ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარიეს საინტერესოადაკარგული ქართული ქალაქი სახელად „ბაზარი“

დაკარგული ქართული ქალაქი სახელად „ბაზარი“

საქართველოს ისტორიულ ქალაქებს შორის ნაწილი დღემდე ინარჩუნებს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას, ზოგიერთმა დაკარგა უწინდელი სტატუსი, სოფლად იქცა, ზოგი კი საერთოდ გაქრა. ვანი, ურბნისი, სამშვილდე, დმანისი, ჟინვანი, ალი – სხვადასხვა ეპოქაში, დიდ და ღირსშესანიშნავ ქალაქებს წარმოადგენდა. ერთი ასეთი ქალაქი იყო XVII-XVIII საუკუნეების მრავალ ევროპულ რუკაზე განსაკუთრებულად აღნიშნული „ზაგემიც“, რომელსაც საქართველოში „ბაზარს“ უწოდებდნენ.

XIV საუკუნის მეორე ნახევარში, ილხანთა იმპერიის დაშლის შემდეგ, მონღოლური ბატონობისგან გათავისუფლებულ საქართველოს ჯერ შავი ჭირის ეპიდემია ეწვია, შემდეგ ბრძოლა მოუხდა შუა საუკუნეების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს შუააზიელ მხედართმთავართან და დამპყრობელთან, თემურ-ლენგთან. თემურთან ომით დასუსტებულ ქვეყანას თავს ესხმოდნენ მომთაბარე შავბატკნიანი და თეთრბატკნიანი თურქმანები. საქართველოს დაშლის ნიშნები ჯერ კიდევ XIII საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა, როდესაც საქართველოში დავით VI ნარინისა და დავით VII ულუს ორმეფობა იყო, სამცხესაათაბაგო კი უშუალოდ მონღოლთა ყაენის დაქვემდებარებაში შევიდა და „ხასინჯუდ“ იქცა. დროთა განმავლობაში ეს პრობლემა გაღრმავდა. მართალია, გიორგი V ბრწყინვალისა და მისი მემკვიდრეების დროს კონსოლიდაცია დროებით მოხერხდა, მაგრამ XV საუკუნეში კვლავ იჩინა თავი. 1490 წელს საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა იურიდიულად გაფორმდა.

ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის, XVI საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით დაწინაურდა კახეთის სამეფო. იმერეთისა და ქართლისგან განსხვავებით, კახეთი, მეფეების, ლევანისა და ალექსანდრე II-ის მეფობისას, შედარებით სტაბილური იყო. კახეთის მეფეები ახერხებდნენ, სეფიანთა ირანისა და ზოგჯერ ოსმალეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნის განვითარება გაეგრძელებინათ და იყენებდნენ დიპლომატიას ევროპასა და კავკასიასთან მოახლოებულ რუსეთის სამეფოსთან დასაკავშირებლად. მაღალგანვითარებულმა მეურნეობამ და საგარეო ვაჭრობის განვითარებამ ხელი შეუწყო კახეთის ქალაქების, თელავის, ყარაღაჯის, გრემისა და ბაზრის აყვავებას. ლევანის მეფობისას კახეთის ქალაქები მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას იწყებენ სპარსეთის ქალაქებთან. კახეთზე სპარსული გავლენის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სლვითა ყიზილბაშთა შინა კახთა ისწავლეს წესნი მათნი, სმა, ჭამა, განცხრომა და უშვერი კეკლუცობა, ტანთმოსა მათი. ამით დაუტევებდნენ მცირედ ზნეთა საქართველოსათა და შემოიღებდნენ სპარსთასა“.

ბაზარი იყო კახეთის მეფეების ერთ- -ერთი რეზიდენცია და სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი XVI-XVII საუკუნეებში, თუმცა ამ ადგილზე დასახლება ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გაჩნდა, XV საუკუნეში კი უკვე ქალაქს წარმოადგენდა. ეს სახელწოდება მხოლოდ უცხოენოვან, ისლამურ, რუსულ და ევროპულ წერილობით ძეგლებში გვხვდება სხვადასხვა ფორმით, საქართველოში კი მას ბაზარს უწოდებდნენ. აღმოსავლურ წყაროებში ზაგემი კახეთის მეფეების რეზიდენციაა და მოიხსენიება „საქართველოს სატახტო ქალაქად“ ან „საქართველოს სამეფო ქალაქად“. ოსმალი ისტორიკოსის, ისკანდერ მუნშის მიხედვით „ზაგემი სატახტო ადგილი და იმ სამეფო გვარის სამყოფელი არის“. ზოგჯერ ეს სახელწოდება მთელ კახეთზეა განზოგადებული. მაგალითად, XVII საუკუნის ოსმალი გეოგრაფი ქათიბ ჩელები ზაგემს მთელ კახეთს უწოდებს. იმავე პერიოდის გერმანელი მეცნიერი, გერმანიიდან გაგზავნილი ელჩობის მონაწილე ადამ ოლეარიუსი, რომელმაც რუსეთსა და სპარსეთში იმოგზაურა, ასევე „ზაგენის“ სახელით მოიხსენიებს კახეთს. ზოგჯერ, კახეთის მეფეებიც „ზაგემის მმართველად“ ან „ზაგემისა და გრემის მბრძანებლად“ არიან აღნიშნულები.

ზაგემის ქართული სახელწოდება, „ბაზარი“, პირდაპირ ხაზს უსვამს მის სავაჭრო ფუნქციას. აქ იმართებოდა დიდი ბაზრობები, სადაც იყიდებოდა სხვადასხვა, ადგილობრივი წარმოებისა თუ უცხოური, საქონელი. ეკონომიკურად კახეთი მჭიდროდ იყო დაკავშირებული შირვანთან, რომელიც დიდი რაოდენობით აბრეშუმს აწარმოებდა. აბრეშუმის წარმოებასა და ვაჭრობაში კახეთის ქალაქებიც, მათ შორის, ზაგემიც ჩართული იყო. კახეთში მეაბრეშუმეობა განსაკუთრებით განვითარდა XVI საუკუნეში. 1639 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ I რუს ელჩებთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ძველად კახეთს, გრემიდან ბაზრამდე, ათასი საპალნე აბრეშუმი შემოსდიოდა, საიდანაც იერუსალიმსა და წმინდა მთას ყოველ წელს ოცდაათ-ოცდაათ საპალნეს სწირავდნენ. კახეთიდან გადიოდა ასევე სხვა პროდუქტებიც, მათ შორის, ენდრო და ღვინო. უცხოეთიდან შემოდიოდა ფუფუნების საგნები, ძვირფასი სპარსული და დაღესტნური კერამიკა. ნაქალაქარზე აღმოჩენილია ათ სხვადასხვა ზარაფხანაში მოჭრილი მონეტები, მათ შორის, ევროპული დუკატებიც, რაც ქალაქის სავაჭრო მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ქართველების გარდა, ზაგემში ცხოვრობდნენ სომხებიც და ებრაელებიც. შესაბამისად, აქ ვაჭარ-ხელოსანთა ფენა მრავალრიცხოვანი და ძლიერი იყო. ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობდა არა მხოლოდ კავკასიის მასშტაბით, არამედ ჩრდილოეთით, რუსეთის მიმართულებითაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კახეთის მეფეებმა მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს რუსეთთან. ზაგემი რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. 1604 წელს ქართველები რუს ელჩებს ეუბნებოდნენ, რომ მტრებს სურდათ მათთვის ამ საუკეთესო ადგილის წართმევა, რადგან ის მათი კეთილდღეობის წყარო იყო, განსხვავებით გრემისგან, რომელიც ასევე დაწინაურებული ქალაქი გახლდათ, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ბაზარი უფრო წინ იდგა. მაგალითად, გრემში მყოფი რუსი ელჩები მეფეს სთხოვდნენ, უფლება მიეცა მათთვის, ქალაქ ბაზარში, სადაც „ბევრი ვაჭარი ხალხი“ იყო, საყიდლებზე წასულიყვნენ.

სპარსეთის რუკა, გიიომ დელილი, 1724

ქალაქ ზაგემში კახეთის მეფეების რეზიდენცია იყო, სადაც მეფე უცხოელ ელჩებს იღებდა. სახელმწიფო საქმეების მართვას, უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრებს, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს კახეთის მეფეები როგორც გრემში, ისე ზაგემში აწყობდნენ. ელჩობის მონაწილეები თავიანთ ანგარიშებში მიუთითებდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ ხან ერთ, ხან მეორე ქალაქში. ამის გამო ელჩები ზოგჯერ უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კახეთის მეფეები ფრთხილობდნენ და სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ელჩებს სხვადასხვა რეზიდენციაში იბარებდნენ, რათა ისინი ერთმანეთს არ შეხვედროდნენ.

ზაგემი კარგად განვითარებული ქალაქი იყო. აქ იდგა ქართული ეკლესია და ვარაუდობენ, რომ უნდა ყოფილიყო სომხური ტაძარიცა და სინაგოგაც. ასევე, რაბადის, იმავე გარეთუბნის სასახლე, სადაც აქ ჩამოსული უცხოელი ელჩები რჩებოდნენ, და სამეფო სასახლე. ქალაქს ჰქონდა დიდი ბაზარი, რომელიც მოიცავდა ქარვასლასა და სავაჭრო რიგს დუქნებით. ზაგემის დასაცავად საჭირო იქნებოდა ძლიერი ციხეც, რადგან ქალაქი გაშლილ ადგილზე იყო გაშენებული და მისი დაცვა სხვაგვარად ძნელი იქნებოდა.

1605 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს რუსეთის ელჩები უნდა მიეღო ზაგემში, როცა შაჰ აბას I-ისგან გამოგზავნილმა მისმა ვაჟმა, ირანში გაზრდილმა კონსტანტინე მირზამ, შაჰ აბას I-ის წაქეზებით, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, მამა და ძმა მოკლა და კახეთის სამეფო ტახტი დაიკავა. კახელებმა აჯანყება მოაწყვეს და იმავე წელს დაამხეს კონსტანტინე. კახეთის ტახტზე შაჰ აბას I-მა თეიმურაზ I დაამტკიცა. 

კახეთისთვის და ზოგადად რეგიონისთვის ზაგემის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს აქ ზარაფხანის არსებობა, რომელშიც XVI საუკუნესა და XVII საუკუნის პირველ ნახევარში სეფიანთა შაჰების მონეტები იჭრებოდა. ზაგემში ზარაფხანის არსებობა დადასტურდა 1967 წელს კახეთში, ბირკიანში აღმოჩენილი მონეტებით, რომლებზეც მითითებული იყო ზაგემის ზარაფხანა. შემდგომში, 1555-1650 წლებში, ზაგემში მოჭრილი გაცილებით მეტი მონეტა აღმოჩნდა. ჩანს, ზაგემის ზარაფხანა საკმაოდ სტაბილურად ჭრიდა ფულს, რომელიც არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში იყო მიმოქცევაში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს, თავის მხრივ, ზაგემის აქტიურ სავაჭრო კონტაქტებზეც მეტყველებს. 

ეს აყვავებული ქალაქი დიდი საფრთხის ქვეშ დადგა ირანის შაჰ აბასის ლაშქრობებისას კახეთის სამეფოში. ისტორიული წყაროების მიხედვით, შაჰის ლაშქრობებისას 1614- 1617 წლებში, თელავის გარდა, განადგურებას ვერც ერთი ქალაქი ვერ გადაურჩა, განსაკუთრებით კი დაზარალდა გრემი და ზაგემი – კახეთის ორი, ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი, მდიდარი ქალაქი. აღარ იმართებოდა ბაზრობები, შეწყდა სავაჭრო ურთიერთობები.

ოსმალი ისტორიკოსის, ისკანდერ მუნშის მიხედვით, ყიზილბაშებმა 1616 წელს ზაგემი მიწასთან გაასწორეს და აქ სიცოცხლის ნიშანწყალი არ დატოვეს. რეალურად, ასეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრის მიტოვება მაშინვე არ მომხდარა – XVII საუკუნის 30-40- იან წლებში ზაგემი კვლავ გამოცოცხლდა. XVII საუკუნის ოსმალი მემატიანე მუსტაფა ნაიმა, რომელიც წერს ქალაქ ზაგემის აღდგენაზე თეიმურაზ I-ის მიერ, მას „ზაგემის მეფედ“ მოიხსენიებს. ამ შემთხვევაში, ზაგემი აღნიშნავს მთლიანად კახეთსაც. 1640-იან წლებში ზაგემში ისევ ფუნქციონირებს ზარაფხანაც, რაზეც მიუთითებს ამ პერიოდში მოჭრილი მონეტები, ირანის შაჰ სეფის სახელით. კახეთის სამეფოს შემადგენლობაში ქალაქი, სულ მცირე, 1660-იანი წლების ბოლომდე იყო. ამის შემდეგ კი სეფიანთა ერთ-ერთ დასაყრდენად იქცა რეგიონში, რაზეც მიუთითებს მისი კვლავინდებურად მოხსენიება XVIII საუკუნის დასაწყისის სპარსულ ტექსტებში. სეფიანთა დინასტიის დაცემის შემდეგ კი ზაგემი აღარც ისტორიულ წყაროებში ჩანს. ქალაქის დაკნინებისდა მიუხედავად, ის მაინც აღნიშნულია XVII საუკუნის ვენეციურ რუკაზე (Zagan), გიიომ დელილის 1724 წელს გამოცემულ სპარსეთისა და კავკასიის რუკებზე (Zaghen), პიტერ ვან დერ აას რუკაზე „თურქეთი აზიაში“ (Zagain) და სხვა. ქართული წყაროებიდან ბაზარს (სავარაუდოდ, ზაგემზეა საუბარი) ბოლოს იოანე ბაგრატიონის გეოგრაფიაში ვაწყდებით, სადაც ის უკვე სოფლადაა მოხსენიებული.

დროთა განმავლობაში დასახლება სრულად დაიცალა და პოლიტიკური რუკიდან გაქრა. ისტორიული ზაგემი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე საინგილოში, სოფელ ალიაბადიდან 8 კილომეტრშია ლოკალიზებული. ერთ დროს აყვავებული ქალაქიდან, ფაქტობრივად, აღარაფერია შემორჩენილი. ის ისტორიის კუთვნილება გახდა.

ავტორი: ნიკა ხოფერია

წყარო: forbes.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა