ხუთშაბათი, ივლისი 18, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკასაქართველომ აჩვენოს მკაფიო ერთგულება EU-ს ფასეულობების მიმართ | რა წერია ევროპული საბჭოს...

საქართველომ აჩვენოს მკაფიო ერთგულება EU-ს ფასეულობების მიმართ | რა წერია ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტში

ევროკავშირის “გაფართოების დოკუმენტის” პროექტში საქართველოსთვის კონკრეტული პრიორიტეტებია განსაზღვრული.

კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, დეოლიგარქიზაცია, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა – ეს და სხვა პრიორიტეტებია ხაზგასმული ევროკავშირის ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში.

ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტს, 12 დეკემბერს, ჯერ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით ვიქტორ ორბანი ბლოკავს – თუ რატომ, დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აქ. უნგრეთის ლიდერთან შეთანხმების მისაღწევად და წინააღმდეგობის დასაძლევად ბრიუსელს ორი კვირა რჩება.

თავად დოკუმენტი, რომლის პროექტი რადიო თავისუფლებამ ნახა, შედგენილია ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციების საფუძველზე. პროექტში გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს 9 დათქმით, უკრაინასა და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს.

ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია – უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.

„[ევროკავშირის] გაფართოება წარმოადგენს გეოსტრატეგიულ წვლილს მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.

ეს არის მამოძრავებელი ძალა ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, ქვეყნებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად და ხელი უნდა შეუწყოს ღირებულებებს, რასაც კავშირი ეფუძნება.

რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ასევე აჩვენებს, რომ გაფართოება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს“, – წერია დოკუმენტში.

უკრაინისა და მოლდოვის თავებში ხაზგასმულია ამ ორი ქვეყნის პროგრესი რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

რა წერია საქართველოზე?

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.

დოკუმენტის თანახმად, საბჭო მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ.

საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება:

  • მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს,
  • ინსტიტუციურ მოწყობას,
  • აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ „ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფენ მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად“.

სამოქალაქო საზოგადოება, პოლარიზაციის დაძლევა

ტექსტის პროექტის მიხედვით, საბჭო შეახსენებს საქართველოს აღებულ ვალდებულებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას „გარანტირებულად ექნება თავისუფლად მუშაობისა და აქტიური, ინკლუზიური და გააზრებული ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში“.

„ეს უზრუნველყოფდა რეფორმირების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ – კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების მხრივ“, – წერია საბჭოს დასკვნების პროექტში.

ასევე მითითებულია, რომ „საბჭო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში – აჩვენოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი”.

დოკუმენტში გამოყოფილია ასევე გაფართოებისთვის ფუნდამენტური შემდეგი საკითხები:

  • საბჭო აღნიშნავს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვების და ეკონომიკური რეფორმების მხრივ;
  • საბჭო მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, აიღოს გაწევრიანების ვალდებულებები;
  • მხარს უჭერს ევროკავშირის ფუძემდებლურ საკანონმდებლო პრინციპებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მდგრად დონეს; ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაძლიერებული შესრულების საფუძველზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.
  • საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს – გააგრძელოს სავიზო ლიბერალიზაციის [უვიზო მიმოსვლის – რ.თ.] კრიტერიუმების შესრულება.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან თავსებადობა, ნეგატიური ტენდენციის შეცვლა

პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს „დეზინფორმაციასთან, უცხო ქვეყნების საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირის, მისი ფასეულობების წინააღმდეგ ჩარევასთან“ ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს „გადადგას გააზრებული ნაბიჯები“ ამ მიმართულებით.

საბჭო ხაზს უსვამს ძლიერ მოლოდინს, რომ საქართველო „არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და „შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისად“.

„ის [საბჭო] მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ. ეს იქნება ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნათელი ნიშანი ევროკავშირის წევრობისთვის” , – წერია ტექსტში.

გაფართოების შესახებ დოკუმენტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს „ევროკავშირთან კარგი თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდველი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის – რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ“.

სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, დეოლიგარქიზაცია

„საბჭო კვლავ აცხადებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვანი მოქმედება და მართლმსაჯულებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს“, – წერია „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტში.

  • „საბჭო ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და განსაკუთრებით – სასამართლო, საპროკურორო და მონეტარული ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა და უზრუნველყოფილ იქნას ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“.
  • „საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიების შედეგების განვითარების მნიშვნელობას და დეოლიგარქიზაციის ზომების მიღებას, სისტემური მიდგომით“.

წყარო: www.radiotavisupleba.ge
Copyright (c) 2010. RFE/RL, Inc. გადაბეჭდვის ნებართვა მიღებულია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისგან, 1201 Connecticut Ave., N.W. Washington DC 20036.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა წარადგინა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კონგრესის ვებსაიტზე. „ქალბატონმა შაჰინმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა