ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებადიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, ბრიტანელი სამხედროები...

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს

🇬🇧🇺🇦 დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსრულება.

👇 The Telegraph-ის სტატია:

“The Telegraph-ისთვის ექსკლუზიურ სტატიაში, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო ადვილად მისაღები და კარგად ესმის, რა რისკებს შეიცავს ბრიტანელი სამხედროების “საფრთხის ზონაში” გაგზავნა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრამერი საჯაროდ აცხადებს, რომ განიხილავს ბრიტანული სამშვიდობო ძალების გაგზავნას უკრაინაში. განცხადება პარიზში დაგეგმილი შეხვედრის წინ გაკეთდა, სადაც ევროპელი ლიდერები ომის დასრულების გზებზე იმსჯელებენ.

ევროპული სამიტი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოიწვია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ლიდერები არ მიუწვევიათ ამერიკასა და რუსეთს შორის გამართული უკრაინის შესახებ ადრეული მოლაპარაკებების დროს. ამასთან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა მიანიშნეს, რომ აშშ ევროპას უსაფრთხოების მხარდაჭერას შეუმცირებს.

სტრამერის განცხადება აძლიერებს ზეწოლას მოკავშირეებზე – განსაკუთრებით გერმანიაზე, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების გაგზავნის იდეას. პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთს შეუძლია “უნიკალური როლის” შესრულება ევროპასა და აშშ-ს შორის შუამავლად უკრაინის სამშვიდობო პროცესში.

რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს საუდის არაბეთში შეხვდებიან, რათა სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ.

უკრაინა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც კირ სტრამერმა გააკრიტიკა და გაავლო პარალელი ავღანეთიდან ქაოტური გასვლის მოლაპარაკებებთან, სადაც აშშ-მ ავღანეთის მთავრობა პროცესიდან გამოთიშა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ევროპული სამშვიდობო ძალების როლი უკრაინაში. The Telegraph-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი წინადადება, რომელიც შეხვედრაზე განიხილება, ითვალისწინებს ევროპელი სამხედროების განლაგებას ფრონტის ხაზიდან მოშორებით, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმება დაადგენს.

ახალ საზღვარზე უკრაინელი სამხედროები იმოქმედებენ, ხოლო მათ უკან ევროპული ქვეყნების ჯარები განლაგდებიან.

თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, მზად იქნებიან თუ არა ევროპელი მოკავშირეები საკმარისი სამხედრო ძალის გასაგზავნად, რათა ასეთი სამშვიდობო მისია ეფექტური გახდეს. ზოგიერთი შეფასებით, ამისთვის შესაძლოა 100,000 ჯარისკაცი იყოს საჭირო.

The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პრემიერ-მინისტრმა დაწერა: “მომდევნო კრიტიკული დღეები განსაზღვრავს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების მომავალს. როგორც პარიზში ვიტყვი, მშვიდობა ძალიდან მომდინარეობს. მაგრამ საპირისპიროც მართალია – სისუსტეს ომამდე მივყავართ.

ეს არის მომენტი, როცა ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი – და ბრიტანეთი ამას გააკეთებს, რადგან ეს სწორია ჩვენი ღირებულებებისა და თავისუფლების დასაცავად და ფუნდამენტურია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.“

სტრამერი გეგმავს, პარიზში მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან განიხილოს. ორი ლიდერის შეხვედრა თვის ბოლომდეა დაგეგმილი.

ამასთან, საკითხს ართულებს გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად და რა მასშტაბით უნდა გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი მომდევნო წლებში.

The Telegraph-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ეწინააღმდეგება სამხედრო მეთაურების არასაჯარო მოწოდებებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი 2.5%-იან მაჩვენებელზე მეტად გაიზარდოს. ამჟამად, თავდაცვის დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3%-ს შეადგენს.

ამასთან, ბრიტანეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა კლებას განაგრძობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან ისაუბრა, რათა უზრუნველყოს, რომ ევროპელი ლიდერები მოლაპარაკებების პროცესის ცენტრში იყვნენ და “მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობა“ მიიღწეს.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი სერ ჯონ მეიჯორი კი ტრამპს პუტინთან “მჭიდრო ურთიერთობების“ დამყარებაში ადანაშაულებს. მან ასევე გააფრთხილა, რომ თუ რუსეთს უკრაინაში ძალის გამოყენებით დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების უფლება მიეცემა, ეს “დაბალი რანგის“ ავტორიტარ ლიდერებს კიდევ უფრო გაამხნევებს.”

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნებმა, ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 “ოცნების“ რეჟიმის მაღალჩინოსანი დაასანქცირა – ვინ მოხვდა სიაში

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა