ალბათ, კითხვა თავიდანვე ასე, სრულიად შიშვლად უნდა დავსვათ: საერთოდ რა გესაქმება იმ ცივილიზებულ სამყაროში, სადაც თავისუფლება, ადამიანის ღირსება, კანონი და უსაფრთხოება უზენაესი კანონია, როცა შენს სახლში მონობას ეგუები?
შეხედე შენს თავს… და მითხარი, რა ჰქვია ერს, რომელიც სამარისებური მდუმარებითა და მორჩილებით იღებს უღელს? (მცირერიცხოვანი, ღირსეული მებრძოლების გარდა, რომლებიც შენს მაგივრად იბრძვიან ქუჩაში).
რა ჰქვია ხალხს, რომელიც ყოველდღიურად იტანს შეურაცხყოფასა და დამცირებას იმ ნაძირლებისგან, ვინც საკუთარ შვილებს მომავალს პარავს? მტრისა და ოკუპანტის მიერ დასმული იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელმაც შენი ნება გააყალბა, ევროპული მომავალი მოგპარა, ხოლო მათ, ვინც გაბედა და გაპროტესტება სცადა — ქუჩებში უსასტიკესად გაუსწორდა, აწამა და ციხეებში გამოკეტა?
როგორ უყურებ შენს შვილს თვალებში, როცა რეჟიმისთვის ოცდაათ ვერცხლად სამშობლოს გაყიდვა და ღალატი ჩვეულებრივ ნორმად იქცა, შენ კი დუმხარ?
დაფიქრდი: მხოლოდ ერთ წელიწადში მტრის პროპაგანდამ შეძლო და ევროპული მომავლის მხარდაჭერა 85%-იდან 71%-მდე ჩამოიყვანა… ეს ციფრი პოლიტიკა არ არის, ეს შენი სულიერი სიღარიბის განაჩენია! ეს არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორ გვაკლია სიმართლე, როგორ გვძინავს გაუნათლებლობაში და როგორ გვახრჩობს შემორჩენილი რუსული მენტალობა.
ცნობიერების რამხელა დეგრადაცია და დაცემაა საჭირო იმისათვის, რომ ემონებოდე მტრის სპეცსამსახურების ნომრიან აგენტებს? ან იმ ეშმაკებს, ანაფორასა და წვერს ამოფარებულნი, კრემლისტურ პროპაგანდას რომ გიტენიან თავში, ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევენ და ამით თავადვე ფეხქვეშ თელავენ ქრისტეს რწმენასა და სიყვარულს?
ჩახედე სარკეს და უპასუხე შენს თავს:
რა ჰქვია ამას, თუ არა მტრის „სასარგებლო იდიოტობა“?
რა ჰქვია ამას, თუ არა პირდაპირი ღალატი — საკუთარი სამშობლოსი, საკუთარი ოჯახისა და შენი შვილების მომავლის?
P.S. დუმილიც თანამონაწილეობაა. ახლა მაინც თქვი: ვინ ხარ შენ?










