თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტის შესახებ ფილმი გადაიღეს. მასში მოთხრობილია ფართო საზოგადოებისთვის უცნობი რამდენიმე ფაქტის შესახებ. „უცნობი ისტორიების“ დამდგმელი რეჟისორი და პროექტის ხელმძღვანელი თამარ ბელქანიაა.
1. როდესაც დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება გადაწყდა, თავდაპირველად ვერ შეთანხმდნენ, უნივერსიტეტი ჰუმანიტარული განხრის ყოფილიყო თუ ტექნიკურის. საბოლოოდ ჰუმანიტარული პროფილი აირჩიეს, რადგან ტექნიკური რომ აერჩიათ, ის ამიერკავკასიის მასშტაბის სასწავლებელი იქნებოდა და მოუწევდათ სწავლების ენად რუსული დაემტკიცებინათ.
2. უნივერსიტეტის შენობის ასაგებად შესაწირი არა მხოლოდ ქართველებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმაც გაიღეს. ფული გამოგზავნეს საინგილოდან და ლაზიკიდანაც… ზურმუხტის თვლები და 4 ათასი მანეთი შემოსწირა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა, ხოლო კოტე აბხაზმა – 500 მანეთი.
3. შენობის აგება პირველ ქართველ არქიტექტორს, სიმონ კლდიაშვილს, შეუკვეთეს. ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მანამდე მხოლოდ ეთნიკურად არაქართველი არქიტექტორები იყვნენ საქართველოში და ამის გამო ზოგი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ქართველები ამ პროექტს თავს ვერ გაართმევდნენ.
4. მშენებლობისას საძირკველში ერთი ბოთლი კახური ღვინო და იმდროინდელი პრესა ჩაატანეს.
5. წიგნები უნივერსიტეტში დროგებით მოჰქონდათ და გადმოტვირთვისას ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდნენ.
6.უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი ქალი იყო, მედეა ღამბაშიძე.
7. უნივერსიტეტი თავიდან კერძო სასწავლებლად დაარსდა.
8. უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად მიდიოდნენ ომში მოხალისეებად. 1921 წელს ივანე ჯავახიშვილმა თავადაც მოუწოდა სტუდენტებს ქვეყანა დაეცვათ.
9. ბოლშევიკური არმია თბილისში რომ შემოვიდა, ივანე ჯავახიშვილი სახლში იმყოფებოდა. უთხრეს, უნივერსიტეტის გასაღებს ითხოვენო. თავად მივუტანო, თქვა ჯავახიშვილმა და უნივერსიტეტში წავიდა. იქ მისულმა კარი გააღო, გასაღებით შიგნიდან ჩაკეტა და განაცხადა, ახლა ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე შემოვიდესო.
10. ლავრენტი ბერიამ ივანე ჯავახიშვილი დაიბარა და სთხოვა, მისი ცოლი, რომელსაც სკოლის ატესტატი არ ჰქონდა, უნივერსიტეტში მიეღო. ატესტატის გარეშე ვერ გამოვაო, უთხრა მეცნიერმა. „ბრძანება რომ იყოსო?“, – ჰკითხა ლავრენტი ბერიამ. „უნივერსიტეტში ბრძანებებს მე ვწერო“, – უპასუხა ჯავახიშვილმა.
ფოტოების ნაწილი ამოღებულია ფილმიდან „უცნობი ისტორიები“.
წყარო : radiotavisupleba.ge
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”