ევროპარლამენტი სოციოლოგიური კვლევის, Eurobarometer-ის ახალ შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტი ევროკავშირის მოქალაქეების განწყობებს ასახავს და უსაფრთხოებას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების დონესა და ბლოკის პოლიტიკურ პრიორიტეტებს ეხება.

გამოკითხვის თანახმად, თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, ევროპელების 75% ევროკავშირს სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს. ამასთან, რესპონდენტთა 74% აცხადებს, რომ საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში წევრობას დადებითი სარგებელი მოაქვს.
უსაფრთხოება და გლობალური როლი
კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეები ბლოკის მხრიდან უსაფრთხოების ფუნქციის გაძლიერებას ითხოვენ:
- 68% მიიჩნევს, რომ გლობალური კრიზისებისა და საფრთხეებისგან მოქალაქეების დაცვის საქმეში ევროკავშირის როლი მომავალში უფრო უნდა გაიზარდოს;
- 73% მხარს უჭერს ბლოკისთვის დამატებითი ბერკეტებისა და საშუალებების მინიჭებას გლობალურ გამოწვევებთან საბრძოლველად.
რაც შეეხება უშუალო პრიორიტეტებს, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ყურადღება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე უნდა გაამახვილოს, ხოლო 35% მთავარ ამოცანად ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ასახელებს.
პესიმიზმი და ცხოვრების დონე
ბოლოდროინდელმა საერთაშორისო მოვლენებმა ევროპელების მოლოდინებზე უარყოფითი გავლენა იქონია. გამოკითხულთა 58% მსოფლიოს მომავალს პესიმისტურად აფასებს. ამასთან, რესპონდენტთა 44% თავის ამჟამინდელ განწყობას „გაურკვევლობად“ ახასიათებს.
ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებით მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 83% აცხადებს, რომ თავისი ცხოვრების მიმდინარე დონით კმაყოფილია, ხოლო 17% უკმაყოფილებას გამოთქვამს;
- მომავალ წლებში ცხოვრების პირობების გაუარესებას ელოდება გამოკითხულთა 29%, 50% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, ხოლო 18% გაუმჯობესების პროგნოზს აკეთებს.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ფუნქციონირებით კმაყოფილია გამოკითხულთა 59%.
ცნობისთვის, Eurobarometer-ის კვლევა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ჩატარდა. სააგენტო Verian-მა, პირისპირ და დისტანციური ინტერვიუების მეთოდოლოგიით, სულ 26 421 რესპონდენტი გამოკითხა.










