მთავარისაზოგადოებაბოლო 2 წელში პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა 300-ზე მეტი რეპრესიული კანონი –...

ბოლო 2 წელში პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა 300-ზე მეტი რეპრესიული კანონი – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ბოლო 2 წელიწადში პარლამენტმა 300-ზე მეტი კანონი დაამტკიცა დაჩქარებული წესით. ჩვეულებრივ, დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში, კანონები ინიციირებიდან 2-3 დღის შუალედში მიიღება.

ორგანიზაციის შეფასებით, საკმარისი მსჯელობის და განხილვის გარეშე მიღებული კანონები ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს. საია-მ მოამზდა ანგარიში, რომელშიც დეტალურად მიმოიხილავს ამ პეროდში მიღებულ შემზღუდავ და რეპრესიულ კანონებს. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, საჯარო მოსამსახურეთა უფლებები.

“2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სისტემური წამების გამოყენების შემდგომ, რეპრესიული კანონშემოქმედება კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში რამდენიმე ტალღად განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული სანქციები, გაჩნდა ახალი, საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები.

შექმნილი საკანონმდებლო მოწესრიგება შეკრებების ფაქტობრივ კრიმინალიზებას იწვევს: საკანონმდებლო ჩარჩო, დღეის მდგომარეობით, ითვალისწინებს შეკრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების ვალდებულებას, რომელიც შინაარსით ნებართვის მიღების ვალდებულებას უტოლდება, იმის გათვალიწინებით, რომ შესაძლებლობას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეცვალოს შეკრების დრო, ადგილი, სვლაგეზი, ასევე, ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში, შსს უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება გახსნის ან/და ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ. გაფრთხილების წესის დარღვევა ან სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით. ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს (თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით).

მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი კანონმდებლობა: შეიზღუდა მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, გაჩნდა ბუნდოვანი ვალდებულებები მაუწყებლების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა. შემოღებულ იქნა თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა შეურაცხყოფის ამკრძალავი ნორმა, რომელიც თვითნებური გამოყენების და მსუსხავი ეფექტის შემქნის შესაძლებლობას იძლევა”, – წერია საია-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული კანონები პერსონიფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ამ კანონებს “მმართველი ელიტები, საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის ან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იღებენ”. საია-ს ანგარიში ამ ჭრილში აანალიზებს 20206 წლის 20 თებერვლამდე მიღებულ 27 კანონს, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების ტენდენცია მას შემდეგაც გაგრძელდა.

“2026 წლის მარტში მიღებულმა მოცულობითმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამკაცრა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობისთვის დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, გრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებით ახალი, ბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების შემოღებით და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის პოლიტიკური პარტიის წევრობის ფაქტობრივი აკრძალვის გზით.

გარდა შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებისა, რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს, მათ შორის, პოლიტიკურ პლურალიზმს, აკადემიურ დამოუკიდებლობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, ლგბტქი ადამიანთა უფლებებს, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

უფლებადამცველ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კანონშემოქმედების პროცესი დელიბერაციის, ღიაობის, ყველა მნიშვნელოვანი აქტორის ჩართულობითა და მათ მიერ აზრის გამოთქმის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს. კანონპროექტების განხილვას უნდა დაეთმოს საკმარისი დრო, რათა მის ადრესატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოხატონ პოზიცია. საია-ს შეფასებით, ანგარიშში განხილული კანონები და მათი მიღების პროცესი “ცხადყოფს, რომ საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება”

“რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნისა და ძალაუფლების განმტკიცების პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება, რითაც უხეშად ირღვევა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპები და ადამიანის ძირითადი უფლებები”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია-ს ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე:

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს "მკაფიოდ განუმარტეს, რა არის საჭირო ამერიკის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა