მთავარისაზოგადოებაციფრული ფრონტის ხაზი: ქვეყნის ციფრული სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ინტერნეტსივრცეში

ციფრული ფრონტის ხაზი: ქვეყნის ციფრული სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა ინტერნეტსივრცეში

დღევანდელ საინფორმაციო ეპოქაში სახელმწიფოებრივი გავლენა და რბილი ძალა (Soft Power) აღარ განისაზღვრება მხოლოდ ტრადიციული მედიასაშუალებებით. გლობალურ ციფრულ სივრცეში პირველი და ხშირად ერთადერთი წყარო, საიდანაც მილიონობით ადამიანი – საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატები, სტუდენტები თუ რიგითი მკითხველები – ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ტერმინოლოგიისა და პოლიტიკის შესახებ საბაზისო ინფორმაციას იღებს, არის ვიკიპედია. შესაბამისად, ის, თუ რა წერია (ან არ წერია) ამ პლატფორმაზე, პირდაპირ ახდენს გავლენას ქვეყნის იმიჯსა და ეროვნულ ნარატივზე.

სამწუხაროდ, სანამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვიკიპედიის სტრატეგიული მნიშვნელობა სახელმწიფოებრივ დონეზეა გააზრებული, ქართული ვიკიპედია უმძიმეს კრიზისს განიცდის. დროა, ღიად ვისაუბროთ არსებულ მდგომარეობაზე და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ციფრული სივრცის დასაცავად.

არსებული მდგომარეობა: ბიუროკრატიული ჩაკეტილობა და კადრების დეფიციტი

ქართული ვიკიპედია განიცდის თანამედროვე, სანდო ქართულენოვანი აკადემიური ონლაინ-წყაროების დეფიციტს. ამის გამო, ადმინისტრაციაში ზოგჯერ შემთხვევით მოხვედრილი, არაკომპეტენტური რედაქტორები უპირატესობას ხშირად უცხოური (ძირითადად ინგლისური ან რუსული) სტატიების პირდაპირ, მშრალ თარგმანს ანიჭებენ. ხოლო როდესაც მომხმარებელს დამოუკიდებელი, ლოკალური სამეცნიერო ნაშრომები შემოაქვს, სპეციალობაში ჩაუხედავი ზოგიერთი რედაქტორი მას განსაკუთრებული სიფრთხილით ხვდება და ხშირად არასწორ დასკვნებს აკეთებს. რასაკვირველია, ბევრი რედაქტორი კეთილსინდისიერად შრომობს და სწორედ მათი დამსახურებაა ის, რაც აქამდე გაკეთდა, თუმცა ეს რესურსი დღეს კატასტროფულად არასაკმარისია.

ქართული ვიკიპედიის მთავარი გამოწვევა არა სტატიების უბრალო რაოდენობა, არამედ კომპეტენტური ადამიანური რესურსის სიმცირე და ჩაკეტილი, გარკვეულწილად „კლანური“ სისტემაა. მაშინ, როდესაც გლობალურ პლატფორმებზე ნებისმიერი სადავო საკითხი კოლეგიური და მრავალმხრივი სამეცნიერო დისკუსიის საგანია, ქართულ სივრცეში ჩამოყალიბდა ე.წ. „ადმინისტრაციული მონოპოლია“.

აქტიური რედაქტორების სიმცირის გამო, ძალაუფლება კონცენტრირებულია რამდენიმე ადამიანის ხელში, რომლებიც ხშირად ყოველგვარი აკადემიური კომპეტენციის, დარგობრივი ცოდნისა და საჯარო განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად წყვეტენ, თუ რომელი ისტორიული ფაქტია „მართებული“. ეს ხისტი, სუბიექტური მიდგომა აფრთხობს პროფესიონალ ქართველ მეცნიერებს, ენათმეცნიერებსა და მკვლევრებს, რომელთა ნაშრომები და მრავალწლიანი ღვაწლი ხშირად ერთი ხელის მოსმით იშლება ბიუროკრატიული საბაბით. შედეგად, ქართული ვიკიპედია იცლება აკადემიური სიზუსტისგან და ემსგავსება უცხოური სტატიების ზედაპირულ ასლებს.

ამის საპირისპიროდ, მაგალითად, აზერბაიჯანული და სომხური ვიკიპედია მკვეთრად არის ფოკუსირებული ეროვნული ინტერესების, ისტორიისა და კულტურის გაშუქებაზე. ისინი აქცენტს აკეთებენ ადგილობრივ აკადემიურ, სამეცნიერო წყაროებსა და ეროვნული ნარატივის დაცვაზე.

რაოდენობრივი მაჩვენებლები და მასშტაბები

ქართული ვიკიპედია სტატიების რაოდენობით (დაახლოებით 175,000 სტატია) მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩვენს მეზობლებს, რომ არაფერი ვთქვათ ინგლისურ ვიკიპედიაზე (7 მილიონამდე სტატია). ყველაზე კრიტიკული მაჩვენებელი მაინც აქტიური რედაქტორების სიმცირეა – ქართულ სივრცეში სტაბილურად მხოლოდ 250–350 მომხმარებელი აქტიურობს, ხოლო მმართველი ადმინისტრატორების ბირთვი კიდევ უფრო ვიწროა.

ვიკიპედიაში არსებობს სპეციალური ფორმულა – სიღრმის ინდექსი (Depth), რომელიც ზომავს არა სტატიების უბრალო რაოდენობას, არამედ მათ ხარისხსა და მრავალმხრივობას. ქართულ ვიკიპედიაში სტატიების დიდი ნაწილი მოკლე (ესკიზის) სახისაა, ხოლო მათი ხშირი განახლება, გადამუშავება და განვრცობა ადამიანური რესურსის დეფიციტის გამო სათანადოდ ვერ ხერხდება.

სომხური გამოცდილება: როგორ აქცია მეზობელმა ქვეყანამ ვიკიპედია საყოველთაო საქმედ

ჩვენმა მეზობლებმა კარგად გააცნობიერეს, რომ ციფრული სივრცის მიტოვება საინფორმაციო ომში წაგების ტოლფასია. წლების წინ სომხეთში, განათლების სამინისტროსა და წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაიწყო მასშტაბური ეროვნული კამპანია დევიზით: „ერთი სომეხი – ერთი სტატია“.

ამ კამპანიამ მოიცვა სკოლები, უნივერსიტეტები, სამეცნიერო წრეები და დიასპორა. შედეგად, სომხურ ვიკიპედიაში ერთბაშად შევიდა ასობით ახალი, კომპეტენტური რედაქტორი. მათმა მასობრივმა ჩართულობამ სრულიად გაარღვია მანამდე არსებული შიდა ბიუროკრატიული მონოპოლია. დღეს სომხური ვიკიპედია სტატიების რაოდენობითა და ხარისხით საგრძნობლად უსწრებს ქართულს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გლობალურ დონეზე ეფექტურად წარმოაჩინონ თავიანთი ეროვნული და ისტორიული პოზიციები.

ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ: მანიფესტი ციფრული მობილიზაციისთვის

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქართული ენციკლოპედიური სივრცე რამდენიმე ადამიანის ამბიციებს ან არაკომპეტენტურობას გადავაყოლოთ. გამოსავალი ერთადერთია – ქართული აკადემიური და საგანმანათლებლო წრეების მასობრივი მობილიზაცია და სივრცის გაჯანსაღება. ამავდროულად, მკაცრად უნდა იქნეს დაცული თავად ვიკიპედიის შექმნის ფუნდამენტური პრინციპები – ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა.

საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც რამდენიმე ძირითად ნაბიჯს მოიცავს:

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობა: აუცილებელია, რომ პროცესს მიეცეს ინსტიტუციური მხარდაჭერა. სამინისტრომ, წამყვან აკადემიურ ინსტიტუტებთან (მაგალითად, ენათმეცნიერების ინსტიტუტთან და ა.შ.) თანამშრომლობით, უნდა შეიმუშაოს ერთიანი ციფრული სტრატეგია, რათა ვიკიპედიაში ქართული სამეცნიერო მიღწევებისა და აკადემიური ტერმინოლოგიის ასახვა საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილად იქცეს.
  2. აკადემიური ბირთვის შექმნა უნივერსიტეტებში: საქართველოს წამყვანმა უმაღლესმა სასწავლებლებმა – პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა – უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ვიკიპედიის დარგობრივი მიმართულებების (სამართალი, პოლიტიკის მეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, მედიცინა, ზუსტი მეცნიერებები) ხარისხსა და სამეცნიერო კონტროლზე.
  3. საუნივერსიტეტო პრაქტიკა სტუდენტებისთვის: სასურველია, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სემესტრულ დავალებად ან პრაქტიკად იქცეს სამეცნიერო სტატიების ენციკლოპედიური ადაპტაცია და მათი ვიკიპედიაში განთავსება, ლექტორების უშუალო კურატორობითა და შემოწმებით.
  4. ღია მანიფესტი და ტექნიკური მხარდაჭერა: ინტელექტუალურმა საზოგადოებამ უნდა შექმნას საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც ახალბედა რედაქტორებს დაეხმარებიან ტექნიკურ გამართვაში, რათა მათ მარტივად შეძლონ არსებული ხისტი ადმინისტრაციული ბარიერების გადალახვა.

ვიკიპედია არის პირველი და ხშირად მთავარი ფანჯარა, საიდანაც მსოფლიო (და თავად ჩვენი საზოგადოებაც) ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, მეცნიერებისა და ისტორიის შესახებ ინფორმაციას იღებს. ქართული ვიკიპედიის ხარისხობრივი გაუმჯობესება და მისი ჩაკეტილი წრიდან გამოყვანა მხოლოდ ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი და აკადემიური ჩართულობით არის შესაძლებელი, რასაც სომხეთის მაგალითიც ადასტურებს. პროექტის წარმატებისთვის მთავარია არა მხოლოდ „სტატიების რაოდენობის“ მექანიკური ზრდა, არამედ მასში მაღალი აკადემიური ხარისხის შეტანა.

ჰენრი კუპრაშვილი სტუ-ის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიური დოქტორი

საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა