენ და ვის არა, რა პერიოდში არიან განსაკუთრებით აქტიური, როდის ერიდებიან კომენტარის გაკეთებას, პასუხები ამ შეკითხვებზე ხშირად საუკეთესო გზაა, გავიგოთ მეტი მათ მეთოდებსა და სტრატეგიაზე.

სწორედ ამ მიზნით, იმედინიუსის ვებსაიტიდიან შევაგროვეთ ყველა ახალი ამბის სათაური და ლიდი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან (უკრაინაში ომის დაწყებიდან) 2023 წლის 24 ივლისამდე გამოქვეყნდა. ამ პერიოდში იმედინიუსზე 58 802 ნიუსი დაიდო. პროგრამული ენის პითონის გამოყენებით ამ მონაცემების დამუშავების საფუძველზე კი წარმოგიდგენთ სტატიების ციკლს.

პირველი სტატიის თემა “ქართული ოცნების” ლიდერების რიტორიკის ანალიზი იქნება.

წელიწადისა და 5 თვის განმავლობაში იმედინიუსი ყოველთვიურად 3 000-დან 4 000-მდე ახალ ამბავს აქვეყნებდა სხვადასხვა თემაზე.

60 000-მდე ნიუსის სათაურებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა არის „ირაკლი“.

მმართველი პარტიის ლიდერებს შორის იმედინიუსი სათაურებში ყველაზე ხშირად ციტირებდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

https://flo.uri.sh/story/2011852/embed#slide-2

„ქართული ოცნების“ ლიდერების ათასობით განცხადების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებში იმაზე მეტად თანმიმდევრული არიან, ვიდრე შეიძლება, ეს ერთი შეხედვით ჩანდეს. ყველა მათგანს აქვს საკუთარი როლი და კარგად შერჩეული რიტორიკა ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფისთვის.

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლების მთავარი სპიკერი

ირაკლი კობახიძის ცალკეული განცხადებების მოსმენაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ოცნების ლიდერებს შორის ის ყველაზე აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა. თავს ესხმის ყველას – ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას. განსაკუთრებით აგრესიული განცხადებები აქვს ევროპისა და აშშ-ის მისამართით. ძირითადად, თავს ესხმის და იყენებს ისეთ სიტყვებსა და ფრაზებს, როგორიცაა: ოდიოზური, ბოდიში აქვთ მოსახდელი, უსამართლო, პარადოქსია, მეორე ფრონტი, ქვეყნის მტრები. კორუფციული სკანდალი, აბსურდული განცხადებები, პოლარიზაცია წაახალისა, ნულოვანი ფასი.

რაც შეეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში კობახიძე უჩვეულოდ თავშეკავებულია. თითქმის არასდროს ახსენებს რუსეთს ნეგატიურ კონტექსტში. იმედინიუსის სათაურებში გამოტანილ კობახიძის საკმაოდ ვრცელ ციტატებში, რუსეთთან მიმართებით მხოლოდ ორჯერაა ნახსენები სიტყვა „აგრესია“, როდესაც ოცნების მთავარმა სპიკერმა თქვა: „მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას“, „გაუგებარია, როგორ შეიძლება, მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო“. და კობახიძემ მხოლოდ ერთხელ ახსენა სიტყვა ოკუპანტი, როდესაც თქვა: „რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას მთავრობის არც ერთი წევრი არ უარყოფს“.

ვის ადანაშაულებს ირაკლი კობახიძე მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში?

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ “მეორე ფრონტის” თემა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახდა “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი. სიტყვათა შეთანხმება „მეორე ფრონტი“ განსაკუთრებით პოპულარული იყო ირაკლი კობახიძის ლექსიკაში ამ პერიოდში.

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისამდე ირაკლი კობახიძე “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებდა:

ირაკლი კობახიძე

საინტერესოა, რომ ირაკლი კობახიძის რიტორიკას უკვალოდ არ ჩაუვლია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა, გამოკითხულთა უმრავლესობამ თქვა, რომ უკრაინაში ომზე ფიქრისას საქართველოსთან მიმართებით ყველაზე მეტად მეორე ფრონტი აშინებთ.

ანა ჩხაიძე 5 წელია, იკვლევს კავშირს ენასა და კოგნიციას შორის. მისი თქმით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ენას ადამიანები აღიქვამდნენ, როგორც ინფორმაციის გაცვლის არხს, ნელ-ნელა კი პოპულარული გახდა თეორია, რომ ენა მჭიდრო ინტერაქციაშია გონებასთან.

„ჩვენი ნათქვამი სიტყვებით არა მხოლოდ მესიჯს გადავცემთ, არამედ შეგვიძლია, მანიპულაცია მოვახდინოთ იმაზე, რას ფიქრობს ადამიანი ისეთ დიდ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკა. ასევე, ისეთ პატარა საკითხებზეც კი, როგორიცაა, მაგალითად, ფერების აღქმა“, – გვეუბნება ანა ჩხაიძე.

ანამ გამოიკვლია, რა გავლენა ჰქონდა ტრამპის ლექსიკას ემიგრანტების შესახებ მოქალაქეების დამოკიდებულებაზე. ამერიკის პრეზიდენტის ტვიტების გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ემიგრანტებთან მიმართებაში ის ხშირად იყენებდა ისეთ მეტაფორებს, როგორიცაა შემოსევა (invasion), წყალდიდობა (flood). კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს წააკითხეს ემიგრანტების რაოდენობის ზრდის შესახებ დაწერილი იდენტური ტექსტები, მხოლოდ ერთი სიტყვა იყო განსხვავებული სხვადასხვა ვარიანტში. პირველ ვერსიაში – ნეიტრალურად იყო მოხსენიებული მათი რაოდენობის ზრდა – ყოველგვარი მეტაფორის გარეშე, მეორე ვარიანტში გამოიყენეს სიტყვა წყალდიდობა (flood) ვითარების აღსაწერად, მესამეში მოხსენიებული იყო სიტყვა შემოსევა (invasion), ხოლოდ მეოთხეში სიტყვა ბუსტი (boost).

“ტექსტის წაკითხვის შემდეგ ამ ადამიანებს ვთხოვდი, შეეფასებინათ, რა გავლენა ჰქონდათ ემიგრანტებს ქალაქისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე. ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ. ის ადამიანები, რომლებიც კითხულობდნენ ტექსტს უარყოფითი მეტაფორებით (invasion, flood), მნიშვნელოვნად უფრო უარყოფით შეფასებებს აკეთებდნენ. ასევე, საინტერესოა, რომ თუ ადამიანი ტექსტში კითხულობდა „შემოსევას“, საკუთარ აღწერაში იყენებდა ამავე სიტყვას ან მონათესავე სიტყვებს. მხოლოდ ერთ სიტყვას ჰქონდა ასეთი დიდი გავლენა“, – ამბობს ანა ჩხაიძე.

ანა გვეუბნება, რომ “მეორე ფრონტიც” ამ შემთხვევაში მეტაფორაა, რომელიც ააქტიურებს ამ ფრაზასთან დაკავშირებულ არაერთ უარყოფით შიშსა და საფრთხეს. „როგორ მუშაობს ენის გააზრების მექანიზმი? ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი სიტყვა არ გვესმის ხოლმე, ამას მოჰყვება მონათესავე კონცეპტები. როცა იმეორებენ „მეორე ფრონტს“, ამ სიტყვასთან ერთად სხვა არაერთი საფრთხე ნათდება ადამიანის გონებაში. ჩემს კვლევაში მხოლოდ ერთი სიტყვა იყო და ასეთი დიდი გავლენა მოახდინა და როცა მუდმივად იმეორებ ამ ფრაზებს სხვადასხვა კონტექსტში, ამას დიდი ძალა აქვს“, – ამბობს ანა.

საინტერესოა, რომ მეორე ფრონტის თემა ასევე პოპულარულია რუსულ მედიაში, არაერთი რუსული გამოცემა 24 თებერვლიდან მოყოლებული მუდმივად წერდა, რომ დასავლეთის მთავარი მიზანი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა იყო. აქ საინტერესოა ისიც, რომ ამ თემაზე საუბრისას რუსული მედიის დიდი ნაწილი სწორედ კობახიძის განცხადებებს ეყრდნობა.

placeholder
placeholder

რას ამბობს კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის შესახებ?

განსაკუთრებული აგრესიით ირაკლი კობახიძე გამოირჩევა აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩის მისამართით. თითქმის ყოველთვის, როდესაც ის ახსენებს კელი დეგნანს, თავს ესხმის და იხსენებიებს ნეგატიურ კონტექსტში. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისამდე ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის შესახებ ამბობდა:

კელი დეგნანი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყანაში რევოლუციური გეგმების რეალიზებით

ამერიკის ელჩი აფინანსებს პოლარიზაციას, აკეთებს შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ახალისებს ბილწსიტყვაობას

ელჩი ავრცელებს ხოლმე არასწორ ინფორმაციას

ელჩი ვალდებულია, წარმოადგინოს ხოლმე მტკიცებულებები, თუმცა ის საზოგადოებას ამის ღირსად არ თვლის

აშშ-ს საელჩო პირდაპირ ერევა საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში რეგულარულად იპარება შეცდომები

ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს

ელჩს უკან დახევა უწევს ხოლმე საკუთარი განცხადებების გამო

როდის ჩნდება ირაკლი კობახიძე?

არის პოლიტიკურად აქტიური დღეები, როდესაც ირაკლი კობახიძე არ ჩანს, მაგრამ არის დღეები, როდესაც იმედის ახალი ამბების პლატფორმაზე მიყოლებით მისი ათობით განცხადება ქვეყნდება. ირაკლი კობახიძე განსაკუთრებით აქტიურია მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ დასავლეთსა და უკრაინაში. ამ დროს, როგორც ჩანს, საჭირო ხდება თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორებზე, მწვავე განცხადებები ომში მყოფი უკრაინის მისამართით, ამ ყველაფერს კი საკუთარ თავზე ირაკლი კობახიძე იღებს.

2023 წლის 4 ივლისს ირაკლი კობახიძემ ყველაზე მეტი 33 განცხადება გააკეთა. რა მოხდა ამ დღეს? 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა: “4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ინსტრუქციების შესასრულებლად, რომელმაც გამოხატა მწვავე პროტესტი საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით.” ირაკლი კობახიძეს აქტიურობა არც მომდევნო დღეს შეუწყვეტია. იმედინიუსის გვერდზე 5 ივლისს მიყოლებით ქვეყნდებოდა მისი განცხადებები. ჯამში 4-5 ივლისს იმედის პლატფორმაზე კობახიძის 53 ციტატა გამოქვეყნდა.

როდის ჩნდებოდა ყველაზე ხშირად ირაკლი კობახიძე 2023 წლის ივლისში?

https://flo.uri.sh/visualisation/14808606/embed?auto=1

A Flourish chart

ირაკლი კობახიძე ასევე განსაკუთრებით აქტიური იყო 2023 წლის 14 მარტს. ამ დღეს იმედის ვებგვერდზე კობახიძის 22 განცხადება გამოქვეყნდა. წინა დღეს, 13 მარტს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და თქვა: „კანონპროექტით გათვალისწინებული ზომების ანალიზი ცხადყოფს, რომ მან შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და კანონპროექტი მთავრობას ზედმეტ გავლენას ანიჭებს ამ პროცესზე“.

როდის ჩნდებოდა ყველაზე ხშირად ირაკლი კობახიძე 2023 წლის მარტში?

https://flo.uri.sh/visualisation/14808935/embed?auto=1

A Flourish chart

როდის არ ჩანს ირაკლი კობახიძე?

ირაკლი კობახიძე უჩვეულოდ ჩუმად იყო უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში. 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პირველი 5 დღის განმავლობაში იმედის პლატფორმაზე ირაკლი კობახიძის მხოლოდ 1 განცხადება გამოქვეყნდა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ 24 თებერვალს შუადღეს თქვა: „ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა, სოლიდარობა უკრაინას!“. მას შემდეგ პირველ მარტამდე ერთხელაც აღარ გამოჩენილა. 1 მარტს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო, ირაკლი კობახიძე ჩვეული აგრესიული რიტორიკით გამოჩნდა იმედის პლატფორმაზე. 2022 წლის 1 მარტს იმედინიუსზე მისი 16 განცხადება გამოქვეყნდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებები უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში

https://flo.uri.sh/visualisation/14809147/embed?auto=1

A Flourish chart

როგორ ნაწილდება როლები “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის?

თავისუფალი უნივერისტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი ნუცა ბათიაშვილი ამბობს, რომ ზოგადად, არც ერთ პარტიას არ ჰყავს ერთგვაროვანი ამომრჩეველი. ასეა ოცნების შემთხვევაშიც. ამიტომაც ოცნების სხვადასხვა ლიდერი სხვადასხვა ჯგუფზე მუშაობს, ირაკლი კობახიძესაც კონკრეტული ფუნქცია აქვს.

„ოცნების ანთებული მომხრეები რომ არიან, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს, რუსეთი ერთმორწმუნეა და ასე შემდეგ, სწორედ ამ ტიპის ამომრჩევლებისთვის ოცნებას ჰყავს კობახიძე“, – ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცალკეული განცხადებები ხშირად კრიტიკის საგანი ხდება, კობახიძისგან განსხვავებით, ღარიბაშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობების პირების ლექსიკა და ტონი დაბალანსებულია, რიტორიკაც შედარებით რბილი. როგორც პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პირადად უწევს შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან და მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, არ არის რთული მისახვედრი, რატომ ვერ გამოიყენებს იმ ფრაზებსა და სიტყვებს, რომელსაც კობახიძე მუდმივად იმეორებს დასავლელი პარტნიორების შესახებ.

ნუცა ბათიაშვილი ფიქრობს, რომ ოცნების მმართველობის რიტორიკული სტილიც და ტაქტიკაც, რის გამოც ხშირად უპირატესობა აქვთ, მათ მეთოდურობაში მდგომარეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი ლიდერი და პარტიასთან დაკავშირებული პირი შემთხვევით არც ერთ განცხადებას არ აკეთებს, მათი ყველა სვლა მკაცრად თანმიმდევრულია.

„ვინც იცნობს ამ მეთოდებს, მათ შორის რუსული სამხედრო დოქტრინის მეთოდებს, იცის, რომ შაბლონები არსებობს და ამ შაბლონებს მიჰყვებიან. ეს არ არის მათ გენიალურ გონებაში დაბადებული მეთოდები, უბრალოდ დიდი რესურსი და თამაშის გამზადებული წიგნი აქვთ. როცა გგონია, რომ ერთი სხვა რამეს ამბობს, მეორე სხვას, ესეც მაგ მეთოდის ნაწილია. ზოგი კარგს, ზოგი კი ცუდ პოლიციელს თამაშობს, ამასობაში ტესტავენ როგორი რეაქცია აქვს ხალხს უფრო რადიკალურ და ნაკლებად რადიკალურ მესიჯებზე“, – ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

მათი ათასობით განცხადების გაანალიზების შემდეგ აშკარაა, რომ ღარიბაშვილის სამიზნე ჯგუფი სრულიად სხვაა. ის თავშეკავებულია, როდესაც ახსენებს ევროპას, ამერიკას, აშშ-ის ელჩს. შესაძლოა, გააკეთოს კრიტიკული განცხადება, თუმცა, უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებს ევროპული სტანდარტების მნიშვნელობაზე, საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე. უმეტეს შემთხვევაში მისი ტონი არა მხოლოდ დადებითია, არამედ ირაკლი კობახიძის სრულიად საპირისპირო.

მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე კელი დეგნანს თითქმის ყველა შემთხვევაში უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ღარიბაშვილი იშვიათად აკრიტიკებს და ამბობს: „ვისურვებდი, რომ უფრო ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით“, „კელი დეგნანი ძალიან აქტიური ელჩია და აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში“.

„რიტორიკის მიზანი რა არის? ადამიანს კი არ დააჯარო ან გადააჯერო რაღაც, არამედ შენ ვინც გისმენს, იმას მიაწოდო საჭირო არგუმენტები, მეზობელთან კამათისას უპირატესობა რომ ჰქონდეს. ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ოცნების მხარდამჭერებად არ მოიაზრებენ და ასევე ამბობენ, რომ “ნაცებიც” არ არინ, კამათისას სჭირდებათ არგუმენტები. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი რომ ეტყვის: ოცნება პრორუსული ძალაა, პუტინის მხარეს არიან, ევროპაში აღარ გვიშვებენ. ის უპასუხებს: როგორ, ასოცირების ხელშეკრულებას ხომ მოაწერეს ხელი? ევროპაში ხომ დადის ღარიბაშვილი, ის ვიღაც კობახიძე რომ გამოდის, რას იტყვის, მაგას ვინ აქცევს ყურადღებას?“ – ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

მისი თქმით, ოცნების მიზანია, არსებობდეს არგუმენტები ყველა ჯგუფისთვის საზოგადოებაში. „რაღაცნაირად არგუმენტების რეზერვუარივით არის და იმის მიხედვით შეგიძლია, აარჩიო, სადაც დგახარ და რა პოზიციაც გაქვთ“, – ამბობს ის.

ნუცა ბათიაშვილის აზრით, განსხვავებული როლები მათ ასევე ეხმარებათ, დამალონ უთანხმოება და დაპირისპირება გუნდში. „შეპირისპირებული რიტორიკა რომ აქვთ, ეგ შესაძლებლობას აძლევთ, ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი ისე გაათამაშონ, რომ მათი საბოლოო მიზანი არ მოირღვეს“, – ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

“ქართული ოცნების” ლიდერებს შორის იმედინიუსზე ყველაზე ნაკლები ციტატა კახა კალაძეს ეკუთვნის. თბილისის მერი ცდილობს პოზიტიური ტონი შეინარჩუნოს. აკეთებს მწვავე განცხადებებსაც, თუმცა შედარებით იშვიათად. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა მის ლექსიკაში არის – მშვიდობა. თითქმის ყველა თემაზე კომენტირებისას, იქნება ეს სააღდგომო მილოცვა, ევროინტეგრაცია, უკრაინაში ომი თუ ნაციონალური მოძრაობა, კალაძე ახსენებს სიტყვას მშიდობას.

თურმე იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ მინდა ჩემი ქვეყნის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება

დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში?! მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა

ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისთვისაც მშვიდობა და სამშობლო უპირველესია

ყველას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მინდა, ჩემს ქვეყანას ვუსურვო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობა , მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება

დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა

ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც ღირსება, მშვიდობა და იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ

კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მიზანი კი, მშვიდობიანი და ევროპული მომავალია

გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით ცვლილება მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში, შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში

ჩემს სამშობლოს და მეგობარ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და სიმშვიდეს ვუსურვებ

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა

მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში

„კალაძის პროექტებს თუ შეხედავთ, მისი როლი იმ ილუზიის შექმნას ემსახურება, რომ ჩვენ უფრო მშვიდობიან და მოწესრიგებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს აჩვენებს, რომ ერთსა და იმავე გზავნილს თუთიყუშივით კი არ იმეორებენ, არამედ რამდენიმე მოტივი აქვთ, რომელსაც სხვადასხვა ენასა და ბრუნვაში აჟღერებენ. წულუკიანი რომ დადგეს და მშვიდობაზე გველაპარაკოს, ხომ დასცინებს მთელი ქვეყანა? ეს რიტორიკა არ იმუშავებს“, – ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

ვინ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის მადლიერი?

ბიძინა ივანიშვილის სახელი საკმაოდ ხშირად ჩნდება ამ პერიოდში იმედის პლატფორმაზე. “ქართული ოცნების” დამფუძნებელს არა ერთი ადამიანი სხვადასხვა გზავნილისთვის იყენებს. ირაკლი ღარიბაშვილი ძირითადად მადლიერებას გამოხატავს.

ღარიბაშვილის აზრით, ივანიშვილის დამსახურებების არასრული სია, რის გამოც ქართველი ხალხი მისი მადლიერი უნდა იყოს, ასე გამოიყურება:

ირაკლი ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მადლიერია თეა წულუკიანიც. ღარიბაშვილის მსგავსად, წულუკიანიც ამბობს, რომ ივანიშვილი მშვიდობიანობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია, რომელმაც „გადაარჩინა არაერთი დარგი და სფერო.“ თუმცა წულუკიანი, აქტიურად ახმოვანებს სხვა გზავნილსაც. მინისტრის აზრით, გარე ძალებს ივანიშვილის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის სურთ.

„რაღაც ძალებისთვის ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა, ამავე ძალებისთვის რაღაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეს ხელისუფლება არის ასევე პრობლემა.“ ეს თეა წულუკიანმა იმედი ლაივის ეთერში თქვა. ამ კონტექსტში ივანიშვილს ხშირად ახსენებენ სხვებიც. მაგალითად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მადლიერებას გამოხატავს „ქველმოქმედებისთვისა და მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის“, თუმცა, ირაკლი კობახიძის მთავარი სათქმელია, რომ ყველა პრობლემა, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს, მოდის დასავლეთისგან. ეს კი არის ზეწოლის მცდელობა მასზე. თუმცა, კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი აიძულებს „ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას“.

ნუცა ბათიაშვილის თქმით, ერთი მხრივ, მათ ივანიშვილის შიში აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, მისი მუდმივად ასეთ კონტექსტში მოხსენიებაც ოცნების გუნდის სტრატეგიის ნაწილია.

„მათ კარგად ესმით, რომ მათი ძალაუფლება ივანიშვილზეა დამოკიდებული. არავინ რომ შიგნიდან არ გამოიტანოს ამბავი, ისედაც ეტყობათ, ერთმანეთს რომ ვერ იტანენ. მათი ძალაუფლების მოდელი კულისებში შემალული მონარქია, რომელიც თან წმინდანია, წამებულიცაა და ქველმოქმედიც. ეს იმიჯი უნდა შეინარჩუნონ. მათმა ამომრჩეველმა რომ გადაწყვიტოს, ეს ადამიანები საკუთარ თავზე არიან დამოკიდებული, უცებ შეიძლება, სიტუაცია აირიოს. მათ სჭირდებათ, სულ იყოს ჩრდილოვანი ფიგურის ხატი, რომელიც გმირის თვისებების მატარებელია“, – ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ლიდერებს სხვადასხვა ტონი და რიტორიკა გადანაწილებული აქვთ, ეს დიდი სურათის მხოლოდ ერთი ფაზლია. არის ანტიდასავლური გზავნილები, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ამომრჩეველი ვერასდროს მოისმენს. თუმცა, მათთან ასოცირებული ჯგუფები ხშირად ამაზე ღიად ლაპარაკობენ, მათ გამოსვლებს კი აქტიურად აშუქებს იმედინიუსი. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იქმნება განცდა, რომ ეს ადამიანებიც ოცნების პოზიციას ახმოვანებენ და ამომრჩევლებზე მუშაობენ. ამ ჯგუფებსა და სხვა გზავნილებზე მომდევნო სტატიებში მოგიყვებით.

EU

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM – ის ბენეფიციარი ჟურნალისტი და სტატიაში გამოთქმული შეხედულებები შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

წყარო: publika.ge/

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა