კვირა, აპრილი 28, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაფინეთი და შვედეთი NATO-ში: ათწლეულოვანი ნეიტრალიტეტის და პაციფიზმის დასასრული

ფინეთი და შვედეთი NATO-ში: ათწლეულოვანი ნეიტრალიტეტის და პაციფიზმის დასასრული

“სანამ სოციალ-დემოკრატიული მთავრობა გვყავს, შვედეთი NATO-ს წევრობაზე არ შეიტანს განაცხადს. პირადად მე დანამდვილებით არ ჩავერთვები ასეთ პროცესში, სანამ თავდაცვის მინისტრი ვარ. ყველას გაძლევთ ამის გარანტიას!” – ეს სიტყვები შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ჰულტქვისტმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე წარმოთქვა 2021 წლის 7 ნოემბერს.

2022 წლის 18 მაისს, როცა შვედეთმა ფინეთთან ერთად NATO-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანა, ქვეყანას ისევ სოციალ-დემოკრატები მართავდნენ და თავდაცვის მინისტრი ისევ პეტერ ჰულტქვისტი იყო.

ფინეთი NATO-ს წევრი 2023 წლის 4 აპრილს გახდა, შვედეთი კი ამ მიზანთან ახლოს არის და  ელოდება ორი ქვეყნის, თურქეთის და უნგრეთის პარლამენტის მიერ მათი NATO-ში შესვლის პროტოკოლის რატიფიკაციას.

ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ შეიცვალეს აზრი NATO-ს შესახებ ფინეთსა და შვედეთში და როგორ მოახერხა პუტინმა, NATO-ს გაფართოების შეჩერების ნაცვლად, რუსეთის და NATO-ს საზღვარი გაორმაგებულიყო.

ნაძალადევი ნეიტრალიტეტი

თანამედროვე ხანაში, დამოუკიდებელი ფინეთის ისტორია 1917 წლიდან იწყება, როცა ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ქვეყანა რუსეთის იმპერიას გამოეყო.

თავდაპირველად, საბჭოთა კავშირი ფინეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა – პირიქით, ლენინი იმითაც ამაყობდა, რომ საბჭოთა კავშირი ერების თვითგამორკვევას პატივს სცემდა.

თუმცა საბჭოთა კავშირში ბოლშევიკების ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ზოგიერთი მეზობლის შემოერთების შემდეგ, ფინეთს დიდ მეზობელთან ურთიერთობები კვლავ დაეძაბა.

საბოლოოდ, 1939 წელს წითელი არმია ფინეთში შეიჭრა. ფინელებმა მტერი მოიგერიეს და დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს, თუმცა ტერიტორიის 10%-ის დათმობა მოუწიათ.

ფინელები ზამთრის ომში

ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ფინეთი კიდევ უფრო გაძლიერებული საბჭოთა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

1948 წელს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, სსრკ-მ და ფინეთმა გააფორმეს მეგობრობის, კოოპერაციისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება.

ეს ხელშეკრულება ფინეთის ომისშემდგომი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა. შეთანხმების პირობების თანახმად, რომელიც გაჟღენთილია ცივი ომის პერიოდის სამყაროსთვის დამახასიათებელი ნიშნებით, ფინეთმა აიღო ვალდებულება, რომ ზესახელმწიფოების კონფლიქტის შემთხვევაში, არცერთ მხარესა თუ ბლოკს მოიემხრობოდა.

ამასთანავე, ფინეთი ვალდებულებას იღებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სსრკ-სთან სამხედრო კონსულტაციები გაემართა.

ფინეთს ეკრძალებოდა მესამე სახელმწიფოებთან სამხედრო კოოპერაციაც, რაც, პირველყოვლისა, ფინეთის NATO-ს გარეთ დატოვების წინაპირობა იყო. მეტიც, ქვეყანამ უარი თქვა მარშალის გეგმაში მონაწილეობაზეც.

მეორე მხრივ კი ფინეთმა ავტონომიური ნების იმ დონემდე შენარჩუნება შეძლო, რომ ვარშავის პაქტის წევრი არ გამხდარა.

ცივი ომისდროინდელ ფინურ საგარეო პოლიტიკას პაასიკივი-კეკონენის ხაზის სახელით მოიხსენიებენ. იუჰო პაასიკივი 1946-56 წლებში ფინეთის პრეზიდენტი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება საბჭოთა კავშირთან არგაღიზიანების პოლიტიკის წარმოება. ეს დოქტრინა ეფუძნებოდა რწმენას, რომ რუსეთს ფინეთისადმი მხოლოდ უსაფრთხოების ინტერესები გააჩნია, რომელთა მიღწევაც აგრესიისა და ოკუპაციის გარეშეც შეიძლებოდა.

ფინელები, ერთი მხრივ, გამოაცხადებდნენ ნეიტრალიტეტს, გაემიჯნებოდნენ დასავლურ სამხედრო კოოპერაციას და სსრკ-ს მათგან საფრთხე არ დაემუქრებოდა, რითიც დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ეჭვის ქვეშ არ დადგებოდა.

ურჰო კეკონენი და იუჰო პაასიკივი

ფინეთისთვის ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა 50-იანების შუაში, სტალინის გარდაცვალების შემდეგ. საბჭოთა კავშირმა ჰელსინკის შემოგარენიდან სამხედრო ბაზა გაიტანა, 1955 წელს კი ფინეთი გაეროს და ჩრდილოური საბჭოს (სკანდინავიური ქვეყნების გაერთიანება) წევრი გახდა. ამით, ფინეთის საერთაშორისო იზოლაციამ და სსრკ-ზე დამოკიდებულებამაც იკლო.

1956 წელს, ფინეთის პრეზიდენტი ურჰო კეკონენი გახდა, რომელიც თანამდებობაზე 1982 წლამდე დარჩა. კეკონენის პრეზიდენტობისას ფინეთმა ნეიტრალურობის პოლიტიკა გააგრძელა, თუმცა პარალელურად, მაქსიმალურად ცდილობდა მანევრირებისთვის იმ სივრცის გამოყენებას, რასაც 60-იანებში და 70-იანებში საბჭოთა კავშირი ტოვებდა.

1975 წელს ჰელსინკიმ უმასპინძლა ეუთოს კონფერენციას, რისი შედეგიც ცნობილი ჰელსინკის აქტი იყო.

ამასთან ერთად, ურჰუ კეკონენი საბჭოთა კავშირისთვის დაყვავებისგან სულაც არ იკავებდა თავს. ამისი თვალსაჩინო მაგალითია ფინეთის ლიდერების სიჩუმე 1956 წლის ბუდაპეშტის, 1968 წლის პრაღის და 1979 წლის ავღანეთის საბჭოთა აგრესიისას.

„ფინეთიზაცია“ უკრაინაზე თუ ე.წ. „ბუფერული ზონის“ ქვეყნებზე საუბრისას ხშირად ნახსენები ტერმინია. არცთუ იშვიათად, ფინეთის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საგარეო პოლიტიკას ნეიტრალიტეტის წარმატებულ მაგალითად და გამართლებად წარმოადგენენ.

მაგრამ სანამ იმაზე ვიმსჯელებთ, რამდენად გამოდგება ფინური გამოცდილება სხვებისთვის სწორი გზის ასარჩევად, ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი ისაა, რომ ფინეთისთვის ნეიტრალიტეტი არა იმდენად არჩევანი იყო, რამდენადაც აუცილებლობა, მეტიც – გარდაუვალი მოცემულობა.

ფინელებმა ეს მძიმე ფასი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად გადაიხადეს და კარგად ესმოდათ, რომ იმ პირობებში, როცა NATO-ში შესვლის უფლება არ ჰქონდათ, მთლიანად საკუთარი თავის იმედზე უნდა ყოფილიყვნენ.

ამდენად, საბჭოთა კავშირისთვის დაყვავებისა და არგაღიზიანების მიუხედავად, ფინელებს საკუთარი თავისთვის მოდუნების უფლება არ მიუციათ. ფინეთი „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპით ხელმძღვანელობდა, რაც იმას გულისხმობდა, რომ საფრთხის შემთხვევაში, ქვეყნის დასაცავად მთელი საზოგადოება მზად უნდა ყოფილიყო.

იმის გამო, რომ სსრკ-სთან გაფორმებული ზავი ფინეთს არმიის რაოდენობის ლიმიტს უწესებდა, ფინელებმა დეფიციტის ამოვსება ძლიერი რეზერვის შექმნით გადაწყვიტეს. მათ ასევე დიდი ინვესტიცია ჩადეს საზღვრისპირა საფორტიფიკაციო ნაგებობებში.

ფინეთის ნეიტრალიტეტი წარსულს, ცივი ომის დამთავრებასთან ერთად ჩაბარდა. ამისდა მიუხედავად, NATO-ში შესვლა ქვეყნისთვის ცივი ომის შემდგომ პერიოდში მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა – საბჭოთა საფრთხის გაქრობის გამო, ფინელები თავს დაცულად გრძნობდნენ და მათი ყურადღება დანარჩენ ევროპასთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციაზე იყო მიმართული. სამხედრო თვალსაზრისით კი ფინეთი ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კოოპერაციით შემოიფარგლებოდა.

თუმცა ნელ-ნელა, ფინეთში ამასთან დაკავშირებითაც დაიწყეს აზრის შეცვლა. საზოგადოებრივი აზრის საბოლოო გარდატეხა კი პირადად ვლადიმირ პუტინის დამსახურებაა. 2022 წლის იანვარში, ფინელების 28% ემხრობოდა NATO-ს წევრობას, თებერვლის ბოლოს 53%, მარტში 62%, მაისში კი 76%.

ნეიტრალიტეტი: მორალური პოზიცია

ფინეთის მსგავსად, ცივი ომისას ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული მის მეზობელ შვედეთს, ოღონდ ფინეთისგან განსხვავებით, ამას კიდევ უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს.

შვედეთის საგარეო პოლიტიკაში გარდამტეხი წერტილი 1809 წელს დადგა, როდესაც 600 წლიანი ერთიანობის შემდეგ, რუსეთთან ომის შედეგად, ფინეთის დათმობა მოუწიათ. ამან შვედეთისთვის დიდი გავლენა იქონია, როგორც წმინდა სამხედრო კუთხით, ისევე ეროვნული იდენტობის თვალსაზრისითაც.

შვედეთის მაშინდელმა ფაქტობრივმა მმართველმა, ნაპოლეონის ყოფილმა სარდალმა ჟან-ბატისტ ბერნადოტმა და მოგვიანებით მეფე კარლ XIV-მ 1810-იან წლებში არჩია, დასუსტებული შვედეთი ნორვეგიასთან გაეერთიანებინა და რუსეთისგან ქვეყანა ერთობლივი ძალებით დაეცვათ.

მეფე კარლ იოჰანის ძეგლი ოსლოში. ჟან-ბატისტ ბერნადოტი ნაპოლეონის სარდალი იყო, შემდეგ კი შვედეთის ტახტი შესთავაზეს და მეფე კარლ XIV იოჰანი გახდა

ამავდროულად, შვედებმა საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად დაისახეს, რომ ქვეყნისთვის ომი ყველაფრის ფასად აეცილებინათ თავიდან.

ამის შედეგი იყო ის, რომ ორივე მსოფლიო ომისას, შვედეთი ნეიტრალური დარჩა და ამ კურსისთვის ოფიციალურად არც ცივი ომის დროს გადაუხვევია.

არაოფიციალურად კი შვედეთი თითქმის მთელი ცივი ომის განმავლობაში საიდუმლოდ თანამშრომლობდა NATO-ს ქვეყნების დაზვერვასთან, შესაძლო საბჭოთა თავდასხმისგან თავის დასაცავად.

თუმცა ცივი ომის მიწურულს, 1970-იან და 80-იან წლებში შვედურმა ნეიტრალიტეტმა ახალი ელფერი შეიძინა – შვედები ნეიტრალიტეტს არა უსიამოვნო აუცილებლობად, არამედ მორალურად უპირატეს არჩევანად წარმოადგენდნენ. ამ პოლიტიკის მთავარი სახე კი სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი ოლოფ პალმე იყო, რომელიც ქვეყანას 1969-76 და 1982-86 წლებში ედგა სათავეში.

თუმცა, ოლოფ პალმეს ფინელებისგან ის განასხვავებდა, რომ თავს არ იკავებდა არც საბჭოთა კავშირის და არც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის საჯარო კრიტიკისგან – გმობდა პრაღის გაზაფხულსაც და ვიეტნამის ომსაც.

ოლოფ პალმე ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მარშზე. ამ დროს პალმე შვედეთის განათლების მინისტრი იყო

განსხვავებასთან ერთად, შვედეთის უსაფრთხოების პოლიტიკას ფინურთან საერთოც ჰქონდა – შვედებმა, ფინელების მსგავსად იცოდნენ, რომ თავიანთი ქვეყნის დასაცავად საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდათ.

ამიტომაც, ცივი ომის დასრულებამდე, შვედეთი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ს ხარჯავდა თავდაცვაზე. შედარებისთვის, NATO-ს ამჟამინდელი რეკომენდაცია მშპ-ს 2%-ია.

ცივი ომის დასრულების შემდეგ კი შვედებმა ჩათვალეს, რომ ამხელა ხარჯის გაღება საჭირო აღარ იყო – ქვეყანამ შეიარაღებული ძალები 90%-ით შეკვეცა.

საბოლოო ჯამში, მათ შორის ეს გახდა განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც შვედებმა NATO-ს წევრობის აუცილებლობა დაინახეს.

ფინეთის მსგავსად, NATO-ს შესახებ დებატები შვედეთში 20 წელიწადზე დიდხანს მიმდინარეობდა.

გარდატეხა ნელი იყო და თავდაპირველად, პოლიტიკურ პარტიებში დაიწყო. 1999 წელს სახალხო პარტია (ახლანდელი ლიბერალები) პირველი იყო, რომელმაც შვედეთის NATO-ში გაწევრება მოითხოვა.

ოთხი წლის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა მთავარმა მემარჯვენე ძალამ, ზომიერმა პარტიამაც.

2015 წელს იგივე პოზიციაზე გადავიდნენ ქრისტიან-დემოკრატები და ცენტრისტული პარტია, ხოლო ანტი-საიმიგრაციო პარტია შვედმა დემოკრატებმა, რომლებიც NATO-ში შესვლას დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდნენ, აზრი საბოლოოდ 2020 წელს შეიცვალეს.

მემარჯვენე ბანაკის ფერიცვალება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებისთვის საკმარისი არ იყო. NATO-ზე უარის უკუგდებას შვედური პოლიტიკის ორი მთავარი ინსტიტუტის – მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი უდიდებულესობა შვედი ამომრჩევლის თანხმობა სჭირდებოდა.

ფინეთის მსგავსად, საბოლოო გარდატეხა პუტინის დანაშაულებრივმა და სასტიკმა თავქარიანობამ მოიტანა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, შვედები NATO-ში შესვლის წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ, ვითარება ამოყირავდა – 2022 წლის აპრილში, უკვე შვედების 57% ემხრობოდა წევრობას, ხოლო წინააღმდეგი 22% იყო.

ამას დაემატა ცნობა ჰელსინკიდან, რომლის თანახმადაც, ფინეთში ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში წევრობის განაცხადის შეტანაზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული იყო. სხვა რომ არაფერი, შეიძლებოდა, შვედეთისთვის მარტო ეს ყოფილიყო გადამწყვეტი ფაქტორი – შვედეთში სრული კონსენსუსი შედგა იმაზე, რომ ფინეთთან მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო კავშირების გამო, გაუმართლებელი იქნებოდა NATO-ს გარეთ დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი შევიდოდა.

სოციალ-დემოკრატებს ისღა დარჩენოდათ, თავადვე შეეცვალათ ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, რომელსაც შვედეთში ათწლეულების განმავლობაში მათზე დიდი დამცველი არ ჰყავდა.

რას მოუტანენ NATO-ს ახალი წევრები?

გეოგრაფიით დავიწყოთ. მას შემდეგ, რაც შვედეთი ალიანსში შევა, ბალტიის ზღვა, როგორც უკვე ხუმრობენ, „NATO-ს ტბად“ იქცევა. აი, რატომ:

ფინეთს და შვედეთს ბალტიის ზღვაში უკვე ჰყავთ თანამედროვე ხომალდები, რომლებიც არქიპელაგის კონდიციებზეა გათვლილი, და აქვთ ძლიერი სანაპირო რაკეტების ბატარეები.



თავის მხრივ, შვედეთს ქმედითი წყალქვეშა ნავების ფლოტიც ჰყავთ, ფინელები კი NATO-ში შესვლისთანავე შეუთანხმდნენ ესტონელებს, რომ სანაპირო დაცვის სისტემებს გააერთიანებენ.

ამგვარად, NATO-ს სახელმწიფოები თავისუფლად შეძლებენ, საჭიროების შემთხვევაში, კალინინგრადი დანარჩენ რუსეთს მოწყვიტონ.

ორი ახალი წევრის მიღება NATO-ს ხმელეთზეც გააძლიერებს. შვედეთისგან განსხვავებით, ფინეთმა ცივი ომის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნა ძლიერი არმია. დღეს ფინური ჯარი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ქმედითია – 30 ათასიან მუდმივმოქმედ არმიას ზურგს უმაგრებს რეზერვი, რომელსაც 280 ათასიანი პერსონალის მობილიზება შეუძლია.

ამასთან, ფინეთს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო არტილერია აქვს, რომელიც მოიცავს სამხრეთ კორეულ, 155 მილიმეტრიან K9 ტიპის ჰაუბიცებს.

K9-ქარიშხალი: კორეული წარმოების თვითმავალი ჰაუბიცები

ფინეთის საჰაერო ძალები დანარჩენებთან შედარებით მოკრძალებულია, თუმცა ფინელები ამის გამოსწორებას არ აყოვნებენ – ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს მათ გამოაცხადეს, რომ აშშ-სგან 64 ცალ F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს იყიდიან.

ფინეთთან შედარებით, შვედური არმია მცირე რიცხოვნობისაა – ამჟამად 14 600 მუდმივმოქმედი ჯარისკაცისგან შედგება, რეზერვისტების რაოდენობა კი 10 ათას არ აღემატება, მაშინ, როცა ცივი ომის დრო,ს შვედურ რეზერვს 200 ათასი ჯარისკაცის მობილიზება შეეძლო.

F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები

ამის მიუხედავად, შვედურ ჯარს არაერთი პლუსი აქვს, იქნება ეს ლეოპარდის ტიპის ტანკები, პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ შვედური წარმოების CV90 ტიპის ჯავშანმანქანები. გამოსარჩევია შვედური დაზვერვაც, რომელსაც აშშ-სთან და სხვა დასავლელ პარტნიორებთან, დიდხნიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსული აგრესიის ფონზე, ორივე ქვეყანა გეგმავს თავდაცვაზე ხარჯების გაზრდას, რაც ფინეთსაც და შვედეთსაც დააახლოვებს NATO-ს 2%-იან სამიზნე მაჩვენებელთან. ფინეთი 2%-იან ნიშნულს F-35-ების შეძენითაც აღწევდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მთავრობამ გამოაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში თავდაცვის ხარჯების ამის გარეშეც გაზრდის.

შვედეთს 2%-იან ნიშნულამდე მეტი აშორებს, თუმცა მათ უკვე დაამტკიცეს თავდაცვის ბიუჯეტის 40%-იანი ზრდა 2025 წლამდე, რაც ბოლო 70 წელიწადში, ბიუჯეტის ყველაზე მკვეთრი მომატებაა. 2%-იანი მაჩვენებლისთვის მიღწევას კი შვედეთი 2028 წლისთვის გეგმავს.

ამასთან, შვედეთმა მიიღო კანონი, რომელიც 2025 წლისთვის მობილიზებული არმიის 90 ათას ჯარისკაცამდე გაფართოებას ისახავს მიზნად.

ახლა ჯერი თურქეთსა და უნგრეთზეა. საბოლოო ჯამში, NATO-ს გაფართოების შეჩერების საბაბით წამოწყებული ომის შედეგი პუტინისთვის NATO-ს გაფართოება აღმოჩნდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

წყარო: realpolitika.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა