მთავარიეკონომიკაანაკლიის პროექტის დეფუნქციონალიზაცია? - ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების...

ანაკლიის პროექტის დეფუნქციონალიზაცია? – ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების სამუშაოები 30%-ით მცირდება

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს “ანაკლიის საღვაო ნავსადგურის” მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განახლებული გზშ დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს დამტკიცებულ პროექტთან შედარებით, პორტის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მოცულობა, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი და მისასვლელი არხის სიგრძე და სიღრმე შემცირდება.

უფრო დეტალურად, პორტის მისასვლელი არხის; მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხელის საერთო ფართობი 113.1 ჰექტარიდან 105 ჰექტარამდე მცირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს ეხება. სააგენტოსთან 2025 წელს შეთანხმებული პროექტი დაახლოებით 7.5 მილიონი კუბური მეტრი ფსკერული მასალის ამოღებას ითვალისწინებდა, ხოლო განახლებული პროექტით ეს მაჩვენებელი 5.25 მილიონ კუბურ მეტრამდე მცირდება რაც 30%-იანი შემცირებაა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ამოღებული მასალის სრული მოცულობა წყალქვეშა კანიონში განთავსდება და სახმელეთო ტერიტორიის ამაღლება აღარ იგეგმება.

მისასვლელი არხის სიგრძე 2 კილომეტრიდან 1.8 კილომეტრამდე მცირდება, ხოლო მისი გარანტირებული სიღრმე მინუს 20.31 მეტრიდან მინუს 18.0 მეტრამდე იცვლება. ამავე დროს, მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე -17.21 მეტრიდან -15.20 მეტრამდე მცირდება, ხოლო მისი რადიუსი 270 მეტრი პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

ანგარიშის მიხედვით, ტალღმტეხის სიგრძე, პირიქით, 6 მეტრით იზრდება და 1 376 მეტრს აღწევს, თუმცა ცვლილება მხოლოდ წყალქვეშა საყრდენ ნაწილს ეხება და კონსტრუქციის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტალღმტეხის წყალზედა ნაწილის პარამეტრები უცვლელი რჩება.

პროექტის ძირითადი პარამეტრები — ძველი და ახალი ვერსია

პარამეტრისააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი (2025)განახლებული პროექტი (2026)ცვლილება
ფსკერდაღრმავების მოცულობა7.5 მლნ მ³5.25 მლნ მ³-30.0%
საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი113.1 ჰა105.0 ჰა-7.2%
მისასვლელი არხის სიგრძე2 000 მ1 800 მ-10.0%
მისასვლელი არხის სიგანე230 მ230 მუცვლელი
მისასვლელი არხის გარანტირებული სიღრმე-20.31 მ-18.00 მ-11.3%
მოსაბრუნებელი აუზის რადიუსი270–271 მ270 მპრაქტიკულად უცვლელი
მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე-17.21 მ-15.20 მ-11.6%
ტალღმტეხის სიგრძე1 370 მ1 376 მ+0.4% (+6 მ)
ტალღმტეხის კონსტრუქციაქვანაყარი, X-ბლოკებითქვანაყარი, X-ბლოკებითუცვლელი
ტალღმტეხის თხემის ნიშნული+1.47 მ+1.47 მუცვლელი

ანგარიშში განმარტებულია, რომ პარამეტრების ცვლილება საპროექტო და საოპერაციო მაჩვენებლების, ასევე დაზუსტებული ჰიდროლოგიური, გეოლოგიური და ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე განხორციელდა. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, პირველი ფაზის ფარგლებში კვლავ გათვალისწინებულია 10,600 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურება.

საზღვაო პარამეტრების ცვლილებების პარალელურად, პროექტს ემატება რამდენიმე დროებითი დამხმარე ინფრასტრუქტურული ობიექტი. მათ შორისაა დროებითი ნავმისადგომის (Jetty) მოწყობა, სამშენებლო ტექნიკის სამრეცხაო, ბეტონის ქარხნისთვის მესამე სილოსისა და დამატებითი რეზერვუარების განთავსება, სახელოსნო, სახიფათო ნარჩენების დროებითი საცავი, ინერტული მასალების საწყობის გადახურვა და ნავთობპროდუქტების საცავში დამატებითი დიზელის რეზერვუარის მოწყობა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს საკუთარი შენიშვნების დაფიქსირება 18 აგვისტომდე შეუძლიათ.

2026 წლის პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს – კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.

ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

2024 წლის აგვისტოდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფსკერის დარღმავების და საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი მუშაობს. თავდაპირველი კონტრაქტი 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა როგორც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი ის 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა. როგორც ახლა ირკვევა, კონტრაქტის ღირებულების შემცირება დაკავშირებულია იმასთან, რომ კომპანია 7.5 მილიონი კუბური მეტრი მასალის ნაცვლად ფსკერიდან 5 მილიონ კუბურ მეტრ მასალას ამოიღებს, 2000 მეტრიდან 1800 მეტრამდე მცირდება არხის სიგრძე; ხოლო არხის გარანტირებული ფსკერის ნიშნული მინუს 20.31 მეტრიდან მინუს 18 მეტრამდე მცირდება.

შოთა ტყეშელაშვილი

წყარო: bm.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეოების განცხადება აგვისტოს ომზე – ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ!

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მხარს უჭერენ საქართველოს...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა